Belive

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი | გუნდების რაოდენობა, მასპინძელი ქალაქები და ფორმატი

1 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ

ჩვენი მკითხველის ნაწილმა შესაძლოა უკვე იცოდეს, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ - 2026 წლის ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატს სამი ქვეყანა უმასპინძლებს: კანადა, აშშ და მექსიკა. მონაწილეობას არა 32, არამედ 48 გუნდი მიიღებს,

დიახ, არსებული ფორმატი იცვლება, ტურნირს დამატებით 16 გუნდი შეუერთდება, რაც მეტ მატჩს, ექსპერიმენტებსა და, სავარაუდოდ, ნაკლებ სანახაობას გვპირდება.

ტურნირი სტარტს 2026 წლის 8 ივნისს აიღებს და 3 ივლისამდე გაგრძელდება.

რატომ ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე 48 გუნდი?

სპონსორები მეტს გადაიხდიან, გაიყიდება მეტი ბილეთი, გაძვირდება სატელევიზიო უფლებების ლიცენზია. 2026 წლის დეკემბრამდე, ფიფა 11 მილიარდი დოლარის გამომუშავებას გეგმავს.

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია განმარტავს, რომ მიღებული შემოსავალი მსოფლიოში ფეხბურთის განვითარებას მოხმარდება - გეგმაშია საინვესტიციო პროექტები და ქალთა ფეხბურთის მასობრიობის ზრდა.

ფიფა-ს გათვლით, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს რეკორდული რაოდენობის, 5.5 მილიონი ადამიანი დაესწრება.

GettyImages-226770

გაფართოებული ფორმატი ყველაზე მეტ სარგებელს აფრიკულ და აზიურ ქვეყნებს მოუტანს.

2022 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე აფრიკისა და აზიის კონფედერაციას 11 გუნდი წარმოადგენდა - მათ შორის იყო კატარი, რომელიც მასპინძლის სტატუსით, A ჯგუფში ავტომატურად მოხვდა.

2026-ში, ამ ორ კონფედერაციას მინიმუმ 17, მაქსიმუმ კი 19 გუნდის წარდგენის უფლება ექნება - გააჩნია, რა რეზულტატი ექნება აზიისა და ოკეანითის პლეი-ოფების შეხვედრებს.

როგორი იქნება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სტრუქტურა?

ამასთან დაკავშირებით, ფიფა საბოლოო გადაწყვეტილებას 2023 წელს მიიღებს.

ერთ-ერთი გეგმის თანახმად, ტურნირზე 3-გუნდიანი 16 ჯგუფი უნდა ჩამოყალიბდეს, სადაც თითოეული მათგანი 2 მატჩს ჩაატარებს. ტურნირს მხოლოდ მესამეადგილოსნები გამოემშვიდობებიან, დანარჩენები კი 32 გუნდისგან დაკომპლექტებულ მორიგ რაუნდში გადაინაცვლებენ.

ასეთ სტრუქტურას ერთი სახიფათო და ნეგატიური მხარე აქვს: ჯგუფის დასკვნით მატჩში, შესაძლოა არსებობდეს გარკვეული შედეგი, რომელიც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, ორივე მათგანს აწყობს (მაგალითად, ფრე). შესაბამისად, არსებობს შანსი იმისა, რომ ორივე მათგანმა მატჩი სასურველი შედეგით დაასრულოს, რაც სამართლიანი თამაშის წესებს პირდაპირ ეწინააღმდეგება.

ასეთი რამ უკანასკნელად 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა, როდესაც დასავლეთ გერმანიამ და ავსტრიამ 90 წუთის განმავლობაში ბურთი მოედანზე მშვიდად გააგორეს და ალჟირი ჯგუფში ჩატოვეს - ეს დღე ისტორიაში "ხიხონის სირცხვილის" სახელითაა შესული. მას შემდეგ, ფიფა-მ რევოლუციური გადაწყვეტილება მიიღო: ბოლო ტურის მატჩები ერთ დროს იწყება.

არსებობს მეორე ინიციატივაც, რომლის დამტკიცებასაც ნაკლები შანსი აქვს: ჯგუფურ ეტაპზე მატჩი ფრედ არ უნდა დასრულდეს. თუკი 90 წუთი გამარჯვებულს არ გამოავლენს, დამატებითი ტაიმების გარეშე, პირდაპირ პენალტები დაინიშნება.

სად ჩატარდება შეხვედრები?

ცნობილია, რომ მატჩების უმრავლესობა აშშ-ში ჩატარდება. 80-დან 60 შეხვედრას აშშ, ხოლო 10-10-ს კი მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ.

მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების გამოცდილება აშშ-სა (1994) და მექსიკას (1986) აქვთ, თუმცა მომდევნო მუნდიალზე, იმ პერიოდიდან, გულშემატკივარს მხოლოდ "ესტადიო აცტეკა" მიიღებს.

აშშ

  • ნიუ-იორკი-ნიუ ჯერსი (MetLife Stadium)
  • ლოს ანჯელესი (SoFi Stadium)
  • დალასი (AT&T Stadium)
  • სან ფრანცისკო (Levi's Stadium)
  • მაიამი (Hard Rock Stadium)
  • ატლანტა (Mercedes-Benz Stadium)
  • სიეტლი (Lumen Field)
  • ჰიუსტონი (NRG Stadium)
  • ფილადელფია (Lincoln Financial Field)
  • კანზას სიტი, მისური (Arrowhead Stadium)
  • ბოსტონი/ბოქსბორო (Gillette Stadium)

კანადა

  • ტორონტო (BMO Field)
  • ვანკუვერი (BC Place Stadium)

მექსიკა

  • გვადალახარა (Estadio Akron)
  • მეხიკო (Azteca Stadium)
  • მონტერეი (BBVA Bancomer Stadium)

სად ჩატარდება ფინალი?

ამ კითხვაზე პასუხსაც მომდევნო წელს გავიგებთ. ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატი ნიუ ჯერსიში მდებარე MetLife Stadium-ია, რომელიც 82,500 ადამიანს იტევს. გახსნით მატჩზე პრეტენზიას კი მექსიკური "აცტეკა" აცხადებს.

სხვა სტატიები