Belive

მანჩინი: ,,იტალიის მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, მიზნად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონობა დავისახე''

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული გამარჯვება გაიხსენა:
,,სასწაული გავაკეთეთ, მაგრამ საქმე მხოლოდ ევროპის ჩემპიონობას არ ეხება, ჩვენ სამწელიწადნახევარი შესანიშნავად ვთამაშობდით. ხდება, რომ ჩემპიონი ხდები, რადგან ერთ თვეში ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის. გრძელი გზა გავიარეთ, ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი ჩავატარეთ და არამხოლოდ ის შვიდი. მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, მიზნად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მოგება დავისახე. ერთი წლის წინ, როცა თასი ხელში მეჭირა, საკუთარ თავს ვუთხარი, რომ მომდევნო ტურნირიც უნდა მომეგო. მსოფლიო ჩემპიონატზე ვფიქრობდი, მაგრამ, ცხადია, ამჯერად წარმატებას ვერ მივაღწიეთ. თუმცა, კვლავ გავაგრძელებთ იმაზე ფიქრს, რომ ჩემპიონები გავხდებით. ნაკრებიდან წასვლა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მინდოდა და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მარცხის შემდეგაც, განსაკუთრებით მეორე შემთხვევაში. მარტივი სიტუაცია არ იყო. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების შემდეგ, ძალიან უსიამოვნო თვე მელოდება,'' - მანჩინის სიტყვებს Eurosport-ი ციტირებს.
შარშან, ევრო 2020-ის ფინალში, იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ინგლისი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი ისტორიაში მეორედ გახდა. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეიოფში რობერტო მანჩინის გუნდმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან წააგო და მუნდიალზე თამაშის შანსი დაკარგა.

სხვა სტატიები