Belive

სერია A-ს რეკორდი: კვარაცხელიამ ისტორია დაწერა და თვის საუკეთესო ფეხბურთელი მესამედ გახდა

11 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი რეკორდი დაამყარა და ისტორიული ფაქტი დააფიქსირა.

საქმე ისაა, რომ 22 წლის ქართველი ვარსკვლავი იტალიის სერია A-ს მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა - აღნიშნული აღიარება ქართველმა ფეხბურთელმა ზედიზედ მეორედ, მიმდინარე სეზონში კი მესამედ მოიპოვა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ 2019 წლის, ანუ მას შემდეგ, რაც აღნიშნული ჯილდო ფეხბურთელებს გადაეცემათ, ერთ სეზონში ორჯერ პრიზი არავის მოუგია, რაც ხვიჩამ უკვე თებერვალში მოახერხა, 2-ზე მეტი აღიარება კი აქამდე არავის დაუმსახურებია, შესაბამისად 3 გამარჯვებით, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ისტორიაში ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდა.

კვარაცხელიამ პრიზისთვის ბრძოლაში მისივე თანაგუნდელი, ცენტრალური მცველი კიმ მინჯაე, “სასუოლოს” ნახევარმცველი, არმანდ ლორიენტე, ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი ადრიენ რაბიო და “უდინეზეს” მცველი, დესტინი უდოგიე დაამარცხა.

მარტის თვეში კვარაცხელიამ და “ნაპოლიმ” იტალიის ჩემპიონატში 3 შეხვედრა ჩაატარეს, საიდანაც პირველში დამარცხდნენ, დანარჩენი ორი კი გამარჯვებით დაასრულეს. ქართველმა ფეხბურთელმა მარტში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

ხვიჩა კვარაცხელიას, 2022/23 წლების სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში 29 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და 14 საგოლე პასი გაკეთებული. მის აქტივში ასევე 5 მოპოვებული პენალტია.

სხვა სტატიები