Belive

სეზონის მთავარი მატჩის პრევიუ: დინამო ბათუმი - დინამო თბილისი

2 წლის წინ ფეხბურთი
10 წთ

დინამო ბათუმი - დინამო თბილისი

დრო: 20 ოქტომბერი, 18:30 საათი სტადიონი: ბათუმი არენა (ბათუმი, საქართველო) მთავარი მსაჯი: ჰიუსეინ გოჩეკი (თურქეთი) საქართველოს ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის ერთ-ერთი მთავარი და გადამწყვეტი შეხვედრა, -ე ტურში, ბათუმში, ახალაშენებულ "ბათუმი არენაზე" უნდა გაიმართოს და მასში "დინამო ბათუმმა" "დინამო თბილისს" უნდა უმასპინძლოს. ბოლო წლებში, ქვეყნის ჩემპიონატის ორი მთავარი გუნდი ერთმანეთს სეზონში მეოთხედ უნდა შეხვდნენ და ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, საჩემპიონო რბოლაში ბევრი რამ უნდა გაარკვიონ.

სატურნირო მდგომარეობა

ბოლო სამი სეზონის საქართველოს ორი საუკეთესო გუნდი, მიმდინარე გათამაშებაშიც, ტურნირის სტარტიდანვე ლიდერობს და ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსს ფაქტობრივად არცერთ სხვა მეტოქეს აძლევს. "დინამო ბათუმმა" 29 ტურის შემდეგ 63 ქულა დააგროვა, რა მაჩვენებლითაც პირველ პოზიციას მყარად იკავებს და უახლოეს მდევარ "დინამო თბილისს" 7 ქულით უსწრებს. აჭარლებმა 29 მატჩში ყველაზე მეტი - 61 გოლი გაიტანეს და ყველაზე ცოტა - 23 გაუშვეს, შესაბამისად, გატანილ/გაშვებული გოლების ბალანსიც ბათუმელებს ჩემპიონატში საუკეთესო აქვთ +38. რაც შეეხება თანამოსახელე თბილისურ კლუბს, მათი მონაგარი 56 ქულაა და როგორც უკვე გითხარით, გამოკვეთილ ლიდერთან ჩამორჩენა - 7. დედაქალაქელებმა ამ სეზონში მეტოქეთა კარის აღება 48-ჯერ მოახერხეს, რაც მომავალი მეტოქის და თბილისის "ლოკომოტივის" (49) შემდეგ, მესამე შედეგია, ხოლო საკუთარ კარში 24 მიიღეს. ამ კუთხით კახაბერ ცხადაძის გაწვრთნილი გუნდი მხოლოდ "დინამო ბათუმს" ჩამორჩება. ბურთების შეფარდება "დინამოს" +24 აქვს და ამ მაჩვენებლითაც, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.

