"საუკეთესო ადგილას ვარ" - უილიამ სალიბამ არსენალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის არსენალის ცენტრალურმა მცველმა, უილიამ სალიბამ გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
გრძელვადიანი კონტრაქტის პირობებით, 24 წლის ფრანგმა და ლონდონურმა გუნდმა 2030 წლის ზაფხულამდე უნდა ითანამშრომლონ.
"გასული სეზონები კარგად ჩავატარეთ და ლიგის მოგებამდე ორჯერ ძალიან ცოტა დაგვაკლდა. ახლა ბედნიერი ვარ, მაგრამ არა 100%-ით რადგან მინდა, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ.
მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი გვყავს, რომელიც ძალიან დამეხმარა და მის გუნდთან მუშაობით ბედნიერი ვარ.
24 წლის ვარ და ვფიქრობ, რომ პიკისთვის ჯერ არ მიმიღწევია. ბევრი რამ მაქვს გასაუმჯობესებელი და მსურს გუნდს კიდევ უფრო მეტად დავეხმარო. მინდა მსოფლიოში ჩემს პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო მცველი გავხდე და ტიტულები მოვიგო. იმედი მაქვს, ამაში მწვრთნელები დამეხმარებიან.
თავს სახლში ვგრძნობ: კარგი გუნდი, შემადგენლობა, მწვრთნელი და პერსონალი გვყავს. მწვრთნელი ჩემთვის იდეალურია, ამიტომ, ვფიქრობ, საუკეთესო ადგილას ვარ.
ყოველი დღით ვტკბები, რომელსაც ამ გუნდში ვატარებ. ვცდილობ ყველაფერი გავიღო გუნდისა და გულშემატკივრებისთვის", - ამბობს უილიამ სალიბა.
უილიამ სალიბა, სენტ-ეტიენის აღზრდილი გახლავთ და ლონდონის არსენალმა 2019 წელს დაიმატა, იჯარით ნიცასა და მარსელში ითამაშა, 2022 წლის შემდეგ კი ლონდონური გუნდის სრულფასოვანი წევრია და 140 მატჩში 7 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.