Belive

"რუსეთმა 2018-ში ყველა მატჩი იყიდა - ესპანეთთან კონკრეტული გარიგება შედგა" - კანჩელსკისი

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, მასპინძელმა რუსეთმა საუდის არაბეთი და ეგვიპტე დამაჯერებლად დაამარცხა, ხოლო ბოლო ტურში, ურუგვაისთან 0:3 დამარცხდა. რუსეთი პლეი-ოფში გავიდა, სადაც ესპანეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და 1/4-ფინალური საგზური მოიპოვა, რომელშიც, ასევე პენალტების სერიაში ხორვატიასთან დამარცხდა.

"მანჩესტერ იუნაიტედის", "ევერტონის", "ფიორენტინასა" და "რეინჯერსის" ყოფილი ვინგერი ანდრეი კანჩელსკისი მიიჩნევს, რომ რუსეთმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები იყიდა.

თავდაპირველად კანჩელსკისმა რუსეთის საფეხბურთო ნაკრების იმჟამინდელი მთავარი მწვრთნელი - სტანისლავ ჩერჩესოვი გააკრიტიკა. ჟურნალისტის დასმულ კითხვას კი ვეტერანმა ფეხბურთელმა შემდეგი პასუხი გასცა:

"რისთვის ვუგულშემატკივრო? იმისთვის, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა მატჩი იყიდეს? რუსეთმა ყველა მატჩი იყიდა - თქვენ რა არ იცით ამის შესახებ? მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლები ვიყავით. იგივე მოხდა, რაც კორეასა და იაპონიაში, როდესაც იტალიის ნაკრები "გაანადგურეს".

მსოფლიო ჩემპიონატზე ყურებით მიგვათრევდნენ. ვის წინააღმდეგ ვითამაშეთ? ურუგვაისთან მატჩს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა და გავნადგურდით. ესპანეთმა საოცრად გაუგონარი თამაში გვანახა - უცნაური მატჩი გახლდათ.

არ დაფიქრებულხართ, რატომ შეცვალეს ერთ დღეში ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი? დანიშნეს იერო, რომელიც რეზულტატის მიუხედავად, გარანტირებულად განაგრძობდა მუშაობას ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში. ფიქრობთ, რომ ესპანეთის მეფე ასე უბრალოდ ჩამოფრინდა რუსეთში? დამიჯერეთ, უამრავი ინფორმაცია არსებობს, რომელიც თანდათან გამჟღავნდება. ბევრ საინტერესოს შეიტყობთ.

ესპანეთმა არ ითამაშა - ესპანელები წვალობდნენ. ქაოტურად მოქმედებდნენ და კარში დარტყმაზე არ ფიქრობდნენ. მათ მხოლოდ ბურთის ფლობა აინტერესებდათ. ისინი უბრალოდ აგორავებდნენ ბურთს. თქვენი აზრით ფეხბურთი არ მითამაშია და არ ვიცი ეს რას ნიშნავს? მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ინფორმაცია არსებობს. ურუგვაისთან პრეტენზია არ მაქვს - მათთვის სულერთი იყო, ამიტომ გამოვიდნენ მოედანზე და გადაგვიარეს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ესპანეთის მეფე იმიტომ ჩამოვიდა და კონკრეტული გარიგება შედგა. კონკრეტული ადამიანებისგან, მათ შორის ფეხბურთელებისგან მაქვს ინფორმაცია. მათ სახელებს არ გავასაჯაროვებ - მინდა, რომ ყველაფერს ნათელი თავად მოჰფინონ".

სხვა სტატიები