Belive

Muchachos - სიმღერა, რომელიც არგენტინის ტრიუმფის არაოფიციალური ჰიმნი გახდა

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

La Mosca-ს სიმღერა, სახელწოდებით Muchachos, ის ერთ-ერთი სიმღერაა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატიდან ჩვენს გონებაში შემოაღწია - ის, რომელიც კატარში მომხდარ, არგენტინელებისთვის ნანატრ ზეიმთან სამუდამოდ იქნება დაკავშირებული.

დოჰას ქუჩებში, სტადიონსა და არგენტინელების გასახდელში, სწორედ ეს სიმღერა ისმოდა.

ძველი სიმღერაა, 2003 წელს, ავტორმა ასე უწოდა: Muchachos, esta noche me emborracho, რაც ნიშნავს: "ბიჭებო, ამაღამ დავთვრები". როგორც ირკვევა, მასწავლებელმა, ფერნარდო რომერომ, იგი გადააკეთა და სიმღერაში ლიონელ მესის, დიეგო მარადონასა და "ლას მალვინასის" (ფოლკლენდის კუნძულების ესპანურენოვანი დასახელება) ბიჭების სახელი გააჟღერა.

რომერომ სიმღერას სათაურიც კი შეუცვალა: Muchachos, ahora nos volvimos a ilusionar (ბიჭებო, ახლა ისევ აღელვებულები ვართ, ახლა კვლავ იმედი გვაქვს).

გადაკეთებული სიმღერის ავტორმა არგენტინულ გამოცემასთან, El Destape-სთან ისაუბრა და თქვა, რომ "მისი ცხოვრება შეიცვალა".


სიმღერის ტექსტი ასეთია:

დავიბადე არგენტინაში / დიეგოსა და მესის მიწაზე / ლას მალვინასის ბიჭებს / არასოდეს დავივიწყებ

ბიჭებო, იმედი კვლავ გვაქვს / მინდა, მოვიგო მესამედ / მინდა გავხდე მსოფლიო ჩემპიონი / სამოთხეში ვხედავთ დიეგოს / დონ დიეგო და ლა ტოტა [მარადონას მშობლები] / მესის ამხნევებენ.


ფოლკლენდის ომი და მისი კავშირი არგენტინის გამარჯვებასთან

"ლას მალვინას" - ასე უწოდებენ არგენტინელები ფოლკლენდის კუნძულებს, რომელიც არგენტინის სანაპიროდან 480 კილომეტრით არის დაშორებული. ისტორიის მოყვარულებს კარგად ახსოვთ 1982 წელს, არგენტინასა და დიდ ბრიტანეთს შორის მომხდარი 3-თვიანი, სისხლიანი ომი, რომელმაც 600-ზე მეტი არგენტინელი იმსხვერპლა.

1986 წელს, როდესაც არგენტინა და ინგლისი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ერთმანეთს შეხვდნენ, ეს იყო პირველი თამაში, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის ომის შემდეგ გაიმართა - და როგორი სიმბოლურია, რომ სწორედ ამ მატჩში, მარადონამ ინგლისელებს გოლი ჯერ ხელით გაუტანა, შემდეგ კი ბურთი საკუთარ მოედანზე მიიღო და შემდეგ ის გააკეთა, რაც ყოველთვის ფეხბურთის ისტორიის პირველ გვერდზე იქნება.

"თითქოს დამავარცხეთ ქვეყანა და არა საფეხბურთო გუნდი", - წერს მარადონა ავტობიოგრაფიულ წიგნში "მე ვარ დიეგო". "თამაშის დაწყებამდე ვთქვით, რომ ფეხბურთს ფოლკლენდის ომთან კავშირი არ ჰქონდა, თუმცა ვიცოდით, რომ იქ არგენტინელი ბავშვები დაიღუპნენ".

კატარამდე, არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატი უკანასკნელად სწორედ 1986 წელს მოიგო. რომეროს განახლებული სიმღერა სწორედ იმ უდიდეს სურვილს, მოტივაციასა და ენთუზიაზმს გამოხატავდა, რომ არგენტინელებს მსოფლიო პირველობაზე კვლავ ეზეიმათ.

სიმღერის განახლებული ვერსია

ემოციებითა და უამრავი ენდორფინით სავსე კადრები - როგორ მღერიან არგენტინელი გულშემატკივრები

სიმღერის ძველი, 2003 წლის ვერსია

სხვა სტატიები