Belive

store.gafa.ge - სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ონლაინ ფანშოპი

2 წლის წინ ფეხბურთი
8 წთ
საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პროექტი "მოყვარულთა ლიგა" 2016 წლიდან ტარდება. ფეხბურთში რაც შეიძლება მეტი მოყვარულის ჩართვა, ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესის პოპულარიზაცია – სწორედ ეს წარმოადგენს “მოყვარულთა ლიგის” მთავარ მიზანს. პროექტი ("მოყვარულთა ლიგა") 2016 წლიდან ხორციელდება საქართველოს სამოყვარულო ფებურთის ასოციაციის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის თანაორგანიზებითა და დაფინანსებით. პროექტი სრულიად საქართველოს მოიცავს და ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტია ჩართული. დღეისათვის, "მოყვარულთა ლიგაში" 400-ზე მეტი სამოყვარულო საფეხბურთო კლუბი და დაახლოებით 15.000 მოყვარული ფეხბურთელი მონაწილეობს.



"მოყვარულთა ლიგა" – ქართული პროექტი რომელმაც 2018 წელს, UEFA-ს ჯილდო დაიმსახურა. ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ფეხბურთის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის, UEFA-მ მის წევრ ქვეყნებს შორის საქართველო გამოარჩია და ვერცხლის ჯილდო გადასცა. UEFA-ს აღიარება პროექტმა "მოყვარულთა ლიგამ" დაიმსახურა. საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია ონლაინ ფანშოპის გასახსნელად ემზადება, სადაც ორგანიზაციისა და მოყვარულთა ლიგის გუნდების ბრენდირებით, სხვადასხვა პროდუქცია გაიყიდება. Store.gafa.ge - მომხმარებელს სხვადასხვა კატეგორიებში, მისთვის სასურველი პროდუქციის არჩევის შესაძლებლობას აძლევს. კონკრეტული გუნდებისა და სასურველი დიზაინის ბრენდირების პარალელურად, ფანშოპი ორ იტალიურ ბრენდთან (GIVOVA და MACRON) თანამშრომლობს და გუნდებს სათამაშო ფორმების შეძენის შესაძლებლობას აძლევს. საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის მიმდინარე პროექტებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, Live.ge ორგანიზაციის პრეზიდენტ - ბერდია ჯიბლაძეს ესაუბრა. Live.ge-სთან საუბარში, საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდასა და ფეხბურთის მასობრიობაში "მოყვარულთა ლიგას" განსაკუთრებული წვლილი შეაქვს.

6


"ორგანიზაცია 2015 წლის სექტემბერში დაფუძნდა, თუმცა „მოყვარულთა ლიგა“, როგორც საქართველოს პირველი სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი 2016 წელს ჩატარდა". "2016 წელს დაახლოებით 5000 ფეხბურთელი და 230 სამოყვარულო გუნდი დარეგისტრირდა. საწყისი ეტაპიდანვე ყველა რეგიონია ჩართული და მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. გასაგები მიზეზებიდან გამომდინარე, 2020 წელს გარკვეული სირთულეები გვქონდა - კორონავირუსის პანდემიის გამო, მარტში დაგეგმილი სეზონი აგვისტოში დავიწყეთ და ძალიან შემჭიდროვებულ ფორმატში ჩავატარეთ. განსაკუთრებული ძალისხმევისა და რეგულაციების სრული დაცვის შედეგად, წელს ისევ შევძელით სრულსეზონიანი ტურნირის ჩატარება. წლევანდელი მონაცემებით 400-ზე მეტი გუნდი და 15000-მდე ფეხბურთელია რეგისტრირებული". "ფეხბურთის განვითარება, მასობრიობა, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია დამკვიდრება ესაა საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის მთავარი მიზანი. გვსურს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მივცეთ საშუალება, რომ ფეხბურთში სცადოს ბედი - ეს იქნება ახალგაზრდა, რომელსაც შესაძლებლობა არ აქვს რომ პროფესიონალური ფეხბურთი ითამაშოს, თუ ვეტერანი, რომელსაც უყვარს ფეხბურთი ან ადრე თამაშობდა. კარგი შესაძლებლობაა მწვრთნელებისათვის, რომელთაც პრაქტიკის მიღება სურთ, ასევე, ახალგაზრდა არბიტრებისათვის, რომელთაც მაქსიმალურად მხარდაჭერა სჭირდებათ კარიერის დასაწყებად". "გარდა იმისა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ვეწევით, სოციალური კუთხითაც უმნიშვნელოვანესია. მაგალითისთვის, რეგიონებში სამატჩო დღეები ფაქტიურად სადღესასწაულო მოვლენა ხდება - ეს ადამიანები ფეხბურთით ცხოვრობენ. სამწუხაროდ კორონავირუსის პანდემიის გამო ამ ეტაპზე მაყურებლები არ დაიშვებიან, მაგრამ როდესაც ამის შესაძლებლობა გვქონდა, რეგიონებში გამართულ მატჩებს ძალიან ბევრი გულშემატკივარი ესწრებოდა. შეიძლება ითქვას, რომ მოყვარულთა ლიგას მათ ცხოვრებაში გართობისა და სადღესასწაულო მოვლენის ეფექტი აქვს". "თბილისში ძალიან ბევრი სტადიონი დაგვემატა - ვაკის, გლდანისა და ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრები. მიმდინარეობს დიდ დიღომში და ნუცუბიძის პლატოზე სტადიონების მშენებლობა. "მოყვარულთა ლიგა" ამ ყველაფრის ერთ-ერთი წამახალისებელი ფაქტორია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამ ძალიან კარგ წამოწყებას ბევრი მიზანი აქვს, მათ შორის ბავშვთა ფეხბურთის განვითარება. თუმცა ამ მიზნებს შორის "მოყვარულთა ლიგას" ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უჭირავს. რეგიონებშიც აქტიურად მიმდინარეობს, სტადიონების რეაბილიტაციის პროცესი. რეაბილიტაციის პარალელურად აშენდა საფეხბურთო ცენტრები. ერთ-ერთი ასეთი თვალსაჩინო მაგალითია ფოთის საფეხბურთო ცენტრი სადაც "მოყვარულთა ლიგის" გასული სეზონის ფინალი ჩატარდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ახალი ინფრასტრუქტურის ბუმში მნიშვნელოვანი ადგილი მოყვარულთა ლიგასაც უჭირავს". "კლუბების განვითარების პროგრამა" - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივაა და ეს პროექტი ჩვენთან ერთად ხორციელდება. პროექტი უეფას დახმარებით ხორციელდება და გულისხმობს, რომ სამოყვარულო საფეხბურთო გუნდებს, რომლებიც რეგულარულად იღებენ მონაწილეობას მოყვარულთა ლიგაში ჰქონდეთ საშუალება რომ განვითარდნენ და ჰქონდეთ ფინანსური თვითმყოფადობა". "2019 წლის გამარჯვებულს მონაწილეობა უნდა მიეღო 2020 წლის უეფას რეგიონთა თასზე, რომელიც სამწუხაროდ პანდემიის გამო უეფამ გააუქმა. 2022 წელს რეგიონთა თასის ჩატარება იგეგმება და იმედია კვლავ არ გაუარესდება კოვიდთან დაკავშირებული სიტუაცია. არის გეგმა, რომ წლევანდელმა გამარჯვებულმა 2022 წლის უეფას რეგიონთა თასზე მონაწილეობა მიიღოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანადგომით აქტიურად მიმდინარეობს საორგანიზაციო სამუშაოები".
ბერდია ჯიბლაძე, ასევე, ოფიციალურ ონლაინ ფანშოპთან დაკავშირებით გვესაუბრა და აღნიშნა, რომ store.gafa.ge ისეთ ცნობილ იტალიურ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორიცაა GIVOVA და MACRON.


"2021 წელს გადავწყვიტეთ, რომ შევქმნათ საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ონლაინ მაღაზია, სადაც გავყიდით სხვადასხვა პროდუქციას, როგორც ჩვენი ორგანიზაციის, ასევე მოყვარულთა ლიგის გუნდების ბრენდირებით. მომხმარებელს ასევე ექნება სასურველი დიზაინი შექმნის შესაძლებლობა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის მხოლოდ მოყვარულთა ლიგისა და გუნდების ფანშოპი". "იდეა ჯერ კიდევ 2018 წელს გაჩნდა, როდესაც გუნდებისგან კონკრეტული უკუკავშირები მივიღეთ. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე გამოკითხვაც ჩავატარეთ. ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა - უამრავმა ადამიანმა დააფიქსირა პოზიცია, თუ რისი შეძენა სურდა ფანშოპზე და რა ფასის ფარგლებში. სამწუხაროდ 2021 წლამდე ფანშოპის იდეის განხორციელების ფინანსური და ადამიანური რესურსი არ არსებობდა". "პანდემიის პერიოდმა გვაჩვენა, რომ ელექტრონული კომერცია საგრძნობლად გააქტიურდა. ამ პერიოდში განსაკუთრებით პიკს მიაღწია და გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა ონლაინ მაღაზია (store.gafa.ge) სადაც მომხმარებელს სხვადასხვა კატეგორიებში, მისთვის სასურველი პროდუქციის არჩევის შესაძლებლობა აქვს. კონკრეტული გუნდებისა და სასურველი დიზაინის ბრენდირების პარალელურად, ვთანამშრომლობთ ორ იტალიურ ბრენდთან (GIVOVA და MACRON) და ამასთანავე ვთანამშრომლობთ ქართველ დილერებთან, რომლებიც ყიდიან პუმას ადიდასისა და ნაიკის ფეხსაცმელებს".
"შევქმენით ე.წ განვადების სისტემა, სადაც კონკრეტულ გუნდს სეზონის დასაწყისში 1-2 ფორმის სრული კომპექტი, ან სრული ეკიპირება შეუძლია შეიძინოს. ეს ფანშოპი არ არის მხოლოდ მოყვარულთა ლიგის გუნდებისათვის - ნებისმიერ გუნდს, რომელსაც უნდა, რომ ხარისხიანი ფორმები შეიძინოს და ერთბაშად არ აქვს საკმარისი თანხა, ან სპონსორი ეტაპობრივად აძლევს - საშუალება ეძლევა, რომ ეკიპირება განვადებით შეიძინოს". "სპორტის სფეროში მოქმედებს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ონლაინ მაღაზია. ასევე, არსებობს რაგბის კავშირის ოფიციალური ონლაინ მაღაზია. მესამე იქნება სთორ.გაფა.გე. ვფიქრობთ, რომ იმ ფონზე, როდესაც ელექტრონული კომერცია ძალიან აქტუალური ხდება და მომხმარებლისათვის შეთავაზებული პროდუქციის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე - შევძლებთ წარმატებული ფანშოპის შექმნას. დიდი იმედი გვაქვს, რომ სთორ. გაფა.გე-ს შემდეგ, 2022 წელს კიდევ არაერთ ახალ პროექტს განვახორციელებთ".

სხვა სტატიები