სამი ხედირა რეალში ბრუნდება - გერმანელი მოურინიოსთან ერთად იმუშავებს
სამი ხედირა მადრიდის რეალში ბრუნდება - გერმანიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ჟოზე მოურინიოს სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება. ეს როლი ხედირასთვის პირველი სერიოზული სამწვრთნელო გამოცდილება იქნება
39 წლის ხედირა მოურინიოს ხელმძღვანელობით რეალში 2010-2013 წლებში თამაშობდა. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონმა რეალს სწორედ იმ ზაფხულს მიაშურა, როდესაც გუნდში მოურინიო მოვიდა და ესპანეთის დედაქალაქში ხუთი წელი გაატარა.
აღსანიშნავია, რომ სამეფო კლუბში ამ პოზიციაზე ხედირას ყოფილი თანაგუნდელის, პეპეს კანდიდატურაც განიხილებოდა. 43 წლის მცველმა მადრიდში 10 წელი გაატარა და რამდენიმე წელი მოურინიოს ხელმძღვანელობით ითამაშა.
ხუთშაბათს ჟოზე მოურინიო რეალის მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად წარადგინეს. ჯერ კიდევ აპრილიდან ცნობილი იყო, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი კლუბის პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის ფავორიტი კანდიდატი იყო.
მადრიდულ გრანდსა და მოურინიოს წარმომადგენლებს შორის გამართული მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა ბერნაბეუზე სამწვრთნელო შტაბის ფორმირება იყო. მოსალოდნელია, რომ ხედირას გარდა რეალში მოურინიოს ასისტენტები ბენფიკადან - ჟოაუ ტრალიაუ და პედრუ მაჩადუ, ასევე ანალიტიკოსი რობერტო მერელა, ფიზმომზადების მწვრთნელი ანტონიო დიასი და მეკარეების მწვრთნელი ნუნუ სანტოსი იმუშავებენ.
ხედირა რეალში შტუტგარტიდან 2010 წელს გადავიდა და კლუბის მაისურით 161 მატჩი ჩაატარა. ის იყო იმ გუნდის განუყოფელი ნაწილი, რომელმაც მოურინიოს ხელმძღვანელობით 2011-12 წლების სეზონში ლა ლიგა სარეკორდო ქულებით (100) მოიგო. მოგვიანებით, 2014 წელს, ხედირამ რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა.
The Athletic-ის თანახმად, ხედირას დანიშვნა სრულიად გამართლებულია, რადგან ის ზუსტად აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რასაც მოურინიო ამ როლისთვის ეძებს. პორტუგალიელ მწვრთნელს სჭირდება ადამიანი, რომელიც ერთგვარი ხიდი იქნება კლუბს, ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს შორის - ის, ვისთანაც ადრე უმუშავია და კარგი ურთიერთობა აკავშირებს და რომელიც შესანიშნავად იცნობს ესპანურ ფეხბურთსა და რეალის შიდა სამზარეულოს.