Belive

სპალეტი: ,,მალდინის დონეზე არ მითამაშია, მაგრამ ფეხბურთში რამდენიმე წელია მეც ვარ''

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, ,,მილანთან'' წაგებული მატჩი შეაფასა:

,,მილანმა შესანიშნავად ითამაშა, მძლავრად დაიწყო და ისარგებლა ყველა იმ შანსით, რომელიც ჩვენ მივეცით, მათ სივრცეები ჭკვიანურად გამოიყენეს. ჩვენი თამაში ჩვეულ დონეზე დაბალი იყო, ჩემს ფეხბურთელებს კი ამის გამოსწორების სურვილი ჰქონდათ, რამაც მეტოქეს კიდევ უფრო მეტი სივრცე დაუტოვა.

მატიას ოლივერა და პიოტრ ზელინსკი პრობლემებით დაბრუნდნენ, ოსიმენმა კი ტრავმის გამო ვერ ითამაშა, ამიტომ ჩვენ ცოტათი არ გაგვიმართლა, თუმცა სანაკრებო პაუზის დროს ,,მილანის'' ფეხბურთელებმაც ითამაშეს.

ჩემპიონთა ლიგის მატჩები? ალბათ, ახლა სხვებიც დამეთანხმებიან იმაში, რომ ჩვენთვის იღბლიანი წილისყრა არ ყოფილა. ხალხი ისე იქცეოდა, თითქოს, ,,მილანი'' მარტივი მეტოქე იყო. ახლა ამას სხვებიც ისე შეხედავენ, როგორც მე.

ლეაოსთან და მალდინისთან შელაპარაკებაზე - არაფერი მომხდარა, უბრალოდ, ლობოტკას ყვითელ ბარათზე ვიკითხე. მსაჯი რაღაცას მიხსნიდა, როცა მალდინიმ ხელების შლა დაიწყო, თითქოს, მუდმივად ვჩივი... თუმცა, ისევე როგორც გასულ სეზონში, ახლაც სათადარიგოთა სკამზე ვისხედით და, პიოლისგან განსხვავებით, არაფერი გაგვიპროტესტებია. ბოლოს და ბოლოს ეს მალდინია. მის დონეზე არ მითამაშია, მაგრამ ფეხბურთში რამდენიმე წელია მეც ვარ,'' - განაცხადა სპალეტიმ.

იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში ,,ნაპოლიმ” ,,მილანს” უმასპინძლა და 0:4 დამარცხდა.

28 ტურის შემდეგ, ნეაპოლელები 71 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე არიან.

ლუჩიანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 7 აპრილს, ,,ლეჩესთან” სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები