Belive

როგორ გადააქცია მანჩინიმ მსოფლიო ჩემპიონატის "ფლოპი" EURO 2020-ის ფარულ ფავორიტად

2 წლის წინ ფეხბურთი
8 წთ
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კატასტროფულად დასრულების შემდეგ, რობერტო მანჩინის იტალია EURO 2020-ის გახსნით შეხვედრაში თურქეთს დაუპირისპირდება. EURO 2020-ის გახსნითი მატჩი, რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართება. რომში გასამართ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას, "სკუადრა აძური" 27-მატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება. "მანჩესტერ სიტის" ყოფილი მთავარი მწვრთნელის მეთაურობით, იტალიის საფეხბურთო ნაკრებში ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა. ცრემლები, საერთაშორისო საფეხბურთო კარიერის დასრულება, გადადგომა და საყოველთაო უკმაყოფილება - ეს ყველაფერი 60 წლის განმავლობაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩენის გამოძახილი გახდა. როგორ შეძლო მენტალურად დაცემულმა ნაკრებმა, რომლის მთავარი მწვრთნელიც გადამდგარი იყო, ახალი იდენტობის შექმნა და გამარჯვებულის მენტალიტეტის აღდგენა.

იტალიას მანჩინი სჭრიდებოდა და მანჩინის კი - იტალია 

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი, იტალიურმა La Gazzetta dello Sport-მა "დასასრულად" შეაფასა. კიდევ ერთი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი კიდევ უფრო შორს წავიდა და საკვალიფიკაციო ეტაპი "აპოკალიფსად" მოიხსენია.
Untitled

იტალიის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, ჯან პიერო ვენტურას წასვლიდან 6 თვის შემდეგ, რობერტო მანჩინიმ მეტად საპახუსისმგებლო და პრინციპული დავალება მიიღო. "გალათასარაიში", "ინტერსა" და "ზენიტში" გატარებული წლების შემდეგ, 56-წლის სპეციალისტმა იტალიის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩაიბარა.
"გაჩნდა შთაბეჭდილება, რომ მანჩინის საკუთარი შესაძლებლობები ამოწურული ჰქონდა და ტოპ დონის გუნდსა თუ ნაკრებს ვეღარ გაუძღვებოდა, მაგრამ იტალიას მანჩინი სჭირდებოდა და მანჩინის კი - იტალია", - აღნიშნა ევროპელმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ჯეიმს ჰორნკასლმა. "როდესაც მანჩინი იტალიის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს, ქვეყანა სრულ ეიფორიაში აღმოჩნდა. მისი შედეგებიდან გამომდინარე, იტალიაში მანჩინი საკმაოდ პატივსაცემი პიროვნებაა", - აღნიშნა იტალიისა და "ჩელსის" ყოფილმა ნახევარმცველმა, რობერტო დი მატეომ.  "იტალიაში ის ლეგენდაა. მის შესაძლებლობებსა და გენიალურობაში იტალიაში ეჭვი არასდროს შეპარვიათ." 
5-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, მანჩინის სადებიუტო შეხვედრაში იტალიამ საუდის არაბეთი მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მას შემდეგ იტალია შეუჩერებელია, მანჩინის კი მოგების 74% პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს - მეტი ვიდრე იტალიის საფეხბურთო ნაკრების ნებისმიერ მენეჯერს.
"გვჭირდებოდა ქარიზმატული ლიდერი, რომელსაც ფანები და ფეხბურთელები პატივს სცემდნენ და მის შესაძლებლობეში ეჭვს არ შეიტანდნენ", - აღნიშნა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა დანიელე ვერიმ.  "მანჩინიმ შეძლო და "მანჩესტერ სიტისა" და "ინტერს" ტიტულები მოაგებინა. მანჩინის გაწვრთნილი "ფიორენტინა" და "ლაციო" "კოპა იტალიას" გამარჯვებულები გახდნენ. ყველგან სადაც მივიდა, მანჩინიმ წარმატებას მიაღწია. მას კარგი ფეხბურთელები ჰყავდა, მაგრამ ბრწყინვალე ნიჭის გამო უდიდეს პატივისცემას იმსახურებს." "მას შემდეგ, რაც მანჩინი მოვიდა მოვლენები პოზიტიურად განვითარდა. ეს ყველაფერი ადვილად შესამჩნევია ნაკრების სავარჯიშო შეკრებებსა და ფეხბურთელების განწყობაში, რაც საბოლოო ჯამში წარმატებას განაპირობებს". 

ტრადიციების უარყოფა და ახალგაზრდული შემართება

ერთ-ერთი პირველი, რაც მანჩინიმ იტალიის საფეხბურთო ნაკრების ხელახლა "დაბადების" დროს გააკეთა - ტრადიციულ კონტრ-შეტევით სათამაშო სტილზე უარის თქმა აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ სტილით თამაში დაეხმარა იტალიას, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის ოთხჯერ მოპოვებაში.
"მისი ქმედება ტრადიციებს ეწინააღმდეგებოდა, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე განცდილი ფიასკოს შემდეგ, მანჩინის ყველაფრის უფლება ჰქონდა", - ამატებს რობერტო დი მატეო. "ფანებმა მანჩინის გადაწყვეტილება, საკმაოდ კარგად მიიღეს. მანჩინის თითოეული ფეხბურთელი საკმაოდ მაღალი დონის მოთამაშეა - თითოეულ მათგანს ბურთთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს და თითოეული მათგანი ასპარეზობს კლუბში, რომელიც პროგრესულ ფეხბურთს თამაშობს. შესაბამისად, მანჩინიმ მართებული გადაწყვეტილება მიიღო."


4-3-3 ფორმაციაზე გადაწყობის შემდეგ, იტალიის საფეხბურთო ნაკრებმა 17 შეხვედრაში 53 გოლის გატანა შეძლო და მხოლოდ 3 გაუშვა. იტალიის საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში მრავლად გამოჩნდნენ ახალგაზრდა ვარსკვლავები. 2017 წლის U21 ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში მოასპარეზე ნაკრების 6 წევრი, იტალიის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში დაწინაურდა და ისეთი ვეტერანი ლიდერების მხარდამხარ იასპარეზა, როგორიცაა ჯორჯო კიელინი და ლეონარდო ბონუჩი. იტალიის საფეხბურთო ნაკრების განაცხადის შედგენის დროს, მანჩინი არ ერიდებოდა ისეთი ახალგაზრდა ფეხბურთელების გამოძახებას, რომლებიც არ ასპარეზობდნენ ტოპ კლუბებში. თვალსაჩინო მაგალითია 21-წლის ნიკოლო ბარელა, რომელიც "კალიარიდან" "ინტერში" ახალი გადასული იყო და "სასუოლოს" 21-წლის ამომავალი ვარსკვლავი ჯაკომო რასპადორი. იტალიელი გულშემატკივრები რასპადორიზე დიდ იმედებს ამყარებენ და მას სახელოვან პაოლო როსის ადარებენ. ჯაკომო რასპადორი გახდა 35-ე დებიუტანტი, რომელმაც მანჩინის იტალიის ნაკრებში იასპარეზა. რობერტო მანჩინიმ ნაკრებში სხვადასხვა დროს 67 ფეხბურთელი გამოიძახა.
"ეს ყველაფერი იმის ნათელი დემონსტრირებაა, რომ იტალიას საკმაოდ მრავლად ჰყავს ამომავალი ვარსკვლავები, რომელთაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ ნაკრების გაძლიერება. U21 და სერია ა-ს დონეზე არაერთი მაღალი დონის ფეხბურთელი ასპარეზობს", - აღნიშნა დი მატეომ.

არის იტალია EURO 2020-ის ფარული ფავორიტი?

რამდენიმე გამოკვეთილ ფავორიტს შორის, იტალია აუცილებლად უნდა დასახელდეს. საკვალიფიკაციო ეტაპის განმავლობაში, იტალიამ ათივე შეხვედრის მოგება შეძლო. ოქტომბერში, "ერთა ლიგის" ფინალურ სტადიაზე, ნიდერლანდების, პოლონეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ბარიერის გადალახვით, მანჩინის იტალიამ მორიგ მნიშვნელოვან ნიშნულს მიაღწია. 2020 წლის ოქროს ბუცის მფლობელი - ჩირო იმობილესა და სხვა ვარსკვლავების გუნდში ყოფნის გამო, რობერტო დი მატეო მიიჩნევს, რომ იტალია 2012 წლის შემდეგ, პირველად შეძლებს ფინალში გასვლას.
"ბარელას ფანტასტიკური სეზონი ჰქონდა. "იუვენტუსის" ვინგერი - ფედერიკო კიეზა უდიდესი ტალანტია. მას შეუძლია მატჩის მსვლელობა საკუთარ თავს მოარგოს და უდიდეს სიურპრიზად იქცეს. დარწმუნებული არ ვარ, რომ მის შესახებ ბევრმა ადამიანმა იცოდეს. უკანასკნელი 2-3 წლის მანძილზე, იმობილემ უამრავი გოლი გაიტანა. ლორენცო ინსინიე, დომენიკო ბერარდი, ანდრეა ბელოტი - საოცრად ძლიერი შეტევითი პოტენციალი გვაქვს", - აღნიშნა რობერტო დი მატეომ. 


ნახევარდაცვაში რობერტო მანჩინის არანაკლებ ვარსკვლავური შემადგენლობა ჰყავს. ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი - ჟორჟინიო და "პარი სენ ჟერმენის" ვარსკვლავი -მარკო ვერატი, იტალიის ნახევარდაცვის მთავარი ბურჯები არიან. იტალიის საფეხბურთო ნაკრების თამაშს, სწორედ ეს ორი ვარსკვლავი დირიჟორობს.
"მხოლოდ რამდენიმე რანკრებია, რომელიც ამ კომპონენტში იტალიას გაუტოლდება. ბარელა იდეალურ ფორმაშია. ასევე არ დავივიწყოთ ფედერიკო ბერნანდესკი, მაუელ ლოკატელი და ბრაიან კრისტანდე, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში თამაშს ძალიან გაამწვავებენ", - აღნიშნა ვერიმ. 

სხვა სტატიები