სენეგალს აფრიკის თასი ჩამოერთვა, მაროკო ჩემპიონია | რა მოხდა?
2025 წლის აფრიკის ერთა თასის ფინალის შედეგი გაუქმებულია. ტურნირის ორგანიზატორების სენსაციური გადაწყვეტილების თანახმად, მატჩის გამარჯვებულად მაროკო გამოცხადდა, სენეგალს კი ტიტული ჩამოერთვა.
აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ (CAF) ოფიციალური განცხადება სამშაბათს საღამოს, ფინალიდან 57 დღის გასვლის შემდეგ გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილებით, სენეგალს აღნიშნულ შეხვედრაში ტექნიკური მარცხი (3:0) ჩაეთვალა.
სენეგალის ფეხბურთის ფედერაციამ (FSF) მიღებულ გადაწყვეტილებას "უსამართლო“ უწოდა და გამოაცხადა, რომ ვერდიქტს სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) გაასაჩივრებს. მოგვიანებით, სენეგალის მთავრობამ დადგენილება "უკანონოდ“ შეაფასა და საერთაშორისო გამოძიების დაწყება მოითხოვა.
CAF-ის განმარტებით, აღნიშნული ვერდიქტი მაროკოს ფეხბურთის ფედერაციის (FRMF) სარჩელის საფუძველზე იქნა მიღებული. საუბარია 18 იანვრის მატჩზე, სადაც სენეგალმა დამატებით დროში ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა, თუმცა მანამდე, ძირითად დროში, სენეგალელმა ფეხბურთელებმა მსაჯის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად მოედანი დემონსტრაციულად დატოვეს.
18 იანვრის შეხვედრას ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინოც ესწრებოდა. აფრიკის კონტინენტის საუკეთესო ნაკრების გამოსავლენი მატჩი 17 წუთის განმავლობაში შეწყდა, რასაც ინფანტინომ "მიუღებელი“ უწოდა. მაროკომ სამართლებრივი დავის დაწყების განზრახვა თამაშის მომდევნო დღესვე დააანონსა, პარალელურად კი CAF-მა განაცხადა, რომ მომხდარს დეტალურად შეისწავლიდა.
რა მოხდა ფინალში?
თამაში დაახლოებით 17 წუთით მას შემდეგ შეფერხდა, რაც მსაჯმა მეორე ტაიმის კომპენსირებულ დროში მაროკოს სასარგებლოდ პენალტი დანიშნა. მანამდე, სულ რამდენიმე წუთით ადრე, მსაჯმა სენეგალს პოტენციური გამარჯვების მომტანი გოლი გაუუქმა. 11-მეტრიანის დანიშვნის შემდეგ, სენეგალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, პაპ ტიავმა, მოთამაშეებს მოედნის დატოვებისკენ მოუწოდა - მოედანზე მხოლოდ გუნდის კაპიტანი, სადიო მანე დარჩა.
მას შემდეგ, რაც სენეგალელი ფეხბურთელები მოედანზე მაინც დაბრუნდნენ, მაროკოელმა ბრაჰიმ დიასმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა (მან პანენკას სტილში, შუაში დაარტყა). მატჩის ერთადერთი გოლი კი სენეგალელმა პაპ გუემ 94-ე წუთზე გაიტანა.
ფინალი კიდევ უფრო მეტად დრამატული სტადიონის ტრიბუნებზე დაწყებულმა დაპირისპირებამ გახადა. მატჩის იძულებითი შეჩერების დროს, სენეგალელ და მაროკოელ გულშემატკივრებს შორის, შეტაკებები მოხდა, რაშიც სტადიონის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებიც ჩაერთვნენ.
"მტირალები“ - როგორ უპასუხა სენეგალმა CAF-ის გადაწყვეტილებას
სენეგალის ფეხბურთის ფედერაციამ (FSF), გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან მალევე, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ფინალის შემდეგ ქვეყანაში გამართულ საზეიმო მსვლელობას ასახავდა. საკუთარი რეაქცია სოციალურ მედიაში ნაკრების რამდენიმე წევრმაც დააფიქსირა.
"კრისტალ პალასის" გარემარბმა, ისმაილა სარმა, "ინსტაგრამ სთორიში“ დამცინავი სმაილები გამოაქვეყნა, ხოლო "ვესტ ჰემის“ ფეხბურთელმა, ელ ჰაჯი მალიკ დიუფმა დაწერა: "ჩემპიონებო, ხმა ამოიღეთ!“
"ლიონის" მცველმა, მუსა ნიახატემ, აღნიშნა: „მოდით და წაიღეთ (მედლები). ისინი გიჟები არიან". იევან დიუფმა კი სენეგალის საჩემპიონო ზეიმის ფოტო შემდეგი წარწერით გააზიარა: "მთელმა მსოფლიომ დაინახოს“.
"შეგიძლიათ მტირალების სასარგებლოდ კიდევ სამი გოლი დაამატოთ“, - დაწერა "რაიო ვალეკანოს“ ნახევარმცველმა, პატე სისმა დამცინავი სმაილის თანხლებით.
— Equipe du Sénégal (@GaindeYi) March 17, 2026
შეუძლია თუ არა სენეგალს გასაჩივრება?
CAF-ის განცხადებაში ორჯერ იყო ხაზგასმული, რომ სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ "ყველა სხვა შუამდგომლობა ან მოთხოვნა დაკმაყოფილებაზე უარყოფილია“.
მიუხედავად ამისა, სენეგალის ნაკრებმა, რომელიც 2021 წელს უკვე დაეუფლა აფრიკის ერთა თასს, ოთხშაბათს განაცხადა, რომ საქმეს CAS-ში (სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო) წაიღებს. ეს არის შვეიცარიაში ბაზირებული დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც სპორტულ დავებს გლობალურ დონეზე წყვეტს.
მოგვიანებით, ოთხშაბათს, სენეგალის მთავრობამაც გაავრცელა განცხადება, სადაც მოითხოვა "დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება CAF-ის მმართველ ორგანოებში კორუფციის შესახებ არსებულ ბრალდებებზე“. განცხადებაში ნათქვამია: "იმ შედეგის ეჭვქვეშ დაყენებით, რომელიც დაფიქსირდა წესების სრული დაცვით ჩატარებული და დასრულებული მატჩის შემდეგ, CAF სერიოზულ ზიანს აყენებს საკუთარ რეპუტაციას და იმ ნდობას, რომელსაც აფრიკელი ხალხი კონტინენტის სპორტული ინსტიტუტების მიმართ იჩენს“.
CAF-ს სენეგალის მთავრობის ამ მწვავე ბრალდებებზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
მომზადებულია The Athletic-ის მიხედვით