Belive

სკანდალი პოლონეთის ნაკრებში: ვოიცეხ შესნი ესპანეთთან მატჩამდე სიგარეტს ეწეოდა (ფოტო)

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
პოლონეთის ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე შესაძლოა ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩეს, თუმცა ეს არ არის ერთადერთი პრობლემა, რომელიც გუნდის მთავარ მწვრთნელს, პაულო სოუზას მოსაგვარებელი ექნება. "არწივების" ბანაკში საკმაოდ სერიოზული დისციპლინარული დარღვევებია. საქმე ისაა, რომ გუნდის მთავარი მეკარე, ვოიცეხ შესნი, მეორე ტურის შეხვედრის წინ, რომელიც პოლონეთმა ესპანეთის წინააღმდეგ გამართა და ფრედ - 1:1 დაასრულა, სიგარეტს ეწეოდა. თანაც ეს ყველაფერი მაშინ ხდებოდა, როცა ტურინის "იუვენტუსის" მეკარე თანაგუნდელებთან ერთად გუნდის ავტობუსთან იმყოფებოდა, პრინციპული შეხვედრის დაწყებამდე კი 1 საათზე უფრო ნაკლები რჩებოდა.
Wojciech Szczesny with cigarette
იმ მომენტში, როცა პოლონეთის ნაკრები სევილიაში სასტუმრო "სოფოტს" ტოვებდა და "ლა კარტუხასკენ" მიემართებოდა, შესნი გუნდის ავტობუსთან სიგარეტის კოლოფით ხელში იდგა. შემდეგ მან ერთი ღერი ამოიღო, სანთებელა მოიმარჯვა და სიგარეტის მოწევა დაიწყო. აღნიშნული ინფორმაცია სიახლე არ აღმოჩნდა ლონდონის "არსენალის" ქომაგებისთვის, რადგანაც, როგორც The Sun-თან საუბარში "მეთოფეების" რამდენიმე გულშემატკივარი ამბობს, მათ შესნი სიგარეტით ხელში ორჯერ შეამჩნიეს, არსენ ვენგერმა კი მას 200 000 ფუნტი სტერლინგის ჯარიმაც კი დააკისრა. კერძოდ ეს 2015 წელს, ახალი წლის პირველ დღეს, "საუთჰემპტონთან" მარცხის შემდეგ მოხდა, როცა შესნიმ სიგარეტი გასახდელი ოთახის საშხაპეში მოწია. ეს "არსენალში" პოლონელი კარის დარაჯის ბოლო მატჩი იყო და როგორც ირკვევა, ამის მიზეზი სწორედ აღნიშნული ინციდენტი გახდა. მოგვიანებით, 31 წლის გოლკიპერი "რომაში" გაანათხოვრეს, 2017 წელს კი იგი "ბებერმა ქალბატონმა" შეიძინა.
Wojciech Szczesny with cigarette
ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ მოწევის ფაქტს არც თავად ფეხბურთელი მალავს. შარშან, ვოიცეხ შესნიმ Arsenal Nation-ის პოდკასტზე სტუმრობისას თქვა, რომ ლონდონურ კლუბში თამაშისას რეგულარულად ეწეოდა და ამის შესახებ უფროსებმაც ყველაფერი იცოდნენ: "მას (არსენ ვენგერს) უბრალოდ არ სურდა გასახდელში ვინმე მწეველი და მე ეს ვიცოდი. თამაშის ემოციურობის გამო, მატჩის შემდეგ სიგარეტი მქონდა, როდესაც გუნდი ჯერ კიდევ არ იყო შემოსული. საშხაპეების კუთხეში მივედი, გასახდელების მეორე ბოლოში იყო და ვერავინ დამინახა და ერთი ღერი ავანთე. ვიღაცამ დამინახა, ის თავად უფროსი კი არ იყო, მაგრამ მან უფროსს შეატყობინა".
Wojciech Szczesny and Arsene Wenger
პოლონეთის ნაკრების ორი ტურის შემდეგ ევრო 2020-ის E ჯგუფში 1 ქულა აქვს და მეოთხე ადგილს იკავებს. ბოლო ტურში, ვოიცეხ შესნის გუნდი შვედეთს დაუპირისპირდება და ჯგუფიდან გასვლას შეეცდება. პლეი-ოფში მოსახვედრად პოლონელებს აუცილებლად გამარჯვება სჭირდებათ. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები