Belive

,,საქართველოსთან თამაში ყოველთვის რთულია'' - მწვრთნელებმა ჯგუფი შეაფასეს

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფში. ესპანეთის, შოტლანდიის, ნორვეგიისა და კვიპროსის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

წილისყრის შემდეგ, მთავარმა მწვრთნელებმა ჯგუფი შეაფასეს:

,,ვფიქრობ, ესპანეთის ნაკრებს უკვე ძალიან კარგად ვიცნობთ. ნათელია, რომ ეს ჯგუფის პირველი გუნდი იქნება. ფეხბურთში რთულია რაღაცის წინასწარ დაგეგმვა, თუმცა ვიცი, რომ ნორვეგიასთან, შოტლანდიასთან და კვიპროსთან ჩვენს სიტყვას ვიტყვით. მეტოქეებზე ფიქრისას, ყოველთვის გამოარჩევ შედარებით ძლიერს ან სუსტს, თუმცა ერთი რამ ნათელია – ჩვენი ჯგუფის ოთხივე მეტოქე არ არის ბედნიერი საქართველოს წინააღმდეგ თამაშით და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ნორვეგიაზე ფიქრობ, ერლინგ ჰალანდი გახსენდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი კაპიტანი ძალიან ბედნიერია, რადგან მის წინააღმდეგ მოუწევს ბრძოლა. ჩვენი ნაკრებისთვის მნიშვნელოვანია როგორც დიდი გუნდების, ისე დიდი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში. შოტლანდიაში ყოველთვის განსაკუთრებული საფეხბურთო ატმოსფეროა და ეს გამორჩეული მატჩი იქნება, ხოლო კვიპროსისა და თემურ ქეცბაიას წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებულია.'' - ვილი სანიოლი (საქართველო)

,,ფეხბურთში შეიძლება, ყველაფერი მოხდეს, სიურპრიზები ხშირია. საქართველოსთან თამაში ყოველთვის რთულია, ასე იყო წინა ორ შეხვედრაშიც. ნორვეგიას ჰოლანდის სახით მსოფლიო ვარსკვლავი ჰყავს და მისი თამაშის ხილვა სასიამოვნოა. ასევე, ჯგუფშია შოტლანდია, რომელიც ბოლო პერიოდში შედეგებს უფრო და უფრო აუმჯობესებს,'' - ლუის ენრიკე (ესპანეთი).

,,რთულ ჯგუფში მოვხვდით, თუმცა ამის შესახებ თავიდანვე ვიცოდით. ჩვენს ჯგუფში საქართველოს ნაკრებიცაა... მატჩებისთვის მზადება უკვე უნდა დავიწყოთ. რა თქმა უნდა, ყველა შეხვედრაში ბოლომდე დავიხარჯებით,'' - თემურ ქეცბაია (კვიპროსი)

,,ჯგუფიდან გასვლა პირდაპირ გვსურს, რადგან ვიცით, რომ პლეი-ოფში თამაში რისკებთანაა დაკავშირებული. ამიტომ კონცენტრირებულები ვართ. როცა ევრო 2020-ზე გავედით, ვთქვით, რომ არ გვინდოდა, ეს ერთჯერადი ყოფილიყო. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ვუმატებთ. დიდ ტურნირებზე მოსახვედრად დიდ გუნდებთან და ფეხბურთელებთან თამაშია საჭირო,'' - სტივ კლარკი (შოტლანდია)


ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპი 2023 წლის მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. ევროპის ჩემპიონატის საგზურს საკვალიფიკაციო ეტაპიდან 20 ნაკრები მოიპოვებს, რომლებსაც ერთა ლიგის სამი გამარჯვებული დაემატება.

ევრო 2024, რომელსაც გერმანია მასპინძლობს, 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

სხვა სტატიები