Belive

რუმენიგე: "ფლიკი ბაიერნში რჩება, ის ლიოვს არ შეცვლის"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ იოაჰიმ ლიოვი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს. ლიოვის ხელმძღვანელობით ბუნდესნაკრები 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი, 2017-ში კი კონფედერაციის თასის გამარჯვებული გახდა. 2008 წელს გერმანიის ნაკრებმა ევროპის ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვა, 2-ჯერ კი მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა. იოაჰიმ ლიოვი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2006 წელს გახდა. მას შემდეგ, რაც ლიოვის ბუნდესგუნდიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა, მედიაში მის შემცვლელებზე აქტიურად დაიწყო მსჯელობა. გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლიოვის შემცვლელად პირველ კანდიდატად იურგენ კლოპი სახელდებოდა, რომელსაც “ლივერპულში” საქმეები კარგად არ მისდის. თუმცა, “წითლების” 53 წლის გერმანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მას მერსისაიდულ გუნდთან კონტრაქტი აკავშირებს და გერმანიის ნაკრების ჩაბარებისთვის მზად არ არის. გერმანიის ნაკრებს დაუკავშირეს მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკიც, რომელსაც “ბაიერნში” ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა. 56 წლის გერმანელმა სპეციალისტმა 2020 წელს “რეკორდმაისტერებს” ყველა ტიტული მოაგებინა. მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ Welt am Sonntag-თან საუბარში კომენტარი გააკეთა იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ფლიკმა "ბაიერნი" დატოვოს და გერმანიის მწვრთნელად დაინიშნოს.
"მე ფლიკს ვუთხარი, რომ მისი მუშაობით ძალიან კმაყოფილები ვართ. გუნდთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული, შესაბამისად, არ ვაპირებთ, რომ შეთანხმება დავარღვიოთ და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ამის შესახებ ფლიკს არაორაზროვნად ვუთხარი. ფლიკი ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს, ამის შესაძლებლობა არ არსებობს, ეს ფაქტია".
რუმენიგემ ასევე დაამატა, რომ გერმანიის საფეხბურთო კავშირი (DFB) მოლაპარაკებებს არ აწარმოეებს იმ სპეციალისტებთან, რომლებსაც კონტრაქტი აქვთ გაფორმებული. ჰანსი ფლიკმა 2019 წლის ნოემბერში "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ნიკო კოვაჩი შეცვალა და "რეკორდმაისტერთან" ერთად უპრეცედენტო წარმატებასაც მიაღწია. ფლიკმა "ბაიერნთან" ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოიგო - ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, უეფას ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, გერმანიის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი .      

სხვა სტატიები