Belive

სპალეტი: ,,შესაძლოა, ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები იყოს''

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, ,,ტორინოსთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ჩემთვის მნიშვნელოვანია ისეთი რამის შექმნა, რაც დამაკმაყოფილებს. ეს ჩემი მოთხოვნილებაა და უნდა ვიჩქარო, რადგან ბევრი დრო არ მაქვს. უნდა დავაფასო ყველაფერი, რაც გზაზე მხვდება, განსაკუთრებით ახლა. მზად ვარ, ,,ნაპოლისთვის'' ყველაფერი გავაკეთო.

ტურინში რთული შეხვედრა გველის. მათი დამოკიდებულება არ შეიცვლება - ტორინო შესანიშნავ სეზონს ატარებს და დაამტკიცებს, რომ ძლიერი მეტოქეა. ისინი ყოველთვის მზად არიან, რომ ზეწოლა გაგრძნობინონ. მოსწონთ, როცა უფლებას არ გაძლევენ, რომ სუფთად ითამაშოთ. იურიჩთან (ტორინოს მწვრთნელი) სულ რამდენიმეჯერ ვისაუბრე, მაგრამ, როცა ვსაუბრობთ, ჩვენ შორის დიდი პატივისცემაა.

თუ მიდიხარ და აკეთებ იმას, რასაც მიჩვეული ხარ, თავს უფრო კომფორტულად გრძნობ. ეს იმასაც ნიშნავს, რომ შენი თამაში წინასწარ წაკითხულია, მაგრამ, ასეთ დროს, ისეთი ფეხბურთელების კრეატიულობა, როგორიც პოლიტანო, ლოზანო, კვარა, ოსიმენი, ზელინსკი და ელმასი არიან, გადამწყვეტია. შესაძლოა, სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები იყოს. ყველა ფეხბურთელი ხელმისაწვდომია, როგორც ფიზიკურად, ასევე - მენტალურად.

ხანდახან საჭიროა, რომ კისერზე ძარღვები დაგეტყოს. კვარაცხელიას ,,ატალანტასთან'' გოლის დროს, ემოციისგან ძარღვები ეტყობოდა. როცა აქ ჩამოვიდა, ასე არ იყო, ახლა კი ასე უფრო მომწონს.

ჩვენთვის ჩვენი გულშემატკივრების დაბრუნება უმნიშვნელოვანესია - მათი მხარდაჭერა ფუნდამენტურია. ტრიბუნებზე მყოფ ქომაგებთან ერთად გუნდი თავს უფრო ძლიერად გრძნობს,'' - განაცხადა სპალეტიმ.

ხვალ, სერია A-ს 27-ე ტურში, ,,ტორინო'' ,,ნაპოლის'' უმასპინძლებს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

26 ტურის შემდეგ, სპალეტის გუნდს 68 ქულა აქვს და მეორეადგილოსან ,,ინტერს'' 18 ქულით უსწრებს. ,,ტორინო'' კი 37 ქულით მე-8 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები