სლოვაკეთში გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები ლუდის ჭიქების მოპარვაში დაადანაშაულეს
გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. გერმანელმა ფეხბურთელებმა საფრანგეთთან გამარჯვება გასახდელში აღნიშნეს, თუმცა სულ რამდენიმე წუთში ძალიან უცნაურ სიტუაციაში აღმოჩნდნენ.
როგორც Bild წერს, მაშინ, როცა ნაკრების ავტობუსი იმ ფეხბურთელებს ელოდებოდა, რომლებსაც დოპინგზე ამოწმებდნენ, ტურნირის სტაფის ერთ-ერთი წევრი ავტობუსში ყვირილით, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ავიდა და მისი შეჩერება არავის უცდია. სტადიონის თანამშრომელმა ავტობუსში ასვლის შემდეგ მობილური ამოიღო და სალონში ფოტოების გადაღება დაიწყო. აღნიშნულმა ფაქტმა გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის გაღიზიანება გამოიწვია.
Bild-მა გაარკვია, რომ მასპინძლები გერმანელ ფეხბურთელებს ლუდის ჭიქების მოპარვას აბრალებდნენ:
,,გერმანელმა ფეხბურთელებმა უბრალოდ ლუდის 15 ჭიქა მოიპარეს. ალბათ, ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი უფასოა, მაგრამ ასე არ არის. სწორედ ამიტომ შევარდა ჩემი ასისტენტი ავტობუსში. მას მტკიცებულებებისთვის ფოტოების გადაღება სურდა.'' - განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა
თავის მხრივ, შეკითხვებს ნაკრების პრესსპიკერმა, მარკუს ბეერმა უპასუხა და ბრალდება უარყო:
ყველაფერი სრულიად სხვაგვარად მოხდა. ქალბატონებმა, სავარაუდოდ მსაჯებისთვის, გასახდელში რამდენიმე ჭიქა შეიტანეს. მოგვიანებით იქ ცარიელი ჭიქები აღმოჩნდა და მოულოდნელად გაქრა. როგორც ჩანს, ვიღაცამ ისინი ნაგავში გადაყარა. მათ ეგონათ, რომ ჭიქები ჩვენმა ფეხბურთელებმა წამოიღეს, მაგრამ ასე არ არის.''
,,ჯერჯერობით უცნობია, იპოვეს თუ არა ჭიქები, რომელთა ღირებულება 3 ევროა (თითოს).'' - წერს Bild.