Belive

როგორ გაამართლა ჩელსის ახალგაზრდულმა ტრანსფერებმა?

1 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ
"ჩელსის" ახალგაზრდა ტალანტების შეძენის დიდხნიანი "ტრადიცია" აქვს. ისტორიის მანძილზე "ლურჯებში" უამრავმა ახალგაზრდამ ითამაშა, რომელზეც დიდი იმედები მყარდებოდა. ზოგმა გაამართლა, ზოგმაც დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა. ჩვენ შემოგთავაზებთ "არისტოკრატების" ახალწვეულებს, რომლებიც ლონდონურ კლუბში საკმაოდ მცირე ასაკში გადავიდნენ.

გლენ ჯონსონი (£6 მილიონი)

სიაში პირველია ინგლისელი გლენ ჯონსონი, რომელიც 2003 წლის ივლისში, 18 წლის ასაკში, ლონდონურ კლუბში "ვესტ ჰემიდან" 6 მილიონ ფუნტად გადავიდა. რომან აბრამოვიჩის ხელმძღვანელობისას გლენი პირველი დადასტურებული შენაძენი იყო. მან "ლურჯების" შემადგენლობაში 71 მატჩი ჩაატარა. ინგლისელმა კლუბში 4 წელი გაატარა და გუნდთან ერთად პრემიერლიგის ჩემპიონობაც იზეიმა. ჯონსონმა "ჩელსი" 2007 წელს დატოვა და "პორთსმუთს" შეუერთდა.

ჯონ ობი მიკელი (£18 მილიონი)

ნიგერიელი ფეხბურთელი "ჩელსის" ნორვეგიული კლუბიდან "ლინ ოსლოდან" 2006 წელს შეუერთდა. 19 წლის ფეხბურთელმა მალევე მოიპოვა ადგილი სასტარტო შემადგენლობაში და გუნდსაც კარგად მოერგო. ჟოზე მოურინიოს გუნდში ჯონი ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო. მან გუნდთან ერთად პრემიერლიგის ორი ტიტულისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო. ობი მიკელმა გუნდი 2017 წელს დატოვა.

დენიელ სტარიჯი (თავისუფალი აგენტი)

ლონდონელებმა სტარიჯი "მანჩესტერ სიტიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატეს. აღნიშნული ტრანსფერი 2009 წლის 3 ივლისს შედგა, სამი დღით ადრე, ვიდრე მისი კონტრაქტი "ქალაქელებთან" ამოიწურებოდა. ინგლისელმა ლონდონური კლუბის შემადგენლობაში 96 მატჩი ჩაატარა და 24 გოლის გატანა შეძლო. მან გუნდთან ერთად პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. დენიელი 2013 წელს "ლივერპულში" 12 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა.

ტიბო კურტუა (£7 მილიონი)

ინგლისურმა კლუბმა ბელგიელი მეკარე "გენკიდან" 2011 წელს დაიმატა, თუმცა მალევე "ატლეტიკოში" გაანათხოვრა. ტიბომ, თავისი ორ წლიანი ვოიაჟის დროს მადრიდში, შეძლო და მეკარეთა ელიტაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა. ინგლისში დაბრუნებამდე ბელგიელმა ლა ლიგა მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა. 2014/2015 წლების სეზონის წინ კურტუა ინგლისში დაბრუნდა და სასტარტოში ადგილის დამკვიდრება არ გასჭირვებია. ის გუნდს პრემიერლიგის ორი ტიტულის, ასოციაციის თასისა და EFL თასის მოგებაში დაეხმარა. საბოლოოდ 2018 წელს ის კვლავ მადრიდში დაბრუნდა, თუმცა, ამჯერად "რეალის" შემადგენლობაში.

