Belive

რონალდუს ასისტენტობიდან ოქროს ბურთის პრეტენდენტობამდე: ბენზემა მადრიდის მეფეა

4 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
რონალდუმ "რეალში" ეპოქა შექმნა. პორტუგალიელი ჰეთ-თრიქს ხშირად ასრულებდა და როდესაც სეზონში 40-50 გოლი სტაბილურად გაჰქონდა, ეს აღარავის უკვირდა. მან დაუჯერებელი სტანდარტად აქცია. თავბრუდამხვევი წარმატების უკან, იდეალური მეწყვილე, ქარიმ ბენზემა იდგა, რომლის მთავარი ამოცანა პორტუგალიელისთვის სივრცის გათავისუფლება და საგოლე შანსის მიცემა იყო. მას ეს იდეალურად გამოსდიოდა. ბენზემა "რეალში" სათამაშოდ 2009 წელს, "ლიონიდან" გადავიდა. ესპანეთში მას რონალდუ და გონსალო იგუაინი ელოდებოდნენ. ამ უკანასკნელთან, ბენზემა მუდმივ კონკურენციაში იმყოფებოდა და როგორც არგენტინელი იხსენებს, ეს მდგომარეობა შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას განაპირობებდა. 2013/14 წლების სეზონში, "რეალში" საბოლოო არჩევანი ბენზემაზე შეაჩერეს. იგუაინს გოლები სტაბილურად გაჰქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ მადრიში, ბენზემაში უფრო მეტი პოტენციალი დაინახეს. იგუაინმა კარიერა იტალიაში გააგრძელა და მისი შთამბეჭდავი ასპარეზობის მიუხედავად, მადრიდში მალე მიხვდნენ, რომ არ შემცდარან. ბენზემა დაუღალავად შრომობდა. 450 გოლით, პორტუგალიელი თავდამსხმელი "რეალის" ყველა დროის ბომბარდირი გახდა და ამაში ბენზემას დიდი წვლილი იყო. ფრანგი ფორვარდი მუდმივად რონალდუს ჩრდილში იმყოფებოდა, თუმცა "იუვენტუსში" გადაბარგების შემდეგ, მას მეტი შანსი მიეცა - ბენზემას თავის თავზე გაცილებით მეტი უნდა აეღო. ...და ასეც მოხდა - ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე, ბოლო სეზონების განმავლობაში, ბენზემას ნაჩვენები შედეგებია, სადაც ჩანს, რომ მისმა სტაბილურობამ და შედეგიანობამ მნიშვნელოვნად მოიმატა. ასევე უნდა ვთქვათ, რომ ფრანგი მიმდინარე სეზონში საუკეთესო ფორმაში იმყოფება.

ბოლო 4 მატჩში 10 გოლი გაიტანა და კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში, ზედიზედ 2 მატჩში, ჰეთ-თრიქი შეასრულა. ბენზემა "მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელი" გახდა - ეს სიტყვები კარლო ანჩელოტის ეკუთვნის. მეტიც, იგი ოქროს ბურთის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია.
"რონალდუს წელიწადში 50-60 გოლი გაჰქონდა. იმ პერიოდში მოედანზე უფრო მეტი მოძრაობა მიწევდა, რათა მისთვის მეტი თავისუფალი სივრცე შემექმნა. მისი წასვლის შემდეგ, გოლების გატანა და მეტი საგოლე პასის გაკეთება ჩემი საქმე გახდა", - თქვა ბენზემამ France Football-თან საუბრისას.
316 გოლით, "რეალის" ყველა დროის ბომბარდირებს შორის, ბენზემა მე-3 ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე, ცხადია, რონალდუა, მას კი რაული მოსდევს. 8 გოლის გატანის შემდეგ, ფრანგი ფორვარდი, ალფრედო დი სტეფანოს, ფერენც პუშკაშის, უგო სანჩესისა და ემილიანო ბუტრაგენიოს მსგავსად, რაულსაც უკან ჩამოიტოვებს (აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ ადრე, პენალტებს რონალდუ და რამოსი ასრულებდნენ, რომლებსაც 11-მეტრიანი ნიშნულიდან, შესაბამისად, 91 და 26 გოლი მოუგროვდათ).

ბენზემასთვის მთავარი სტატისტიკა არაა

"ბოლო პერიოდში უფრო მეტი გოლი გამაქვს, თუმცა ჩემს საფეხბურთო სტილში ცვლილებებს ვერ ვხედავ. მე კვლავ ბევრს ვმოძრაობ, ვცდილობ ვიყო კრეატიული და ერთი შეხებით ვითამაშო. ჩვენ აღარ ვუყურებთ იმას, თუ რას აკეთებს ფეხბურთელი მოედანზე და სანაცვლოდ, ტაბლოზე გამოსახულ გოლის ავტორებს ვაკვირდებით. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ცუდად მითამაშია და გოლი მაინც გამიტანია, ასეთ დროს კი მაინც საუკეთესოდ მთვლიან, რაც არასწორია", - თქვა ბენზემამ France Football-თან 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელების შემდეგ.
ბენზემას ნაკრებში დაბრუნება წარმატებულად უნდა შეფასდეს. ძირითად შემადგენლობაში, მან ოლივიე ჟირუს ადგილი წაართვა და ოქტომბერში, ერთა ლიგის ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მბაპეს სახით, საფრანგეთში მას იდეალური მეწყვილე ჰყავს. ესპანეთში კი, ედენ აზარის კრახის შემდეგ, ვინისიუს ჟუნიორმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. დღეს, ბენზემას საუკეთესო პარტნიორად ვინისიუსი შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომელიც ფრანგს არამარტო ასისტებით ამარაგებს, არამედ მეტოქის კარის აღებაზე თავადაც ზრუნავს. იმის ფონზე, რომ მბაპე "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს, მისი სახელი "რეალს" უფრო და უფრო ხშირად უკავშირდება და შესაძლოა, ზაფხულიდან "ბერნაბეუზე" მრისხანე ტრიო ვიხილოთ. შეჯამებისთვის, გაცვეთილ, თუმცა სწორ შედარებას მოვიყვანთ - ბენზემა კარგ ღვინოს, ან ვისკის ჰგავს, რომელიც დაძველებისას გაცილებით უფრო ხარისხიანი გახდა. ერთი რამ ფაქტია - თუკი გიყვართ ფეხბურთი, ბენზემას უნდა აფასებდეთ. ასე რომ, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და დავტკბეთ მისი კარიერის საუკეთესო პერიოდით.

სხვა სტატიები