Belive

თამასა ავწიოთ, თამასა! - ანუ რა ხდება მომავალ თაობაში

1 წლის წინ ფეხბურთი
8 წთ
3 მაისს, 19:00 საათზე, დინამო არენაზე ბოლო წლების ქართული ფეხბურთის ორი ლიდერი ერთმანეთს დაუპირისპირდა. ორი დინამო, ერთი თბილისიდან, მეორე კი ბათუმიდან.

მატჩი



ყველაფერი შედარებითია და ბოლომდე ვერ ვიტყვით, რომ თბილისი ამ თამაშის მოლოდინში იყო, თუმცა გამოხმაურება და გარკვეული სახის სამზადისი ნამდვილად არსებობდა. მატჩზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა და შემდეგ მთავარ თემებს შევეხოთ (მატჩი რომ არ არის მთავარი თემა, ეს ცალკე ამბავია).

თამაში გარდამავალი ტაიმებით წარიმართა, ბათუმელებს თავიდანვე შეეტყოთ, რომ ქულაზეც თანახმა იყვნენ, მეორე ნომრად დაიწყეს თამაში. დინამო თბილისმა რამდენიმე მომენტი შექმნა, იყო ძელიც და იყო ხარიხაც, თუმცა გოლი არ გავიდა. პირველი ტაიმის ბოლოდან თამაშის დასრულებამდე ბათუმი დომინირებდა, კვარაცხელიასაც ჰქონდა მომენტები. იყოჩაღა თბილისელთა ესპანელმა მეკარემ, ანდრეს პრიეტომ, რომელმაც რიგ შემთხვევებში ქართული ფეხბურთისთვის ნანატრი აპლოდისმენტებიც კი დაიმსახურა, თუმცა ტაბლოზე მაინც უგოლო ფრე დაფიქსირდა. საბოლოო ჯამში, ტიპური ეროვნული ლიგის შეხვედრა იყო: დაბალი ტემპი, ფეხბურთელები უმეტესად იდგნენ, შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მხოლოდ ინდივიდუალიზმის ხარჯზე თუ შეაგდებდა გოლს რომელიმე გუნდი.


უფასო დასწრება



თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს მატჩი მაინც გამორჩეული იყო. დინამო არენაზე ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებულ მატჩში 20 000 გულშემატკივარზე მეტი როდის დაესწრო, ალბათ ცოტას თუ ემახსოვრება. მინიმუმ 2 ათწლეულის განმავლობაში მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა. ფეხბურთი კი გულშემატკივრების გარეშე რომ ერთი ჩვეულებრივი სპორტია, ამაში კორონავირუსის პერიოდმა დაგვარწმუნა ასე მიდიოდა დინამო არენაზე ჩვეულებრივი თამაშები დიდი ხნის განმავლობაში, თუმცა გუშინ მოლოდინი შეიქმნა რომ რაიმე განსაკუთრებული უნდა გვენახა, თუმცა...

შეჩვეულს ნუ გადააჩვევ, შეუჩვეველს ნუ შეაჩვევო. ჩვენი ბიჭები ალბათ მაინც შეუჩვევლები არიან და თავიანთ სტილში ითამაშეს. გავანებოთ თავი ბიჭებს და იმას ჩავუღრმავდეთ, თუ რამ შეკრიბა ეს პატივცემული საზოგადოება დინამო არენაზე და როგორ განვითარდა მოვლენები.

დავიწყოთ დინამო თბილისის იმ გადაწყვეტილებით, რომ ბავშვები ანუ 18 წლამდე სკოლის მოსწავლეები, მატჩს უფასოდ დაესწრებოდნენ. ჩემი აზრით, ეს არ იყო ფილოსოფიური გადაწყვეტილება და მხოლოდ გულშემატკივრების ხელოვნურ გაბევრებას მოიცავდა. ბავშვებს მოჰყვებოდნენ მშობლები და სტადიონზე მთავარი მეტოქის წინააღმდეგ უამრავი ადამიანი შეიკრიბებოდა. ბოლოს, როგორც ხდებოდა და ხდება-ხოლმე, კარები გაიღო და ყველა, ვისაც მატჩზე დასწრება სურდა, სტადიონზე აღმოჩნდა.

კი, კარგია ქველმოქმედება, მაგრამ მხოლოდ ერთ მატჩზე? - კარგით რა.

ასე არავინ შეიყვარებს კლუბს გულით, არავინ დაბრუნდება სტადიონზე, ამას სხვა სტილის მუშაობა სჭირდება -  შედეგებისკენ სწრაფვა, ხარისხი, მონდომება და სხვა უამრავი რამ. სადმე გინახავთ ოფიციალურ მატჩში ალიანც არენაზე, ოლდ ტრაფორდზე, სან სიროზე და ბერნაბეუზე ვინმე სასკოლო ბარათით შესულიყოს?! - არ გინახავთ და ვერც ვერასდროს ნახავთ, იმიტომ რომ ასე არ ხდება, ბავშვმაც, მოხუცმაც და ყველამ, უნდა გადაიხადოს ასეთი "მნიშვნელოვანი" მატჩის ცქერაში ფული. ეს არის თამასის დაწევა, რადგან შემდეგ, როცა მაყურებელს მოედანზე უმაღლესი დონის ფეხბურთს ვერ ახვედრებ, იმავე ბავშვს რომ ჰკითხავენ, რატომ არ დადიხარ ეროვნული ლიგის შეხვედრებზეო, პასუხი ძალიან მარტივი იქნება - უფასოდ ვიყავი ცენტრალურ მატჩზე და ახლა ამაში ფული რატომ გადავიხადოო. თქვენ წარმოიდგინეთ, მართალიც იქნება.

