Belive

სიტი, რეალი, პსჟ | რომელ გუნდში გადავა კეინი?

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ტოტენჰემის" ვარსკვლავმა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, კლუბის დატოვების სურვილი გამოთქვა. ჰარი კეინის საკუთარ რიგებში ხილვით, ევროპის არაერთი გრანდი დაინტერესდება, თუმცა რომელი ევროპული გრანდი შეძლებს ინგლისელი შემტევის გაფორმებას? გავრცელებული ინფორმაციით, კეინი "სპურსის" მესვეურებს უკვე შეხვდა და გუნდიდან წასვლის სურვილი დაუდასტურა. შეიძლება ითქვას, რომ კეინმა ჩრდილო ლონდონური გუნდის დასატოვებლად, არც ისე სახარბიელო მომენტი შეარჩია. კორონავირუსის პანდემიამ ევროპული გრანდების სატრანსფერო ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შეამცირა. სატრანსფერო ბაზარზე ერლინგ ჰოლანდის, კილიან მბაპესა და ლეო მესის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის გარემოება, რომ ჰარი კეინი აღარ არის ისეთი პრიორიტეტული, როგორიც ერთ დროს იყო. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროპულმა გრანდებმა 28-წლის კეინის სანაცვლოდ £120 მილიონის გადახდა ისურვონ. ედინსონ კავანის გაფორმების შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედი" ახალი თავდამსხმელის შეძენას არ გეგმავს. "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" პრიორიტეტად ჰოლანდს მიიჩნევენ. "რეალი" და "ბარსელონა" ფინანსურად არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებიან. "პარი სენ ჟერმენს" ნეიმარი და კილიან მბაპე ჰყავს - "ბაიერნი" კი რობერტ ლევანდოვსკის იმედზეა. ვითარების სიმძიმის მიუხედავად, თანამედროვე ფეხბურთში არაერთხელ გადავაწყდით მოვლენების ალოგიკურ განვითარებას. ვინ იცის ესპანური გრანდები რა აბსურდულ საიჯარო ხელშეკრულებებსა და რეფინანსირების სქემას მიმართავენ, რათა გახმაურებული ტრანსფერი განახორციელონ. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ჰოლანდის, მბაპესა და მესის ტრანსფერების ჩავარდნის შემთხვევაში, კეინი კვლავ მთავარი სატრანსფერო სამიზნე გახდება და მის გარშემო განვითარებული მოვლენები დიდ სატრანსფერო საგას დაემსგავსება. ბრიტანელი საფეხბურთო მიმომხილველები კეინისათვის საუკეთესო ვარიანტად "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "რეალს" მიიჩნევენ.

სხვა სტატიები