Belive

სლავა მეტრეველი | ქართული გოლი ევროპის ჩემპიონატის ფინალში

1 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ

ქართველ ფეხბურთელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში გოლი აქვს გატანილი. ქართველს და არა საბჭოთა კავშირის წარმომადგენელს. ეს ამბავი ან იცი და გეამაყება, ან პირველად ისმენ და გაოცებას იწვევს. ამ სტატიაში 1960 წლის ევროპის ჩემპიონატის ისტორიისა და სლავა მეტრეველის ფინალში გატანილი გოლის შესახებ მოგითხრობთ.

1960 წლის ევროპის ჩემპიონატი იყო ის პირველი საფეხბურთო ტურნირი, რომელმაც ევროპული სახელმწიფოები გააერთიანა. ტურნირს საფრანგეთმა უმასპინძლა და მისი გამარჯვებული საბჭოთა კავშირი გახდა, რომელმაც იუგოსლავია ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ისტორია

ევროპის ჩემპიონატის ჩატარების იდეა გასული საუკუნის პირველი ნახევრიდან ძალაში იყო (1927, ანრი დელონეს ინიციატივით), თუმცა მასზე უფრო მეტი პრიორიტეტი მსოფლიო ჩემპიონატის დაორგანიზებას მიენიჭა და იდეა დროებით თაროზე შემოდეს. პოლიტიკური პროცესებისა და მსოფლიო ომის შედეგად, მას ბევრი მტვერიც დაედო, თუმცა 50-იანი წლებიდან, ევროპული ქვეყნების ჩემპიონატის ჩატარება კვლავ აქტუალური გახდა.

1957 წლის UEFA-ს კონგრესზე, ტურნირის ჩატარებასთან დაკავშირებით განხილვა და წილისყრა გაიმართა. ინგლისმა, შოტლანდიამ, უელსმა, ჩრდილოეთ ირლანდიამ, იტალიამ, ნიდერლანდებმა და დასავლეთ გერმანიამ ტურნირის ჩატარებას მხარი არ დაუჭირეს, თუმცა მათი ხმები ინიციატივის ჩავარდნისთვის საკმარისი არ გამოდგა.

საკვალიფიკაციო ეტაპი

ტურნირის ფორმატი ასეთი გახლდათ: საკვალიფიკაციო ეტაპი 2-მატჩიანი, პლეი-ოფის სისტემით გაიმართა. იმ შემთხვევაში, თუკი 2 მატჩის განმავლობაში, გუნდები გამარჯვებულს ვერ გამოავლენდნენ, უნდა დანიშნულიყო მესამე, გადამწყვეტი მატჩი ნეიტრალურ სტადიონზე, რომელიც შემდეგ ეტაპზე გასულს გამოავლენდა - ასეთი რამ საჭირო არ გამხდარა.

საკვალიფიკაციო ეტაპს წინ სდევდა კიდევ ერთი, წინასწარი ეტაპი - ბრიტანული გუნდებისგან განსხვავებით, ტურნირზე მონაწილეობა სურდა ირლანდიას, რომელიც ჩეხოსლოვაკიამ, ორი მატჩის ჯამში, ანგარიშით 2:4 დაამარცხა.

1/8 ფინალი

გუნდი #1

ანგარიში 2 მატჩის ჯამში

გუნდი #2

საბჭოთა კავშირი

4:1

უნგრეთი

საფრანგეთი

8:2

საბერძნეთი

რუმინეთი

3:2

თურქეთი

ნორვეგია

2:6

ავსტრია

იუგოსლავია

3:1

ბულგარეთი

აღმ. გერმანია

2:5

პორტუგალია

პოლონეთი

2:7

ესპანეთი

დანია

3:7

ჩეხოსლოვაკია

საბოლოო მიზანი გახლდათ შემდეგი: ჩამოყალიბებულიყო 4-გუნდიანი ტურნირი, რომელიც საფრანგეთში ჩატარდებოდა.

1/4 ფინალი

გუნდი #1

ანგარიში 2 მატჩის ჯამში

გუნდი #2

საფრანგეთი

9:4

ავსტრია

პორტუგალია

3:6

იუგოსლავია

რუმინეთი

0:5

ჩეხოსლოვაკია

საბჭოთა კავშირი

არ ჩატარებულა

ესპანეთი

მეოთხედფინალური მატჩი ფრანკოს რეჟიმის ესპანეთსა და საბჭოთა კავშირს შორის არ გაიმართა, რადგან ესპანელებმა საბჭოთა კავშირში ჩასვლაზე უარი განაცხადეს. შედეგად, ესპანეთმა დისკვალიფიკაცია მიიღო, საბჭოთა კავშირი კი ფინალურ ეტაპზე გადავიდა.

ევრო 1960 და ქართველები

საბჭოთა კავშირის მთავარი მწვრთნელი გავრილ კაჩალინი გახლდათ, რომელმაც გუნდში 3 ქართველი იხმო: გივი ჩოხელი, სლავა მეტრეველი და მიხეილ მესხი, რომლებმაც ორივე მატჩში ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს.

ჩეხოსლოვაკიასთან მოგებულ ნახევარფინალში (0:3) ქართული გოლი ვერ ვიხილეთ, თუმცა ფინალში, მაშინ, როდესაც საფრანგეთი ანგარიშით 1:0 იგებდა, მეკარისგან უხერხულად მოგერიებული ბურთი სლავა მეტრეველს მიუვიდა და მანაც ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. მეტრეველის გოლს, დამატებით დროში, პონედელნიკის გოლიც მოჰყვა და საბჭოთა კავშირმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ისტორიული მომენტი - სლავა მეტრეველს ევროპის ჩემპიონატის ფინალში გოლი გააქვს

აღსანიშნავი ფაქტია, რომ ფინალში გატანილი გოლი მეტრეველს დაუფასდა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ 11-ეულშიც მოხვდა. მეტრეველის შესანიშნავ თამაშთან ერთად, ფრანგული პრესა მესხის ოსტატობასაც უსვამდა ხაზს.

მატჩის მიმოხილვა

სლავა მეტრეველი

მეტრეველი დრიბლინგის დიდოსტატი იყო. მის სათამაშო სტილს ასე ახასიათებენ: მოედნის ცენტრიდან მეტოქის საჯარიმოსკენ დრიბლინგით დაძრული, ბუმბულივით მსუბუქად მოძრავი სლავა მეტრეველი, რომელიც ბურთის ართმევაზე ორიენტირებულ მეტოქეებს წამის მეათედითა და რამდენიმე სანტიმეტრით ყოველთვის წინ ასწრებდა. გამოზომილი პასები და დარტყმები შორეულ კუთხეში, სისწრაფე, სოლო რეიდები და სიმშვიდე - ის, რაც მარჯვენა გარემარბისთვის ყველაზე საჭირო თვისებებია.

საერთო ჯამში, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მეტრეველმა 48 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. 1960 წლის ევროპის ჩემპიონატთან ერთად, მის მონაგარში 1962, 1966 და 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობაც შედის.