გთხოვთ მსგავსი რამ აღარ გაუკეთოთ მომავალ თაობას, მიაჩვიეთ პრაქტიკას, რომელიც მთელს მსოფლიოში დამკვიდრებული და აპრობირებულია, თორემ როგორც ყველაფერი, ესეც ბრუნვადია და ცუდად შემოგიტრიალდებათ (ამჟამად საუბარი დინამო თბილისზეა, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ქართულ კლუბსა და მოვლენას ეხება). უბრალოდ რომ ავიღოთ და ბილეთი 5 გაუფასურებული ლარი ყოფილიყო, ამდენი ადამიანის მაქსიმუმ ნახევარი იქნებოდა სტადიონზე. ამიტომ კიდევ ერთხელ, გთხოვთ ასე აღარ მოიქცეთ.

ხარისხი დააპრიორიტეტეთ და არა რაოდენობა. აწიეთ თამასა, აწიეთ!


გულშემატკივრები და ბავშვები



ამჯერად კი გულშემატკივრებს შევეხოთ. თამაშზე ვსხედვართ, წავედით მეგობრებიც, ვუყურებთ მატჩს და აი უბრალო საუბარში გენიალურ ფრაზებს რომ ისვრიან ხოლმე, მსგავსი ფრაზა მითხრა ჩემმა მეგობარმა მატჩის 85-ე წუთზე, "იცი რა შევამჩნიე, ფან-სექტორის გარდა ამდენ ხალხს "დინამო, დინამო" ერთხელაც რომ არ დაუძახია, დააფიქსირეო?" - რა თქმა უნდა, დავაფიქსირე და მეწყინა. ესე იგი, გულშემატკივრობის კულტურა და საკუთარი კლუბის შეგრძნება ახალგაზრდა თაობაში გამქრალია - იმედი მაქვს, რომ ბოლომდე არა, თუმცა ეს მაინც ცუდის ნიშანი იყო.

მივხვდი, რომ ეს ხალხი აქ მხოლოდ უფასო დასწრებისა და ხვიჩა კვარაცხელიას გამო იყო მოსული. არა ფეხბურთი, არა საკუთარი გუნდი, არა გულშემატკივრობა და რაც მთავარია, არა სიყვარული ამ შესანიშნავი სპორტის მიმართ. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, ხვიჩას გოლი რომ გაეტანა, დინამო არენაზე შეკრებილი გულშემატკივრების უმეტესობას ეს მოვლენა ბუნებრივად გაუხარდებოდა და არა იმიტომ, რომ ბათუმი უფრო მოსწონს ვინმეს. არა - მხოლოდ იმიტომ რომ დინამო თბილისის მიმართ ვერ გრძნობენ იმას, რაზეც ჩვენი უფროსი თაობა საუბრობს. და ეს გრძნობა ფეხბურთში მთავარია, ეს არის ის, რატომაც გვიყვარს ეს სპორტი და რაც გუშინ დინამოზე არ ტრიალებდა.

ამ ფაქტის კიდევ ერთხელ დასადასტურებლად კი ბავშვების მართლაც "ბავშვურ" საქციელს მოვიყვან (თან აქვე ვიდეოსაც შემოგთავაზებთ).


შეხვედრის დასრულების შემდეგ გულშემატკივრები მინდორზე შეიჭრნენ | VIDEO


შეხვედრა სამჯერ შეწყდა და სამივეჯერ მიზეზი ხვიჩა კვარაცხელიასთან გადაღებული "სელფები" გახდა. ძვირფასო ბავშვებო და არამარტო, არ შეიძლება თქვენს საყვარელ მოთამაშესთან სურათის გადაღება კანონის დარღვევით და სტადიონზე შევარდნით, ეს არ არის გზა იმისა, რომ ავტოგრაფი ან სურათი მოიპოვოთ. ბავშვებს ფეხბურთი და სტადიონზე მიმდინარე მოვლენები არ აინტერესებდათ და მხოლოდ ერთი რამით, სურათის გადაღების სურვილით იყვნენ შეპყრობილები. საბოლოოდ მოხდა ის რაც მოხდა, შეხვედრის დამთავრებისთანავე, ამ უსახური მატჩის შემდეგ, თითქოს ევროპის ჩემპიონატზე გავსულიყავით (ეჰ, ეგ არ გამახსენოთ), ათასობით ბავშვი და არამარტო ბავშვი, სტადიონზე შევარდა და ფეხბურთელებს დაესია, ხოლო როცა ფეხბურთელებმა სტადიონი დატოვეს, უბრალოდ გართობაზე გადავიდნენ, იღებდნენ სურათებს, ტიკტოკს და ა.შ. რა თქმა უნდა, კარგი სანახავია ბავშვები სტადიონზე, მაგრამ არა ასეთ დროს და ასეთი ფორმით.

იფიქრეთ ბავშვებო რა გინდათ ამ სპორტისგან, სელფი თუ სიამოვნება, აწიეთ თამასა, აწიეთ!


P.S.



ამას მხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ დინამო თბილისის გულშემატკივარი ვარ და ფაქტად მიმაჩნია, რომ ახალგაზრდა თაობაში კლუბისადმი დამოკიდებულების პრობლემები არსებობს. პრობლემა კი უნდა დაინახო, დაგეგმო მისი მოგვარების გზები და საბოლოოდ აღმოფხვრა. ვერ ეტყვით 2000 წელს დაბადებულ ბავშვს ჩემი გულშემატკივარი იმიტომ იყავი, რომ 1981 წელს თასების თასი მოვიგეთო.

თამასა უნდა ავწიოთ მეგობრებო ყველამ ერთად, თ ა მ ა ს ა!

 

სხვა სტატიები