სკალონი: "ვიცით, რომ პირველი მატჩი მნიშვნელოვანია, თუმცა არა გადამწყვეტი"
10 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქმეში მოქმედი ჩემპიონები ერთვებიან! არგენტინის ნაკრები ტიტულის დაცვის გზას იწყებს და გამთენიის 05:00 საათზე ალჟირს დაუპირისპირდება.
მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე „ალბისელესტეს“ მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, გუნდში არსებულ განწყობასა და მესის ფაქტორზე ისაუბრა.
„კარგად ვართ და სიმშვიდეს ვინარჩუნებთ. საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ და ვიცით, რომ ტურნირს კარგ ფორმაში ვხვდებით. ჩვენ უკვე გვაქვს 2022 წლის გამოცდილება და ვიცით, რომ პირველი მატჩი მნიშვნელოვანია, თუმცა არა გადამწყვეტი.
ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გავაკეთოთ ის, რაც არგენტინის ნაკრებისთვის საუკეთესოა. ვინარჩუნებთ ზუსტად იმავე პასუხისმგებლობას, როგორც ყოველთვის და ვიცით, რომ არავისზე უკეთესები ან უარესები არ ვართ.
მსოფლიო ჩემპიონობა არაფრის გარანტიას არ გვაძლევს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ზუსტად იმავე სტილში და თავიდან დავამტკიცოთ ის, რასაც მივაღწიეთ.
ლეო მესი ყოველთვის ჩვენ გვერდით იყო და ჩვენთვის ფუნდამენტურ ფიგურას წარმოადგენდა. ახლა ის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება. ლეო ბრწყინვალე ფორმაშია - ხულიან ალვარესს კოჭის პრობლემა ჰქონდა, თუმცა რეაბილიტაციამ შედეგი გამოიღო და ისიც მზადყოფნაშია...
დრო გავა. არ ვიცი, მომავალში აქ ვიქნები თუ არა, მაგრამ არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ყოველთვის ეს ემოცია უნდა გადასცეს გუნდს. სხვანაირად შეუძლებელია, რადგან შენ შენს ქვეყანას წარმოადგენ.
ზუსტად ისევე ვგრძნობ თავს, როგორც პირველ ჯერზე, შესაძლოა უფრო მეტადაც კი, რადგან ყოველი გასული წლის შემდეგ უფრო ემოციური ვხდები, როცა ვხედავ, თუ რას ქმნის და რას წარმოადგენს ეს გუნდი. ეს ჩვენ ვართ, ეს ჩვენი იდენტობისა და კულტურის ნაწილია. და კარგია, რომ ეს ასე რჩება.“ - ლიონელ სკალონი
ლიონელ სკალონიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი მთავარი იარაღი ტაქტიკასთან ერთად, სწორედ ეს ემოციური ბალანსია. არგენტინა ტურნირს არა თავმომწონე ჩემპიონის, არამედ მშიერი და მოტივირებული მებრძოლის სტატუსით იწყებს, რომლისთვისაც წარსული ტიტულები მხოლოდ დამატებითი პასუხისმგებლობაა და არა გარანტირებული გამარჯვება.
არგენტინისა და ალჟირის მატჩი 17 ივნისს, თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.