სად არის ახლა ტომას გრავესენი?
7 წლის წინ
ფეხბურთი
4 წთ
გზა ევერტონიდან სამეფო კლუბამდე
2000-2005 წლებში, დანიელი ნახევარმცველი "ევერტონის" რიგებში რეგულარულად თამაშობდა, თუმცა 2005 წელს სრულიად მოულოდნელი ტრანსფერი შედგა: გრავესენს "ევერტონთან" კონტრაქტი 2005 წლის ივლისში უმთავრდებოდა, როდესაც მისი შეძენით მადრიდის "რეალი" დაინტერესდა. მადრიდელებმა მისი შეძენა იანვარში ძალიან დაბალ თანხად, £2.5 მილიონად შეძლო.
მადრიდული კარიერის დასასრული
მადრიდის "რეალიდან" გრავესენის გაშვების მთავარი საბაბი რობინიოსთან მომხდარი ჩხუბი გახდა - ვარჯიშის დროს, გრავესენმა რობინიოს მიმართ მორიგი სახიფათო ვარდნა განახორციელა, რასაც ორ ფეხბურთელს შორის ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. "გრავესენს უნდა რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც თავად სურს. მე მისი დამოკიდებულება არ მომწონს," განაცხადა"რეალის" იმჟამინდელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ. გრავესენი მადრიდს დაემშვიდობა და კარიერა "სელტიკში" გააგრძელა. ორი წლის შემდეგ, იგი დროებით "ევერტონში" დაბრუნდა, ხოლო 2009 წლის იანვარში კი კარიერა დაასრულა.
გრავესენის ცხოვრება კარიერის დასრულების შემდეგ
როგორც ცნობილია, მადრიდის "რეალში" თამაშისას, გრავესენი კვირაში £85,000-ს გამოიმუშავებდა. გამომუშავებული თანხა გრავესენმა გონივრულად გამოიყენა და სხვადასხვა მიმართულებით დააბანდა. ამასთან, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, გრავესენი პოკერმა გაიტაცა და სოლიდური თანხის მოგებაც შეძლო. პოკერის ფორუმზე, სახელწოდებით Two Plus Two, ვკითხულობთ, რომ გრავესენმა 1 დღეში პოკერში £54 მილიონი წააგო: "დანამდვილებით გეტყვით, რომ გრავესენს პოკერში £80 მილიონზე მეტი აქვს მოგებული, თუმცა ამისათვის მას ძალიან დიდი გზის გავლა მოუწია. ერთ-ერთ გათამაშებაზე, მას სერიოზული მოწინააღმდეგეები ჰყავდა და 1 ღამეში £54 მილიონი წააგო," წერს ერთ-ერთი მომხმარებელი, TarantulaGargantu. რამდენად რეალურია ეს ისტორია, დაუდგენელია, თუმცა გრავესენის ხასიათიდან გამომდინარე, დაუჯერებლად ნამდვილად არ ჟღერს.
პირადი ცხოვრება
დღეს გრავესენი სამერლინში (ლას-ვეგასთან ახლოს მდებარე), კერძო დასახლებაში, წარმოშობით ჩეხ მოდელთან, კამილა პერსესთან ერთად ცხოვრობს. მისი მეზობლები ცნობილი მსახიობი, ნიკოლას კეიჯი და ჩოგბურთის ლეგენდები, ანდრე აგასი და შტეფი გრაფი არიან. £100 მილიონის მფლობელი გრავესენი Mercedes SLR McLaren-ით გადაადგილდება და საფეხბურთო მოედანს მიღმა, საინტერესო ცხოვრებით ტკბება.