Belive

"საქართველოს ნაკრებიდან შემოთავაზებას სიამოვნებით განვიხილავ" - ჟორჟე ქარსელაძე

9 თვის წინ ფეხბურთი
3 წთ

პორტუგალიის უმაღლესი ლიგის 33-ე ტურის შეხვედრაში, “ფერეირასა” და “რიუ ავეს” დაპირისპირება გაიმართა, სადაც 18 წლის ჟორჟე ქარსელაძის დებიუტი შედგა.

“რიუ ავეს” ძირითადი გუნდის მაისურით, 18 წლის ჟორჟე ქარსელაძემ პირველად იასპარეზა. ახალგაზრდა მცველი მოედანზე 84-ე წუთზე შევიდა და საკმაოდ კარგი თამაშით გამოიჩინა თავი. ქარსელაძემ მატჩის მიწურულს საჯარიმო დარტყმაც შეასრულა, რომელიც ხარიხას მოხვდა.

სადებიუტო შეხვედრაში ქარსელაძემ, 11 წუთი გაატარა მოედანზე და ამ დროის განმავლობაში ბურთს ათჯერ შეეხო, ერთი ორთაბრძოლა მოიგო და 6 ზუსტი პასი გააკეთა.

belive ჟორჟე ქარსელაძეს ესაუბრა, რათა ქართველმა გულშემატკივარმა 18 წლის ფეხბურთელის უკეთ გაცნობა შეძლოს. 



"ჩემი მშობლები ემიგრანტები არიან და პორტუგალიაში 22 წლის წინ ჩამოვიდნენ. პოვოა დე ვარზიმში დავიბადე. ჩემი ბავშვობა ძალიან კარგად მახსოვს, მოსიყვარულე და თბილ გარემოში ვიზრდებოდი.

სამწუხაროდ ბოლოს საქართველოში 6 წლის წინ ვიყავი და მას შემდეგ ვერ მოვახერხე, რადგან სულ ვარჯიშები მქონდა დასვენების გარეშე. ქართულად ვსაუბრობ, თუმცა აქცენტი მაქვს. წერა და კითხვაც შემიძლია. საქართველოს კარგად ვიცნობ ჩემი ოჯახის წყალობით.

ძირითადად თვალს ვადევნებ ქართველი ფეხბურთელების მოღვაწეობას, საზღვრებს გარეთ და მიხარია მათი წარმატება. ფეხბურთს 5 წლის ასაკიდან ვთამაშობ და რაც თავი მახსოვს, ჩემი ოცნება და მიზანი პროფესიონალური ფეხბურთის თამაშია.

ორმაგი მოქალაქეობა მაქვს, ვარ როგორც საქართველოს - ისე პორტუგალიის მოქალაქე. საქართველოს ნაკრებიდან შემოთავაზებას სიამოვნებით განვიხილავ.

მოულოდნელი არ ყოფილა ჩემთვის მოედანზე შესვლა, ველოდებოდი ამ მომენტს და მზადაც ვიყავი. მოედანი ცოტა გულდაწყვეტილმა დავტოვე, რადგან სამწუხაროდ თამაში წავაგეთ, თუმცა საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ, რომ ჩემი დებიუტი შედგა.

ჯერჯერობით ახლო მომავლის გეგმა არის ის, რომ "რიუ ავეს" მთავარ გუნდში გავაგრძელო თამაში და დავასრულო სეზონი წარმატებულად და შემდეგ იმედი მაქვს პორტუგალიის და საქართველოს ნაკრებებიდან შემოთავაზებას მივიღებ, რომ განვიხილო. მთავარია სურვილი, შრომა და მიზანდასახულობა, ასევე სიყვარული იმის, რასაც აკეთებ.

ჩემი ინსპირაციის წყაროდ შემიძლია ორი ფეხბურთელი დავასახელო, რონალდინიო გაუჩო და მესი, რომლებმაც ყველაზე დიდი გავლენა იქონიეს ჩემი, როგორც ფეხბურთელის ხედვაზე", - ჟორჟ ქარსელაძე.

შეგახსენებთ, სადებიუტო შეხვედრაში ქარსელაძემ, 11 წუთი გაატარა მოედანზე და ამ დროის განმავლობაში ბურთს ათჯერ შეეხო, ერთი ორთაბრძოლა მოიგო და 6 ზუსტი პასი გააკეთა. 

სხვა სტატიები