Belive

უეფამ ნაპოლის საკვანძო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრის წინ, უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა სტატია ტურნირში მონაწილე რვავე გუნდს მიუძღვნა.

ორგანიზაციამ ,,ნაპოლის'' ფეხბურთელებს შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია:

,,ნაპოლიმ მეოთხედფინალამდე თითქმის სრულყოფილი გზა გაიარა, ჯგუფში ლივერპული, აიაქსი და რეინჯერსი დაამარცხა, მერვედფინალში კი აინტრახტს აჯობა. ეს ყველაფერი კი ევროპაში ყველაზე სანახაობრივი თამაშით შეძლო.

რატომ შეუძლიათ მათ ფინალში გასვლა? გვარდიოლა არ არის ერთადერთი ადამიანი, ვინც ნაპოლის სეზონის საუკეთესო გუნდად მიიჩნევს. სერია A-ში ნაადრევი გაჩემპიონების შემდეგ, ისინი, შესაძლოა, ბოლომდე ჩემპიონთა ლიგაზე კონცენტრირდნენ.

როგორ თამაშობს ნაპოლი? ძირითადი სისტემა 4-3-3-ია, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, თუ როგორ მუშაობს მოედანზე ზელინსკი, ტაქტიქა, შეიძლება, 4-2-3-1-ად იქცეს. თუმცა, თავად ლუჩიანო სპალეტის სიტყვებია: ,,ფეხბურთი უკვე მოწინააღმდეგის მიერ დატოვებული სივრცეების გამოყენებაზეა დამოკიდებული და არა სისტემებზე.''

მწვრთნელი: ლუჩიანო სპალეტი - ინტერისა და რომას ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ნაპოლიში ჯენარო გატუზო 2021 წლის მაისში ჩაანაცვლა. მან სერია A-ს პირველი 11 მატჩიდან 10 მოიგო და 2022 წლის თებერვალში ჩემპიონატში ლიდერობდა, მაგრამ, საბოლოოდ, ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულა. თუმცა, 2022-2023 წლების სეზონში გუნდს უკან არ დაუხევია.

საკვანძო ფეხბურთელი: ხვიჩა კვარაცხელია - შეუძლია ვინმეს დაასახელოს ახალწვეული, რომელსაც სერია A-ზე (ან ჩემპიონთა ლიგაზე) ისეთივე გავლენა ჰქონდა, როგორიც ქართველ ვინგერს? 13 გოლითა და 15 საგოლე პასით ის ნაპოლის გამორჩეული შემსრულებელია, მარცხენა ფლანგზე მშვენივრად ჯდება, მატჩში რამდენიმე დრიბლინგს, დარტყმას და უზუსტეს გადაცემას ასრულებს.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ,,ნაპოლის'' მეტოქე ,,მილანი'' იქნება. გუნდებს შორის პირველი შეხვედრა 12 აპრილს, ,,სან სიროზე'' გაიმართება. საპასუხო მატჩს კი ნეაპოლი 18 აპრილს უმასპინძლებს.

სხვა სტატიები