Belive

"საკუთარი თავის ძალიან მრცხვენია" - გვარდიოლამ ჯერარდს ბოდიში მოუხადა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ, მის მიერ გაკეთებული კომენტარის გამო, სტივენ ჯერარდს ბოდიში მოუხადა.

გასულ კვირას ესპანელი მწვრთნელი საკუთარი გუნდის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრობდა და ამ დროს ჯერარდის ცნობილი ფეხის დაცდენაც გაიხსენა, რომელიც "ლივერპულს" ჩემპიონობის ფასად დაუჯდა. როგორც მოგეხსენებათ, "ქალაქელებს" მძიმე ბრალდება წაუყენეს და დამტკიცების შემთხვევაში დიდი სასჯელი ელით. შესაძლოა ამის გამო მანჩესტერელებს რამდენიმე თასიც ჩამოართვან, მათ შორის პრემიერ ლიგისაც. სწორედ ამ საკითხზე საუბრისას გაიხსენა გვარდიოლამ ჯერარდის ფეხის დაცდენა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი არაფერ შუაშია, რომ სტივენი იმ მომენტში კარგად ვერ გაირჯა.

"ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი, რომ ჯერარდს ფეხი დაუცდა? არ მინდა ეს ჯერარდის უპატივცემულობაში ჩამომერთვას, მაგრამ ეს ჩვენი ბრალია?" - განაცხადა პეპმა "ასტონ ვილასთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე კი, ესპანელმა თავკაცმა სტივენ ჯერარდს ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ საკუთარი საქციელის გამო ძალიან სცხვენია:

„ბოდიშს ვუხდი სტივენ ჯერარდს ჩემი უადგილო და სულელური კომენტარისთვის. მან იცის როგორ ვცემ პატივს მას, მის კარიერას და იმას რაც მან ქვეყნისთვის გააკეთა, რომელშიც მე ვცხოვრობ და ვსაქმიანობ. საკუთარი თავის ძალიან მრცხვენია, რადგან ის ამას არ იმსახურებს. მე მას პირადადაც მოვუხადე ბოდიში, მაგრამ ვთვლი, რომ ეს აქაც უნდა გავაკეთო."

“მანჩესტერ სიტი” ხვალ “არსენალის” წინააღმდეგ საკმაოდ მნიშვნელოვან მატჩს გამართავს. ერთმანეთს პრემიერ ლიგის ლიდერი და მეორეადგილოსანი ხვდებიან. ლონდონელები მანჩესტერელებს სულ რაღაც სამი ქულით უსწრებენ და აღნიშნულ დაპირისპირებას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მატჩი თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები