Belive

სეზონის მთავარი მატჩი | სიტი სახლში ისევე საშიშია, როგორც რეალი ლიგაზე

11 თვის წინ ფეხბურთი
4 წთ

ასეთი მასშტაბის მატჩი წელს პირველად იმართება. ფინალისტ "ინტერთან" ბოდიში, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრა, სადაც ფინალში გამსვლელის ვინაობას "სიტი" და "რეალი" გაარკვევენ, სეზონის მთავარი ინტრიგის მატარებელია.

ვინ ითამაშებს ფინალში?

კვლავ "რეალი", რომელმაც გასულ სეზონში "სიტის" გამარჯვება ხელიდან ბოლო წამს გამოსტაცა და რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში "ჩემპიონთა ლიგაზე" სტაბილურად დომინირებს?

თუ "სიტი", რომელსაც პეპის მისვლის შემდეგ ტურნირის ფავორიტად ყოველ წელს ასახელებენ, თუმცა მიზანს ვერა და ვერ მიაღწია?

პირველმა მატჩმა ნათლად აჩვენა, რომ გუნდებს შორის ძალთა ბალანსი უმაღლეს მწვერვალზეა. ინდივიდუალურად, ყველა ფეხბურთელი მოწოდების სიმაღლეზე იდგა - თუ არ ჩავთვლით შედარებით ინერტულ ჰოლანდსა და ბენზემას, რომლებიც დაცვითი ხაზის იდეალური მოქმედების შედეგად, მოედანზე ნაკლებად ჩანდნენ.

1:1 იყო შედეგი, რომელიც თამაშიდან გამომდინარე, ორივე გუნდს დააკმაყოფილებდა. თუმცა მნიშვნელოვანია ერთი სტატისტიკური დეტალი, რომელიც "რეალის" შანსებს თითქოსდა ამცირებს.

გასულმა წლებმა ცხადყო, რომ "რეალისთვის", ასეთ საკითხებს მნიშვნელობა აქვს - "სამეფო კლუბმა" წაგებული მატჩები საკუტარ ტრიუმფად ხომ არაერთხელ გადააქცია. მაგრამ ინფორმაციისთვის, საკუთარ მოედანზე "სიტის" დომინაციაზე ყურადღება აუცილებლად უნდა გამავახვილოთ.

ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, "მანჩესტერ სიტიმ" ბოლო მატჩი საკუთარ მოედანზე 2018 წლის სექტემბერში, "ლიონთან" წააგო. მას შემდეგ, პეპის შეგირდებმა "ეტიჰადზე" 25 მატჩი გამართეს, სადაც გამარჯვება 23-ჯერ მოიპოვეს, 2-ჯერ კი ფრე ითამაშეს (მოგების 92%-იანი მაჩვენებელი). ამავე პერიოდში, ქალაქელებმა 81 გოლი გაიტანეს, საკუთარ კარში კი 18 ბურთი მიიღეს.

დროის ამავე მონაკვეთში, "რეალმა" საკუთარ მოედანზე 6 მარცხი განიცადა, 4-ჯერ კი ფრე ითამაშა. არასახარბიელო შედეგები აქვთ სხვა გრანდებსაც:

  • ლივერპული (5 მარცხი, 4 ფრე);
  • ბაიერნი (2 მარცხი, 2 ფრე);
  • ჩელსი (5 მარცხი, 4 ფრე);
  • ბარსელონა (4 მარცხი);
  • იუვენტუსი (6 მარცხი);
  • პსჟ (5 მარცხი).

ერთი სიტყვით, "სიტის" მიღწევა ამ თვალსაზრისით გამორჩეულია. გვარდიოლას ხელმძღვანელობით, გუნდს ახასიათებს ის, რაც ყველა გუნდისთვის თუ ინდივიდისთვის ურთულესად მისაღწევია: თანმიმდევრულობა და სტაბილურობა. დროის იმავე მონაკვეთში (2018 წლის სექტემბრიდან), პრემიერ ლიგაში გამართულ 91 მატჩში "სიტიმ" გამარჯვება 74-ჯერ მოიპოვა (81%-იანი მაჩვენებელი).

გუნდის სტაბილურობასთან დაკავშირებით, კომენტარი გუნდის საყრდენმა ნახევარმცველმა, როდრიმ გააკეთა.

"ჩვენს უკან დგას გუნდში მომუშავე თითოეული ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ყოველ წელს უკეთესები ვიყოთ. ახალმოსულ ფეხბურთელებს გამოცდილებას ჩვენ ვუზიარებთ და ვუხსნით, თუ როგორ შეინარჩუნონ ამბიცია, გამარჯვების ჟინი, რადგან ამდენი გამარჯვების შემდეგ გჭირდება რაღაც, რომ კვლავ გამარჯვებისთვის იბრძოლო.

ჩვენი მიდგომა ასეთია: ყოველთვის ვცდილობთ, ვითამაშოთ პატარა გუნდის მენტალობით. ვიბრძვით ისე, როგორც პატარა გუნდი ცდილობს გამარჯვების მოპოვებას და პარალელურად, გვყავს დიდი ფეხბურთელები, რომლებიც ყველაფერს იმსახურებენ", - თქვა ესპანელმა.

უნდა აღინიშნოს, რომ "სიტი" გასვლით მატჩებში ასეთივე წარმატებით არ ასპარეზობს. "ლიონთან" მარცხის შემდეგ, ქალაქელებმა გასვლაზე 27 მატჩი ჩაატარეს, სადაც გამარჯვება მხოლოდ 14-ში მოიპოვეს (9 ფრე, 4 მარცხი), გაიტანეს 49 და გაუშვეს 22.

მადრიდში გამართული მატჩის შემდეგ, გვარდიოლამ ასეთი რამ თქვა:

"საკუთარ მოედანზე კიდევ უფრო მეტი ტემპით ვითამაშებთ - ჩვენს ხალხთან ერთად, მეტ კომფორტში ვიმყოფებით", - თქვა ესპანელმა.

კიდევ უფრო მოკლედ და კონკრეტულად, ჯეკ გრილიშის სიტყვებსაც მოვიყვანთ:

"ეტიჰადზე ჩვენ შეუჩერებლები ვართ".

სხვა სტატიები