Belive

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები შვედეთთან დამარცხდა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო მატჩში სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:2 დამარცხდა. თამაშამდე, საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილს იკავებდა და მინიმუმ ფრე გვჭირდებოდა იმისთვის, რომ ბოლო ტურში, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამარჯვებას ჩვენთვის მეორე ადგილი გაენაღდებინა.

მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში ნაკრებს სუსტი თამაში ჰქონდა, ანგარიშის გამხსნელი გოლი მაინც ჩვენ გავიტანეთ - მე-13 წუთზე თავი ნოდარ ლომინაძემ გამოიჩინა. ეს ერთადერთი დარტყმა იყო პირველ 45 წუთში, რომელიც ჩვენმა გუნდმა კარის ჩარჩოში გაუშვა. მასპინძლებმა უპირატესობა გოლებადაც აქციეს და ჯერ 23-ე, შემდეგ კი 39-ე წუთებზე გატანილი გოლებით წინ გავიდნენ.

მეორე ტაიმის სტარტზევე საქართველოს ნაკრების მდგომარეობა უფრო მეტად დამძიმდა - სასტვენიდან 3 წუთში შვედებმა მე-3 გოლი გაგვიტანეს. ამის შემდეგ იყო კურიოზული მომენტი, როცა მასპინძელთა მეკარემ თანაგუნდელის დაბრუნებული ბურთი ვერ გააჩერა და საკუთარ კარში შეაგდო. სამწუხაროდ, 53-ე წუთზე გასული ეს გოლი ბოლო აღმოჩნდა და ჩვენი ნაკრები დამარცხდა.

ამ მომენტისთვის, ჯგუფში მეორე ადგილს შვედეთი იკავებს და საქართველოს 1 ქულით უსწრებს. ბოლო ტურში, ჩვენ მაკედონიასთან აუცილებლად მოგება გვმართებს, შვედეთმა კი უმოტივაციო ნიდერლანდების ნაკრებს ვერ უნდა მოუგოს იმისთვის, რომ მეორე ადგილით ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირ თამაშის შანსი გვქონდეს.

სხვა სტატიები