რომელუ ლუკაკუ (£14 მილიონი)

ლუკაკუ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდად ითვლებოდა. "ანდერლეხტში" ყოფნის დროს, ბელგიის პრო ლიგის 2009/2010 წლების სეზონში 15 გოლის გატანით ლუკაკუმ დაამტკიცა, რომ უდიდესი პოტენციალი ჰქონდა. მომავალ სეზონში მან, ყველა ტურნირზე, 20 გოლის გატანა შეძლო და საბოლოოდ 14 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ "ჩელსიში" აღმოჩნდა. სამი წლის განმავლობაში, ლუკაკუმ არც ისე კარგად წარმოაჩინა თავი და საბოლოოდ "ევერტონში" გაიყიდა. წლების შემდეგ, "ინტერში" ჩატარებული არაჩვეულებრივი სეზონის შემდეგ, ბელგიელი კვლავ ლონდონელების რიგებში დაბრუნდა.

ანდრეას კრისტენსენი (თავისუფალი აგენტი)

კრისტენსენი, სულ რაღაც 15 წლის იყო, როდესაც "ბრონდბიდან" "ჩელსიმ" უფასოდ დაიმატა. დანიელი მცველი ოფიციალურად დასავლეთ ლონდონურმა კლუბმა იმავე ზაფხულს წარადგინა და მისი დებიუტი ლიგის თასის მატჩში "შრიუსბერი თაუნთან" შედგა. შემდეგ კრისტენსენი იჯარით "მიუნხენგლადბახის ბორუსიაში" გადავიდა, სადაც ბუნდესლიგაში რეგულარული თამაშით მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო და "არისტოკრატებს" 2017 წელს დაუბრუნდა. ცენტრალურმა მცველმა "ლურჯების" შემადგენლობაში სულ 160 თამაშში ჩაატარა და ხუთი ტიტულიც მოიგო, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, კონტრაქტის გაუქმება გადაწყვიტა და 2022 წლის ივლისში "ბარსელონას" უფასოდ შეუერთდა.

ტორგან აზარი (£450,000)

აზარი "ჩელსიში" "ლანსიდან" მას შემდეგ გადავიდა, რაც ლონდონურმა კლუბმა მისი ძმა ედენი "ლილიდან" დაიმატა. მაშინ, როცა ედენი გულშემატკივრებს ანცვიფრებდა საკუთარი კლასით, ტორგანმა არაერთი კლუბი მოიარა, იჯარის წესით. საბოლოოდ, 2015 წელს "გლადბახს" შეუერთდა, სადაც 4 წელი დაჰყო, ვიდრე "დორტმუნდს" შეუერთდებოდა.

კურტ ზუმა (£13 მილიონი)

ფრანგი მცველი 2014 წლის ინავარში "სენტ-ეტიენიდან" შუერთდა "ჩელსის". ზუმამ გუნდში 7 წელი გაატარა და 151 შეხვედრაც მოაგროვა ლურჯი მაისურით. მან 5 ტიტულის მოგება შეძლო, მათ შორის, 2 პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა. გასულ ზაფხულს კურტი გუნდმა "ჩაქუჩებში" £30 მილიონის სანაცვლოდ გაუშვა.

გაბრიელ სლონინა (£12.3 მილიონი)

სლონინა "ჩელსის" უახლესი თინეიჯერი შენაძენია, რომელიც "ჩელსიში" 2022 წლის 2 აგვისტოს "ჩიკაგოდან" გადავიდა და ექვსწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 18 წლის ფეხბურთელის კლვლავ MLS- ში განათხოვრებას აპირებენ, მაგრამ, ჯერ ისევ გუნდთან ერთად რჩება. სლონინა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია MLS-ის ისტორიაში, რომელმაც მატჩი სასტარტოდან დაიწყო.

ქერნი ჩუკვუემეკა (£20 მილიონი)

"ჩელსის" მიერ, 2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრაზე, "ასტონ ვილას" ნახევარმცველ ჩუკვუემეკას დამატება საკმაოდ უცნაური იყო. 18 წლის ფეხბურთელმა ბირმინგემში 5 წელი გაატარა. პირველ გუნდში მისი დებიუტი 2020/2021 წლების სეზონში შედგა და 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სხვა სტატიები