Belive

რუდიგერი: ,,მსოფლიო ჩემპიონატის ყატარში ჩატარებამ დაამტკიცა, რომ ფული ფეხბურთში მნიშვნელოვან როლს თამაშობს''

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის ,,რეალის'' მცველი, ანტონიო რუდიგერი, მუნდიალის ყატარში ჩატარებით უკმაყოფილოა:

,,ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების გადაწყვეტილება არც გულშემატკივრების და არც ფეხბურთელების გამო არ მიუღიათ. ამ გადაწყვეტილებამ დაამტკიცა, რომ ფული და ძალაუფლება მსოფლიო ფეხბურთში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

შესაძლო ბოიკოტის შესახებ ბევრი მსჯელობა მინახავს ოფიციალური პირებისა და ასოციაციების დონეზე, მაგრამ არა ფეხბურთელებს შორის. რა თქმა უნდა, ჩვენ, ფეხბურთელებმა, სიტუაციას კრიტიკულად უნდა შევხედოთ და ეს, როგორც გუნდმა, უკვე გავაკეთეთ კიდეც,'' - განაცხადა რუდიგერმა.

გასულ წელს ბრიტანული გამოცემა Guardian-ი იუწყებოდა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ყატარში, მსოფლიო ჩემპიონატის პროექტზე მუშაობისას, 6 500-მდე მიგრანტი დაიღუპა.

მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების წინ, გერმანიის, ნიდერლანდების, დანიისა და ნორვეგიის ნაკრების ფეხბურთელებს სპეციალური მაისურები ეცვათ, რითიც ყატარში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავდნენ.

პროტესტის მიზეზი რთული სამუშაო პირობებია, განსაკუთრებით ზაფხულში, როცა ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს. ასევე, დაბალი ანაზღაურება და მიგრანტი მუშების შელახული უფლებები, იმ ადამიანების, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის 95%-ს შეადგენენ.

ოფიციალური ყატარის პოზიცია ბრალდებაზე ასეთია – ,,სიკვდილიანობის მაჩვენებელი აღნიშნულ ჯგუფში, მათი დემოგრაფიისა და პოპულაციის გათვალისწინებით, მოსალოდნელ ფარგლებშია.” ყატარის მთავრობამ Al Jazeera-ს განუცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში შრომითი უფლებების შესახებ და სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად არაერთი რეფორმა გაატარა.

ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით ქვეყნის 5 ქალაქის 8 სტადიონზე გაიმართება. ფინალურ მატჩს Lusail Iconic Stadium-ი უმასპინძლებს, რომელიც 80 000 მაყურებელს იტევს.

სხვა სტატიები