Belive

სრული შემადგენლობით და საბრძოლო განწყობით - თბილისის ლოკომოტივი გრანადაშია  (+ ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
23 სექტემბერი, ოთხშაბათი, თბილისის დროით 10:00 საათი. ეს ის დროა, როცა შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ესპანეთის მიმართულებით საქართველოს ავიახაზების ბოინგი დაიძრა. თვითმფრინავმა გეზი ესპანეთისკენ, საქართველოს დედაქალაქში წვიმის გამო შექმნილი რთული საფრენი პირობების მიუხედავად, დამაჯერებლად აიღო - ზუსტად ისე, როგორც მისმა მთავარმა სტუმარმა, თბილისის "ლოკომოტივმა". გუნდმა, რომელსაც ამ ლაინერის მსგავსად მარტივი გზა არ შეხვედრია, თუმცა თავისი გულშემატკივარი ღირსეული და წარმატებული გამოსვლით გაახარა. სწორედ ეს წარმატებული გამოსვლა და მასთან ერთად დიდი სულისკვეთება და საბრძოლო ჟინია იმის მიზეზი, რამაც ქართული გუნდის ფეხბურთელებს, სამწვრთნელო თუ სამედიცინო შტაბის წევრებს, კლუბის და ქართული ფეხბურთის მესვეურებს და სპორტულ მედიას თავი ერთ თვითმფრინავში მოუყარა, "მატარებლის მემანქანეები" პილოტებთან დააძმობილა და გეზი ანდალუსიისკენ, კერძოდ კი გრანადასკენ ააღებინა. მიზეზზე უკვე მოგახსენეთ, მიზანი კი რა თქმა უნდა საუკეთესო შესაძლებლობების ჩვენება, გამარჯვება და ევროპის ლიგის პლეი-ოფში გასვლაა. მეტოქე რთულია - ლა ლიგის მიმდინარე სეზონის ლიდერი "გრანადა" - მაგრამ არა დაუძლეველი, ეს სპორტიც ხომ სწორედ ამიტომაც გვიყვარს... თანაც, თბილისის "ლოკომოტივზე" ვსაუბრობთ, გუნდზე, რომელიც წინა ორივე რაუნდში აუტსაიდერად მიიჩნეოდა, თუმცა ჯერ რუმინეთის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის ბარიერი გადალახა, მერე კი ქართულ ფეხბურთს ისტორიული გამარჯვება აჩუქა და მოსკოვის "დინამოს" - 2:1 სძლია. ზუსტად ამ მიზნით გაერთიანებული ადამიანები ანდალუსიის სულად წოდებულ ქალაქში თბილისის დროით - 16:00, ხოლო გრანადის მაჩვენებლით - 14:00 საათზე ჩავფრინდით. ამინდი მშვენიერი დაგვხვდა - 24 გრადუსი და სამხრეთისთვის დამახასიათებელი სითბო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა. მეტოქისთვის მინიჭებული ფავორიტის სტატუსი ფეხბურთელებს არ აშინებთ, მათთვის ხომ ეს უკვე ჩვეული მოვლენაა, ამაზე კი საქმით როგორ უპასუხეს, კარგად მოგეხსენებათ. ფეხბურთელების განწყობა მოსაგებია, ისინი მეტოქისთვის არაფრის დათმობას აპირებენ. სასიხარულოა, რომ გუნდი ევროპის უკიდურეს სამხ. დასავლეთში დანაკლისის გარეშე, სრულფასოვანი შემადგენლობით გაემგზავრა, ფიზიკური მომზადება, განწყობა და ატმოსფერო კი დიდებულია. იხილეთ ვიდეო

  გუნდი უკვე სასტუმროსკენ მიემართება, სადაც დაისვენებს, მერე კი მატჩისწინა ვარჯიშს ჩაატარებს, იქამდე კი შევეცდებით, ყველა სიახლე ოპერატიულად მოგაწოდოთ.
სპეციალურად Live.ge-სთვის, ამირან შაიშმელაშვილი გრანადადან

ასევე იხილეთ: გუნდი, რომელიც ლა ლიგას ლიდერობს – ყველაფერი რაც გრანადას შესახებ უნდა ვიცოდეთ

სხვა სტატიები