Belive

შალკე Vs. მანჩესტერ სიტი (პრევიუ)

5 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის ორი მატჩი გაიმართება. "შალკე" საკუთარ მოედანზე "მანჩესტერ სიტის" მიიღებს.

"შალკე": გერმანული გუნდი აღნიშნულ ეტაპზე 2014/15 წლების სეზონის შემდეგ პირველად გავიდა. "შალკე" მაშინ  "რეალს" დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში 4:5 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ გელზენკირხენურმა გუნდმა მერვედფინალში ჩატარებული ბოლო 5 დუელიდან პირველად 2008 წელს, "პორტუს" წინააღმდეგ გაიმარჯვა, მეორედ კი 2010/11 წლების სეზონში, "ვალენსიასთან" მოიგო. "შალკე" მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში "პორტუსთან", "გალასათარაისა" და "ლოკომოტივთან" ერთად მოხვდა. გერმანულმა გუნდმა 11 ქულა მოაგროვა და მხოლოდ "პორტუს" ჩამორჩა. რაც შეეხება ბუნდესლიგას, "შალკე" აქ არც თუ ისე დამაჯერებლად გამოიყურება.დომენიკო ტედესკოს გუნდმა ბოლო 8 მატჩში მხოლოდ 1 მოიგო, 3-ჯერ დამარცხდა და 4 ფრე ითამაშა. აქვე გეტყვით, რომ ბოლო შეხვედრა "შალკემ" "ფრაიბურგთან" გამართა, რომელიც უგოლოდ დასრულდა 0:0.

"სიტი": მანჩესტერული გუნდი მერვედფინალურ ეტაპზე 2013/14 წლების სეზონიდან თამაშობს და "შალკეს" მსგავსად, ბოლო 5 შემთხვევიდან მხოლოდ 2-ჯერ მოიგო. ქალაქელებმა გერმანული გუნდების წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ მოახერხეს გამარჯვება, ერთხელ დამარცხდნენ და ერთხელაც ფრე ითამაშეს. "სიტიმ" ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო შედეგი 2014/15 წლების სეზონში დააფიქსირა, როდესაც გუნდი ნახევარფინალში გავიდა. მანჩესტერელები F ჯგუფში "ლიონთან", "შახტარსა" და "ჰოფენჰაიმთან" ერთად მოხვდნენ, სადაც 13 ქულა დააგროვეს და შემდეგ ეტაპზე პირველი ადგილით გავიდნენ. რაც შეეხება პრემიერ ლიგას, ინგლისის ჩემპიონატში "სიტი" პრაქტიკულად აღარ აგებს. პეპ გვარდიოლას გაწვრთნილმა ბიჭებმა ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ წააგეს, სატურნირო ცხრილში კი 65 ქულა მოაგროვეს და გათამაშებას "ლივერპულთან" ერთად ლიდერობენ. ბოლო შეხვედრა "სიტიმ" Fa Cup-ზე, "ნიუპორტთან" გამართა და მარტივად გაიმარჯვა - 4:1.

ურთიერთშეხვედრები: "შალკე" და "სიტი" ერთმანეთს აქამდე მხოლოდ ერთხელ დაუპირისპირდა. 2008 წელს, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებული მატჩი "სიტიმ" მოიგო - 2:0.

მწვრთნელების მატჩისწინა განცხადებები: პეპ გვარდიოლა (სიტი): "ჩემპიონთა ლიგა საოცარი ტურნირია, სადაც ძალიან კარგი გუნდები თამაშობენ. აქ საჭიროა, რომ ემოციები გააკონტროლო და განიცადო თითოეული მომენტი. ჩვენ ძალიან თავდაჯერებულები ვართ და თავში ბევრი ოცნება გვიტრიალებს." დომენიკო ტედესკო (შალკე): "ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ თამაშზე მაგარი არაფერია. ჩვენ კარგად მოვემზადეთ და შეგვიძლია, რომ ამ დონის მატჩში ვითამაშოთ. რა თქმა უნდა, ფავორიტები არ ვართ, "სიტი" უძლიერესი გუნდია და ჩვენც მათსავიც ძლიერები უნდა ვიყოთ. "შალკეს" ფეხბურთელებისა და ფანების 100%-ით მჯერა. "სიტი" ძალიან დალაგებული გუნდია. ინგლისელთა თითოეულმა ფეხბურთელმა იცის, თუ რისთვის არის გასული მოედანზე."

დანაკლისი: "სიტი":  კლაუდიო ბრავო, ჯონ სტოუნსი, გაბრიელ ჟესუსი. (ყველა ტრავმა) საეჭვოა: ვინსენტ კომპანი, ბენჟამინ მენდი. "შალკე": ალესანდრო შიოფი, (ტრავმა) ბრეელ ემბოლო, (ტრავმა) ომარ მასკარელი. (დისკვალიფიკაცია)

სავარაუდო შემადგენლობები:

"სიტი": ედერსონი, უოლკერი, ოტამენდი, ლაპორტე, დანილო, დე ბრუინი, ფერნანდინიო, ბერნანდო სილვა, სტერლინგი, აგუერო, სანე. "შალკე": ფერმანი, კალიჯური, სანე, ნასტასიჩი, ოშჩიპკა, მაკკინი, ბენტალები, მატონდო, მარკ უტი, კონოპლიანკა, ბურგსტალერი. დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით, 23:59 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები