Belive

როი კინისა და სქოულზის გარეშე - გრილიშმა პრემიერლიგის ყველა დროის 10 საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ სიტის'' შემტევმა, ჯეკ გრილიშმა, პრემიერლიგის ყველა დროის 10 საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა. 26 წლის ფეხბურთელის რჩეულთა შორის ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ორი ლეგენდა, როი კინი და პოლ სქოულზი, ვერ მოხვდა. პრემიერლიგის 10 საუკეთესო ნახევარმცველი გრილიშის ვერსიით: 10. დავიდ სილვა ,,ვფიქრობ, ის ერთ-ერთი საუკეთესო ესპანელია, ვისაც პრემიერლიგაში უთამაშია. იმ მაისურებს შორის, რომელიც სახლში მაქვს, მისი მაისური ერთ-ერთი გამორჩეულია. სილვა ძალიან ტექნიკური და ნიჭიერი ფეხბურთელია და მის მიერ მოპოვებული თასები ყველაფერზე თავად მეტყველებს.''

9. პატრიკ ვიეირა  ,,ვიეირა ძალიან წარმატებული იყო პრემიერლიგაში და იმ უძლეველ არსენალში უდიდეს როლს თამაშობდა. მის წინააღმდეგ თამაშს არ ვისურვებდი.'' 8. გარეტ ბეილი ,,ვიცი, რომ ის უფრო ფორვარდად ჩამოყალიბდა, მაგრამ პრემიერლიგაში თამაშისას ჯერ მარცხენა მცველი იყო, შემდეგ კი - მარცხენა ნახევარმცველი.'' 7. სესკ ფაბრეგასი ,,ფაბრეგასი ერთ-ერთია იმ ფეხბურთელებს შორის, რომელმაც პრემიერლიგაში 100-ზე მეტი ასისტი მიითვალა. როცა სესკი არსენალში მივიდა, ახალგაზრდა ტალანტზე მთელ მსოფლიოში ძალიან ბევრს საუბრობდნენ.'' 6. იაია ტურე ,,ვილაში დებიუტისას, იაია ტურეს წინააღმდეგ ვითამაშე, ის მატჩი 0:4 წავაგეთ. მქონდა ფოტო, სადაც ის ჩემ გვერდით გარბოდა, მთელი გუნდი მოატყუა და გაიტანა. იმ სეზონში საოცრად ითამაშა,''

5. ფრენკ ლამპარდი ,,პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ნახევარმცველებს შორის. ვილაში ჯონ ტერის მის შესახებ ყოველთვის ვეკითხებოდი. მან მითხრა, რომ ფრენკი ყოველ დღე მარტო რჩებოდა და დარტყმებზე ვარჯიშობდა, სწორედ ამიტომ გაიტანა ამდენი გოლი.'' 4. რაიან გიგზი ,,მგონი, პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი ასისტი მის ანგარიშზეა, ამიტომაც არის მეოთხე.'' 3. კევინ დე ბრუინე ,,ჩემთვის საუკეთესო ფეხბურთელი ამ მომენტში. თუ მის წინააღმდეგ არ გითამაშია, ვერ მიხვდები, როგორი კარგია ის. შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი, რასაც კევინი აკეთებს, განსაკუთრებულია.'' 2. სტივენ ჯერარდი ,,ის და ჯონ ტერი პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო კაპიტნები არიან. ჯერარდს ბევრი შესანიშნავი გოლი აქვს გატანილი. კარიერის პიკში მას ყველაფერი ჰქონდა.'' 1. კრიშტიანუ რონალდუ ,,ვიცი, რომ ის თავდამსხმელი გახდა, მაგრამ პრემიერლიგაში ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. სწორედ მასსა და მესის შორისაა დაპირისპირება თუ ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი.''

 

სხვა სტატიები