Belive

რონალდუსა და მესის ანაზღაურება - რა თანხას გამოიმუშავებენ მანჩესტერისა და პსჟ-ს ვარსკვლავები?!

1 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ
ფსიქოლოგიის საწყისების, სარაკერო მეცნიერების ან კვანტური ფიზიკის ცოდნა არ გჭირდება იმისათვის, რომ გაიაზრო, რამდენად კოლოსალურ თანხას გამოიმუშავებენ კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი. არავის აქვს იმის ილუზია, რომ პლანეტის ორი უდიდესი სუპერვარსკვლავი, რომელიც თანამედროვე ფეხბურთს ალამაზებს, მინიმალურ ხელფასს თანხმდება და უიმედოდ ითვლის დღეებს ხელფასის დარიცხვამდე. თანამედროვე ფეხბურთში არსებული ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით, გასაგებია, რომ კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი სადაც არ უნდა წავიდნენ კოლოსალურ ანაზღაურებას მიიღებენ. სპორტულ სამყაროში კარგად დამკვიდრებული პრაქტიკა შემდეგია: სუპერვარსკვლავები ასტრონომიულ თანხებს გამოიმუშავებენ. ერთი შეხედვით, მეგა კონტრაქტების განხილვა, საკმაოდ დიდ ენერგიას მოითხოვს და შესაძლოა დამღლელ საქმიანობად მოგეჩვენოთ, მაგრამ, როდესაც საქმე ეხება კონტრაქტებში გაწერილ ასტრონომიულ თანხებს, მოვლენები ცოტათი შემზარავი ხდება... კატალონიურ გრანდში შექმნილი ფინანსური კრიზის ფონზე, მესიმ ანაზღაურების წარმოუდგენლად შემცირებაზე განაცხადა თანხმობა, მაგრამ, სუპერვარსკვლავის "კამპ ნოუზე" დასარჩენად, ესეც კი არ აღმოჩნდა საკმარისი. შედეგად, მესი "პარი სენ-ჟერმენში" გადავიდა. პარიზული გრანდი ევროპის ტოპ-5 საფეხბურთო ლიგაში მოასპარეზე ალბათ ერთადერთი გუნდია, რომელიც მესის კოლოსალურ ანაზღაურებას აუღელვებლად გადაუხდის. 2018 წელს, "იუვენტუსმა" იმ იმედით, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის დახმარებით ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფით დასრულებას შეძლებდა, კრიშტიანუ რონალდუში სოლიდური ინვესტიცია განახორციელა. "ბიანკონერი" იძულებული გახდა ოქროს ბურთის 5-გზის მფლობელს დამშვიდობებოდა, რადგან ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე წარმატების მიღწევა დაუძლეველ დაბრკოლებად იქცა - რონალდუ კი კოლოსალურ ანაზღაურებას იღებდა. კრიშტიანუ რონალდუ კვლავ "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდა. პორტუგალიელის გოლებმა, "წითელი ეშმაკები" კიდევ უფრო დიდი სირცხვილსგან ნამდვილად იხსნა, მაგრამ, 2-წლიანი კონტრაქტი გუნდს ფინანსურად დიდ დარტყმას აყენებს. და მაინც, რა შეიძლება მოგვივიდეს გონებაში, რა თანხას გამოიმუშავებენ კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი?
ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შემოსავალი BetSperts-ის მონაცემების მიხედვით და მათ მიერ შედგენილი სპორტსმენების შემოსავლის კალკულაციის გათვალისწინებით, შესაძლებლობა გვაქვს კიდევ უფრო სიღრმისეულად ჩავწვდეთ გაფორმებულ კონტრაქტებს და ვარსკვლავების სავარაუდო შემოსავლები გავშიფროთ. ორგანიზაციის მტკიცებით, "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლის შემდეგ, ლეო მესი ყოველწლიურად £97.5 მილიონს გამოიმუშავებს, რის შედეგადაც იგი პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია. "პარი სენ-ჟერმენში" არსებული ანაზღაურების პარალელურად, არგენტინელს მნიშვნელოვანი სასპონსორო ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს ისეთ გიგანტებთან, როგორიცაა: adidas, Ginny Hilfiger და სხვა. ყოველწლიურად გამომუშავებული £97.5 მილიონი ნიშნავს, რომ მესის ყოველდღიურად სახლში £267,123 მიაქვს. არგენტინელი საათში £11,130 გამოიმუშავებს. ნამდვილად არაა, ცუდი საათობრივი ანაზღაურება... სინამდვილეში, როდესაც ამ სტატიას ვწერთ, მესი იმაზე მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე ჩვენ ოდესმე შევძლებთ, რაც საკმაოდ დამთრგუნველია. ოქროს ბურთის 7-გზის ტრიუმფატორი წუთში დაახლოებით £185 და წამში £3.09 გამოიმუშავებს. მეტი თვალსაჩინოებისათვის, 2021 წელს, დიდ ბრიტანეთში საშუალო წლიური ანაზღაურება £38,131 შეადგენს, რაც საკმაოდ კარგ შემოსავლად ითვლება - ამ თანხას ლეო მესი 2 საათსა და 34 წუთში შოულობს. ცნობისათვის, საქსტატის ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2021 წელს, საქართველოში საშუალო თვიური ანაზღაურება 1463.8 ლარს შეადგენს. რა დრო დასჭირდება ლეო მესის ამ თანხის მისაღებად, თავად დაიანგარიშეთ. კრიშტიანუ რონალდუს ანაზღაურება არანაკლებ თვალსაჩინოა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იგი "მანჩესტერ იუნაიტედში" ხელფასის შემცირებას დათანხმდა და ბევრად ნაკლებს გამოიმუშავებს, ვიდრე მესი. კლუბისგან მიღებული შემოსავლის პარალელურად, რონალდუ სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობითა და საკუთარი ბრენდის CR7-ის პოპულარიზაციით, ყოველწლიურად £86.25 მილიონს იღებს. მართალია მესიზე ნაკლები შემოსავალია, მაგრამ, რონალდუს საწუწუნო არაფერი აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, რონალდუ საათში £9,846 გამოიმუშავებს. პორტუგალიელის ანაზღაურება წუთში £164, ხოლო წამში £2.74 შეადგენს. იმ დროის განმავლობაში, რაც მკითხველს ამ სტატიის წასაკითხად დასჭირდება, რონალდუ და მესი სოლიდურ თანხას გამოიმუშავებენ. ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა შორის ასევე არიან, ჩოგბურთის ლეგენდა - როჯერ ფედერერი. NBA-ს სუპერვარსკვლავები - სტეფ კარი და კევინ დურანტი. NFL-ის საკულტო მოთამაშე - ტომ ბრედი და ლეო მესის თანაგუნდელები - ნეიმარი და კილიან მბაპე. სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარი ყოველწლიურად  £71.625 მილიონს, ხოლო კილიან მბაპე £32.25 მილიონს იღებს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, მბაპემ "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას მიაღწია, რის შედეგადაც მისი შემოსავალი კიდევ უფრო გაიზრდება. იმ დროის განმავლობაში, რაც ამ სტატიის დასაწერად დაგვჭირდა, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებმა ასობით ათასი დოლარი გამოიმუშავეს. სასიამოვნო უნდა იყოს, როდესაც ფეხბურთის თამაშში, ასეთ სოლიდურ თანხას გამოიმუშავებ, არა? ცუდი ნამდვილად არ არის!

სხვა სტატიები