სათამაშო ფორმა

  • ბათუმელები შესანიშნავ ფორმაში არიან. მათ მარცხის გემო დიდი ხანია დაივიწყეს და ბოლოს 14 ტურის წინ, 23 მაისს, თბილისის "ლოკომოტივის" წინააღმდეგ (1:2) წააგეს. ჩემპიონობის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა იმის ფონზე, რომ მესამე წრე ევროტურნირებზე გამოსვლის, თასის შეხვედრებისა და თითქმის ორთვიანი იძულებითი თუ რეგულარული პაუზის პარალელურად წარმართა, ყველა ამოცანას თავი დამაჯერებლად გაართვა, დაუმარცხებელი გამოდგა და 9 მატჩიდან 5 მოიგო, 4 კი ფრედ დაასრულა (19 ქულა).
  • "დინამო ბათუმს" ეროვნულ ლიგაში 14-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს - 9 მოგება, 5 ფრე.
  • ეროვნულ ლიგაში, "დინამო ბათუმმა" ბოლო 6 მატჩიდან 5-ში სულ მცირე 2 გოლის გატანა მოახერხა.
  • ეროვნულ ლიგაში, "დინამო ბათუმის" ბოლო 9 მატჩიდან 7-ში სულ მცირე 3 გოლი გავიდა.
  • ბათუმელებს საკუთარი კარის უსაფრთხოების სრულფასოვნად დაცვა ძალიან უჭირთ. მათ ეროვნულ ლიგაში ბოლო 11 მატჩიდან 9-ში გოლი გაუშვეს.
  • საშინაო კედლებში ბათუმელები მშვენივრად თამაშობენ. ამ მხრივ მათ მიმდინარე სეზონში, ეროვნულ ლიგაში თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს - 14 მატჩი, 10 მოგება და 4 ფრე. "დინამო ბათუმი ერთადერთი გუნდია ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში, რომელსაც საშინაო კედლებში მატჩი არ წაუგია.
  • საშინაო არენაზე, "დინამო ბათუმმა" ეროვნული ლიგის ეგიდით ბოლო 4 შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა, უკანასკნელი 11-დან კი 9 მოიგო. ბოლოს ბათუმში მასპინძლებმა ეროვნული ლიგის ეგიდით, 2020 წლის 26 ნოემბერს, თბილისის "ლოკომოტივთან" - 1:2 წააგეს.
  • ეროვნული ლიგის ბოლო ოთხ საშინაო შეხვედრაში, "დინამო ბათუმმა" მეტოქეებს სულ მცირე 3 გოლი გაუტანა, უკანასკნელ რვა მატჩში კი სულ მცირე - 2 (აქედან 6 მატჩში - 3).
  • ბათუმელებმა ბოლო შეხვედრა ეროვნული ლიგის 29-ე ტურის ეგიდით, ქობულეთის "შუქურასთან" 16 ოქტომბერს გამართეს და აჭარული დერბი - 2:0 მოიგეს, იქ გოლები თორნიკე გაფრინდაშვილმა და ირაკლი აზაროვმა გაიტანეს.
  • "დინამო თბილისს" ეროვნულ ლიგაში 6-მატჩიაბნი წაუგებელი სერია აქვს - 3 მოგება და 3 ფრე.
  • "დინამო თბილისმა" ეროვნული ლიგის ბოლო 5 მატჩიდან 4-ში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.
  • "დინამო თბილისმა" ეროვნული ლიგის ბოლო 8 მატჩიდან 5-ში კარის მშრალად შენახვა ვერ მოახერხა. მეტოქის მოედანზე "დინამო თბილისს" ძალიან უჭირს - დედაქალაქელებმა ეროვნული ლიგის ბოლო 8 შეხვედრიდან მხოლოდ 3 მოიგეს. მათ სტუმრად ბოლო ორი მატჩი იდენტური ანგარიშით - 2:2 დაასრულეს (თბილისის "ლოკომოტივისა" და "სამგურალის" წინააღმდეგ).
  • თბილისელებმა ბოლო შეხვედრა 16 ოქტომბერს, ეროვნული ლიგის 29-ე ტურის ეგიდით, "დინამო არენაზე", პრინციპულ მეტოქე ქუთაისის "ტორპედოსთან" გამართეს და ქართულ დერბიში ფაბიან სპორქსლედეს მიერ მეშვიდე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის მეშვეობით იმარჯვეს - 1:0.

ურთიერთშეხვედრები​

ეს გუნდები ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ისტორიაში სულ 63-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც თბილისელებმა 41 მოიგეს, 12-ჯერ გამარჯვებას ბათუმელებმა მიაღწიეს, ხოლო 10 შეხვედრა ფრედ დასრულდა. ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორიაში, იგულისხმება ეროვნული ჩემპიონატი, სულ 182 გოლი გავიდა, აქედან 125 თბილისურმა “დინამომ” შეაგდო, 57-ჯერ კი მეტოქის კარი ბათუმელებმა აიღეს. მიმდინარე სეზონში ამ გუნდების გზები მეოთხედ გადაიკვეთება, აქამდე გამართული სამივე მატჩი აჭარლებმა მოიგეს, საწყისი ორი ანალოგიური ანგარიშით – 1:0, მესამე კი - 2:1. ბოლო მატჩი ორ დინამოს შორის თბილისში, "დინამო არენაზე, 1 ივლისს შედგა და ბათუმელთა გამარჯვებით - 2:1 დასრულდა. მასპინძელთა მხრიდან ანგარიში ზორან მარუშიჩმა მე-17 წუთზე გახსნა, სტუმართაგან კი წონასწორობა 78-ე წუთზე ირაკლი აზაროვმა აღადგინა, ხოლო გამარჯვების გოლი 90-ზე ჯოვინო ფლამრიონმა გაიტანა. ბოლოს “დინამო თბილისმა” ბათუმური მოსახელე კლუბი 2020 წლის 12 სექტემბერს, ნეიტრალურ არენაზე, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დაამარცხა (3:1), იქ გამარჯვებული გუნდის მხრიდან გოლები გიორგი გაბედავამ, ბაქარ ქარდავამ და გიორგი ზარიამ გაიტანეს, ერთი ბურთი კი ჯაბა ჯიღაურმა გაქვითა. ბოლო სამ სეზონში, ანუ მას მერე, რაც ბათუმელები ეროვნულ ლიგაში დაბრუნდნენ, უპირატესობა სწორედ მათ მხარესაა: 9 მატჩი, 5 მოგება, 2 ფრე, 2 მარცხი. ორი ყველაზე წარმატებული ქართული “დინამოს” დაპირისპირებების ისტორიაში, ყველაზე პოპულარული ანგარიში – 1:0 გახლავთ, ამ შედეგით რომელიმე გუნდმა 15-ჯერ იმარჯვა. 9 შემთხვევაში – 2:1, შვიდჯერ კი – 3:1 დაფიქსირდა. ამ გუნდებს შორის ყველაზე უხვგოლიანი დაპირისპირება 1994 წლის 18 სექტემბერს, ბათუმში შედგა, რომელშიც თბილისელებმა მეტოქე – 5:3 დაამარცხეს. საინტერესოა, რომ დედაქალაქელთაგან გატანილი ხუთივე გოლი ერთ გვართან ასოცირდება – არჩილ არველაძემ ჰეთ-თრიქი, შოთამ კი – დუბლი შეასრულა. ამ გუნდებს შორის გამართულ შეხვედრებში ერთი გუნდის ყველაზე დიდი უპირატესობა – 7:0 გახლავთ, რომელიც თბილისელებმა 2007 წლის 29 სექტემბერს დააფიქსირეს. რაც შეეხებათ ბათუმელებს, მათ ყველაზე დიდი სხვაობით 2004 წელს იმარჯვეს – 3:0.

