Belive

თანაბარი ანაზღაურება ქალთა ნაკრებს | დანიის კაცთა ნაკრების არჩევანი

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დანიის ნაკრებმა, რომელიც ევრო 2024-ზე ასპარეზობს, ანაზღაურების ზრდაზე უარი განაცხადა. მიზეზი შემდეგია: ფეხბურთელების გადაწყვეტილებით, ხელფასის ნამატზე უარის თქმით, თანხა დანიის ქალთა ნაკრებში გადანაწილდება, რომლის ანაზღაურებაც კაცთა გუნდს გაუტოლდება.

დანიის საფეხბურთო ასოციაციასთან გაფორმებული ახალი, 4-წლიანი კონტრაქტის თანახმად, დანიის კაცთა და ქალთა ნაკრების ანაზღაურება თანაბარი იქნება.

"კაცთა გუნდის გადაწყვეტილებით, ახალ კონტრაქტში ანაზღაურების მატება გათვალისწინებული არ იქნება. საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესების ნაცვლად, ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს, რომ ქალთა ნაკრებს გვერდში ამოდგომოდნენ. ეს არის განსაკუთრებული ნაბიჯი, რომელიც ქალთა ფეხბურთის განვითარებას მოხმარდება", - განაცხადა დანიელი ფეხბურთელების კავშირის ხელმძღვანელმა, სალ ჰანსენმა.

გადაწყვეტილების მიღებამდე, დანიის ფეხბურთელთა კავშირსა და ეროვნული ნაკრებს წევრებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობდა.

"ჩვენი გეგმა მოლაპარაკების ჯგუფს გავაცანით, რომლის წევრებიც ანდრეას კრისტენსენი, ტომას დილეინი, კრისტიან ერიკსენი, პიერ-ემილ ჰოიბიერგი, სიმონ კიაერი და კასპერ შმეიხელი იყვნენ. ისინი სიხარულით დათანხმდნენ ინიციატივას. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი პასუხისმგებლობას გრძნობენ. მათი სურვილია, დანიის ყველა ნაკრებს უკეთესი შესაძლებლობა და პირობები ჰქონდეს", - დაამატა მან.

სხვა სტატიები