Belive

"თამაშამდე ვიცოდით, რომ პირველ ადგილზე ვიქნებოდით და ეს არ შეიცვლებოდა" - ვილი სანიოლი

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი გასვლაზე გიბრალტარის ნაკრებს დაუპირისპირდა და 1:2 დაამარცხა. 

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა C დივიზიონში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და 1/2 ფინალის მასპინძლობის უფლებაც მოიპოვა. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდის მომავალი მეტოქე ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ჩვენი პოტენციური მოწინააღმდეგები თურქეთი, საბრძენეთი და ყაზახეთი არიან. ერთა ლიგის 1/2 ფინალურ შეხვედრას საქართველო 2024 წლის მარტში გამართავს.

აღსანიშნავია, რომ ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებთან ერთად ზედიზედ მე-11 მატჩი არ წააგო, რაც რეკორდია. აქამდე საუკეთესო თემურ ქეცბაია იყო, რომელმაც ზედიზედ 10-ჯერ დატოვა მოედანი მარცხის გარეშე.

გიბრალტართან გამართული მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა. ხელოვნურ საფარზე ფაქტობრივად არავის უთამაშია წლის განმავლობაში. თამაშამდე ვიცოდით, რომ პირველ ადგილზე ვიქნებოდით და ეს არ შეიცვლებოდა. პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ. მეტოქეს შანსი არ ჰქონია. მეორე ნახევარში, როდესაც თამაშში გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ, სათადარიგოთა სკამიდან შესული მოთამაშეებისგან მეტის მოლოდინი მქონდა.გასულ მატჩებში მოედანზე 5-10 წუთით შესული მოთამაშეები პროფესიონალურად უდგებოდნენ საქმეს და ბოლომდე იხარჯებოდნენ რაც ჩვენი უპირატესობა იყო. დღეს კი, ასე არ ყოფილა. ფეხბურთელებმა უნდა გაიგონ, რომ მოედანზე თუნდაც რამდენიმე წუთით შესვლისას ბოლომდე უნდა დაიხარჯო, ასი პროცენტი უნდა გაიღო გუნდისთვის, პატივი უნდა სცე სტრატეგიას და დაიცვა დისციპლინა.  როგორც ვთქვი, ეს ტურნირის ბოლო მატჩი იყო, გვქონდა სირთულეები, თუმცა საბოლოო ჯამში, 16 ქულა გვაქვს, რაც საუკეთესო შედეგია დივიზიონში და ამით უნდა ვიამაყოთ. ყოველთვის ყველაფერი სწორად რომ გავაკეთოთ, სასწავლი არაფერი გვექნება. ამ მატჩმა დაგვანახა, რომ სასწავლი კიდევ ბევრი გვაქვს და ეს მომავალს ძალიან საინტერესოს ხდის.

გიორგი ლორიას მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვით. მუხლი გადაიბრუნა და სამედიცინო შემოწმებას უნდა დაველოდოთ. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. მან ძალიან კარგად ჩაატარა პირველი ტაიმი და ვიმედოვნებ, რომ ნოემბერში ჩვენს დახმარებას შეძლებს“.

წყარო: nakrebi.ge

სხვა სტატიები