დანაკლისი

ბათუმელები სეზონის ერთ-ერთ მთავარ დაპირისპირებას ფაქტობრივად ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან, მათ ტრავმირებული ფეხბურთელები არ ჰყავთ და გია გეგუჩაძეს ამ მხრივ არჩევანის თავისუფლება და ფუფუნება აქვს. რაც შეეხება თბილისურ "დინამოს", მათ უკვე დიდი ხანია გიორგი გაბედავა აკლიათ, რომელმაც ტრავმა მესამე წრეში, "თელავთან" - 0:1 წაგებულ შეხვედრაში მიიღო და 6 მატჩია არ უთამაშია, ახლა კი მათ დანაკლისს გუნდის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, კაპიტანი და წამყვანი ფიგურა, გიორგი პაპავა მიემატა, რომელმაც წინა ტურში, "ტორპედოსთან" მოგებულ ქართულ დერბიში - ამ სეზონში მეოთხე ყვითელი ბარათი მიიღო და სეზონის ერთ-ერთ მთავარ დაპირისპირებას გამოტოვებს.

სავარაუდო შემადგენლობა

დინამო ბათუმი: ლაზარე კუპატაძე - გრიგოლ ჩაბრაძე, მამუკა კობახიძე, ოლექსანდრ აზაცკი, ირაკლი აზაროვი - ბენჟამინ ტეიდი, სანდრო ალთუნაშვილი - ვლადიმერ მამუჩაშვილი, ჯოვინო ფლამარიონი, ჯაბა ჯიღაური - გიორგი ფანცულაია. განლაგება: 4-2-3-1. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე. დინამო თბილისი: ანდრეს პრიეტო - საბა ხვადაგიანი, საიმონ ბენიო, დავით კობოური - ფაბიან სპორქსლედე, მილან რადინი, ანზორ მექვაბიშვილი, ლევან ხარაბაძე - გიორგი კუცია, ზორან მარუშიჩი, ბარნს ოსეი. განლაგება: 3-4-3. მწვრთნელი: კახა ცხადაძე.

მატჩისწინა კომენტარი

ირაკლი აზაროვი - "დინამო ბათუმის" მარცხენა მცველი: "ყველამ ძალიან კარგად ვიცით თუ რამდენად მნიშვნელოვანი მატჩი გველის "დინამო ბათუმის" ისტორიისთვის. ნელ-ნელა ნანატრ ჩემპიონობას ვუახლოვდებით და გუნდი მაქსიმალურ მზადყოფნაშია. ბიჭები ამ შეხვედრის მოსაგებად მაქსიმალურად კონცენტრებულები და მოტივირებულები არიან, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩეს. "დინამო თბილისი" ჩვენი მთავარი კონკურენტია და პირადად ჩემი ყოფილი გუნდია, თუმცა მოედანზე ემოციების გარეშე, მობილიზებული გავალ და შევეცდები, რომ გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.
No description available.

სხვა სტატიები