Belive

რონალდუ არ დახვდათ - ათასობით ადამიანი სხვის ქორწილში მივიდა

3 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე, ფუნშალის ღვთისმშობლის მიძინების ტაძართან, მოულოდნელი და კურიოზული სცენა დატრიალდა. ათასობით ტურისტი და ჟურნალისტი ტაძრის კარებთან იმ რწმენით შეიკრიბა, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუსა და მისი პარტნიორის, ჯორჯინა როდრიგესის ჯვრისწერას იხილავდა. სინამდვილეში კი ცერემონია რიგით წყვილს ეკუთვნოდა, რომელსაც ფეხბურთის ლეგენდასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.

ადგილობრივ გამოცემა Jornal da Madeira-ზე დაყრდნობით, გასული კვირის განმავლობაში, მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ჭორი, თითქოს რონალდუ შაბათ/კვირას მშობლიურ მადეირაში დაქორწინებას გეგმავდა. შედეგად, ცნობისმოყვარე ხალხის ნაკადი ტაძარს უმალვე მიაწყდა.

ნამდვილი ქორწილის გმირები - პატარძალი ნიკოლი და საქმრო ფაბიო, ადგილზე მისვლისას, შოკისმომგვრელი სურათის მოწმენი გახდნენ. ტაძრის მიმდებარე მოედანი გადაჭედილი იყო ხალხით, რომლებიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტსმენის ცხოვრებაში „ისტორიული მომენტის“ დაფიქსირებას ელოდნენ.

პორტუგალიურმა ტელეარხმა SIC Notícias-მა შეკრებილი ხალხის კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს შესასვლელთან ალყაშემორტყმული ასობით ჟურნალისტი და ტურისტი. ტაძრის ადმინისტრაციის განცხადებით, მათ მსგავსი მასშტაბის ქაოსი არასდროს უნახავთ.

შექმნილი ვითარების გამო, ფუნშალის ტაძარმა ოფიციალურ Facebook-გვერდზე განცხადებაც კი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ შეკრებილი მასის გამო პატარძალს შენობაში შესვლა გაუჭირდა.

მოგვიანებით ტაძარმა ახალდაქორწინებულებს, ნიკოლსა და ფაბიოს, ბედნიერება უსურვა და დასძინა: „ჟურნალისტებისა და ტურისტების მიერ ქუჩაში შექმნილი სრული ქაოსის შემდეგ, როგორც იქნა შევძელით კარების დახურვა და ქორწილის ჩვეულებრივ აღნიშვნა“.

რონალდუს რეაქცია

მთელმა ამ ისტორიამ თავად კრიშტიანუ რონალდუც კარგად გაახალისა. ვარსკვლავმა Jornal da Madeira-ს Instagram-პოსტზე რამდენიმე სიცილის ემოჯი დატოვა, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ გავრცელებულ ჭორებს არანაირი საფუძველი არ გააჩნდა.

რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი უკვე წლებია ერთად არიან და საერთო შვილებიც ჰყავთ, თუმცა, მედიაში პერიოდული სპეკულაციების მიუხედავად, ოფიციალური ქორწინების გეგმები არასდროს გამოუცხადებიათ.

სხვა სტატიები