Belive

სულშერმა დაადასტურა, რომ მანჩესტერ იუნაიტედი დორტმუნდის ვარსკვლავს აკვირდება

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა ნორვეგიულ გამოცემა VG-თან თანამემამულე ერლინგ ჰოლანდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჰოლანდის წარმატებულ კარიერას ყურადღებით აკვირდება. ასევე არ გამორიცხა, რომ "იუნაიტედმა" ახალგაზრდა შემტევის გადასაბირებლად იბრძოლოს. 20 წლის "დორტმუნდის" ნორვეგიელი ტალანტით ევროპის არაერთი წამყვანი კლუბია დაინტერესებული, რაც გასაკვირი ნამდვილად არაა, რადგან მას შემდეგ, რაც ჰოლანდი "ზალცბურგიდან" "დორტმუნდში" გადავიდა, შესანიშნავად ასპარეზობს და ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. ჰოლანდმა "დორტმუნდის" რიგებში სულ რაღაც 40 ჩატარებულ შეხვედრაში 38 გოლის გატანა შეძლო. სულშერი თანამემამულესთნ ერთად ნორვეგიულ კლუბ “მოლდეში” მუშაობდა. კითხვაზე, ხომ არ იქნებოდა ეს ხელშემწყობი ფაქტორი ჰოლანდის "იუნაიტედში" გადმოსაბირებლად, სულშერმა განაცხადა:
" ერლინგს ფანტასტიკური კარიერა ექნება, მას ყოველთვის ვაკვირდები, ამას ყოველთვის ვამბობდი. მასთან ერთად თითქმის 2 წელი ვიმუშავე. ჰოლანდს ნამდვილად ბრწყინვალე კარიერა ექნება როგორც საკლუბო დონეზე, ისე სანაკრებოზეც". " მას დაუჯერებლად წარმატებული პერიოდი აქვს "დორტმუნდში", ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს ყოველივე. როგორც ნორვეგიელი და როგორც ადამიანი, რომელიც მასთან ერთად მუშაობდა, ბედნიერი ვარ მისი შესანიშნავი ასპარეზობით". " ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უკეთესი გუნდი გავხდეთ. ასევე ჰოლანდიც ყველაფერს გააკეთებს, რომ უკეთესი ფეხბურთელი გახდეს. იმის შესახებ, თუ სად გააგრძელებს კარიერას, არაფრის თქმა არ მინდა. მე მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ, ხოლო თუ რა არჩევანს გააკეთებს, ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული".
ჰოლანდს "დორტმუნდთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, თუმცა კონტრაქტში გათვალისწინებულია პუნქტი, რომელიც ძალაში 2022 წლის ზაფხულში შედის და მისი მიხედვით ჰოლანდს გუნდის დატოვება 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება. გარდა "იუნაიტედისა", ნორვეგიელი შემტევით დაინტერესებულები არიან მადრიდის "რეალი", "ბარსელონა", "მანჩესტერ სიტი". ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 14 გოლის გატანა შეძლო.    

სხვა სტატიები