Belive

რუსეთის ნაკრებთან თამაშს არც შვედები აპირებენ

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

შვედეთის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ მათი ნაკრები რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეიოფში თამაშს არ აპირებს. ფედერაციის პრეზიდენტის, კარლ-ერიკ ნილსონის განცხადებით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მნიშვნელობა არ აქვს თუ სად ჩაინიშნება მატჩი. გარდა ამისა, შვედები ფიფას მოუწოდებენ, რომ გაუქმდეს საფლეიფო შეხვედრები, რომელშიც რუსეთი მონაწილეობს.

,,უკრაინაში უკანონო და უსამართლო შეჭრა რუსეთთან საფეხბურთო მატჩის გამართვას შეუძლებელს ხდის. გვიჭირს იმის დაჯერება, რომ ფიფა ჩვენს პოზიციას არ გაითვალისწინებს. მანამ, სანამ ეს სიგიჟე გრძელდება, რუსეთი ვერ შემოგვიერთდება,'' - წერია განცხადებაში.
დღეს პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ჩეზარი კულეშამ, განაცხადა, რომ პოლონელები რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეიოფის შეხვედრას არ ჩაატარებენ. განცხადებას რობერტ ლევანდოვსკიც გამოეხმაურა: ,,ეს სწორი გადაწყვეტილებაა! ასეთ სიტუაციაში, როცა უკრაინაში შეიარაღებული აგრესია გრძელდება, რუსეთთან თამაში ვერ წარმომიდგენია. ამაზე პასუხისმგებლები რუსი ფეხბურთელები და გულშემატკივრები არ არიან, მაგრამ, თავს ვერ მოვიტყუებთ, რომ, თითქოს, არაფერი ხდება.” რუსეთსა და პოლონეთს შორის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეიოფის მატჩი 24 მარტს, მოსკოვშია ჩანიშნული. იმავე დღეს შვედეთი ჩეხეთს ეთამაშება. წყვილებში გამარჯვებულები კი ერთმანეთს ფლეიოფის ფინალში დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები