,,როგორ დაიპყრო კვარადონამ ევროპა'' - რას წერს ballondor.com ხვიჩა კვარაცხელიაზე
17 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ოქროს ბურთის ნომინანტთა შორის დასახელების შემდეგ, Ballon d'Or-ის ვებგვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი სტატია მიუძღვნა:
2026 წლის აპრილში, ერთ-ერთ ყველაზე გიჟურ და მომაჯადოებელ ევროპულ მატჩში, კვარაცხელიამ ბაიერნის კარში ორი გოლი გაიტანა და ამით ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში შესრულებული საგოლე მოქმედებებით კლუბის რეკორდი დაამყარა.
7 დღის შემდეგ, საპასუხო შეხვედრაში, მის შესანიშნავ ჩაწოდებას პსჟ-ს პირველი გოლი მოჰყვა და იგი გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც საგოლე მოქმედებით თავი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ შვიდ მატჩში გამოიჩინა. ამგვარად, ეს განსაკუთრებით წარმატებული თვე აღმოჩნდა ქართველისთვის, რომელიც პსჟ-ს 2025 წლის იანვარში 80 მილიონ ევროდ შეუერთდა.
დაიბადა და გაიზარდა თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, რომელიც მტკვრის ნაპირებზეა გაშენებული. კვარაცხელია, პირველ ყოვლისა, მხიარული ფეხბურთელია, რომელიც გულშემატკივრების გართობაზე ზრუნავს. ის მიმართავს დრიბლინგს, ატყუებს მეტოქეებს და რადგან ორივე ფეხს თანაბრად კარგად ფლობს, ბურთთან მისი თითოეული შეხება მცველებისთვის გამოცანად რჩება. არაორდინალური სირბილით ყველაზე სწრაფ განაპირა მცველებსაც კი უსწრებს. ამის საუკეთესო აღწერა ელეგანტური ქაოსია.
ერთდროულად დამანგრეველი და გამჭრიახი - ეს ყველაფერი ერთად ამაღელვებელ სანახაობას ქმნის და არცაა გასაკვირი, რომ ნაპოლის გულშემატკივრებმა ქართველს უმაღლესი პატივი მიაგეს და დიეგო მარადონას შეადარეს - ის იყო „კვარადონა“, მოთამაშე, რომელსაც ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელის მსგავსად, ჯადოქრობა შეუძლია.
რაც კვარაცხელიას გამოარჩევს, მისი მუდმივი კრეატიულობაა - უნარი, მიაღწიოს მწვერვალებს და კვირიდან კვირამდე თამაშზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს.
გასული წლის სტატისტიკაც ამას ადასტურებს: ყოველ მატჩში ის საშუალოდ 11,7-ჯერ მიიწევდა ბურთით წინ და 5,3 დრიბლინგს ასრულებდა. 25 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე საშუალოდ 2,3 ჩაჭრაა, რაც მის შრომისმოყვარეობაზე მეტყველებს, რადგან ასეთი მაჩვენებელი უფრო მცველებს ახასიათებთ.
და, რა თქმა უნდა, არის გოლები და საგოლე გადაცებებიც, რომლებიც რეგულარულად ხვდება მთავარ სათაურებში, მაგრამ ჩვენ მათ შესახებ ისედაც ვართ ინფორმირებულნი.
როდესაც პარი სენ ჟერმენმა 2025 წლის დასაწყისში კვარაცხელიას სანაცვლოდ დიდი თანხა გადაიხადა, ის იმ რთული პირობით დაიმატეს, რომ მესის, მბაპესა და ნეიმარის შემდგომ ერაში კლუბის გამორჩეული ფიგურა იქნებოდა - მან ეს მოვალეობა უეჭველად შეასრულა.
კვარაცხელიაზე საუბრისას ახსენებენ ღირებულებებს, რომლებიც იდეალურ ადამიანს ახასიათებს. ის თავმდაბალია, გულუხვია, პატრიოტია - სამშობლოსადმი ღრმა სიყვარულით, რომელიც ნაციონალიზმს მოკლებულია და მხოლოდ სიამაყეს მოიცავს. ის ოჯახს ყველა სხვა პრიორიტეტზე მაღლა აყენებს და წარმოუდგენლად ბევრი იშრომა ცხოვრებისეული მიზნების მისაღწევად.
მისი უახლოესი მეგობრები დღესაც ის ადამიანები არიან, ვისთან ერთადაც კორპუსის ეზოში ბურთს აგორებდა.
ეს ღირებულებები სწორედ იმ სახლში, მზრუნველი მშობლებისა და ძმების გარემოცვაში ჩამოყალიბდა. სწორედ ამან შეანარჩუნებინა მას თავმდაბლობა მაშინ, როდესაც 16 წლის ასაკში საყოველთაო აღიარება მოიპოვა.
პირველ წლებში მას ოჯახიდან 2000 კილომეტრის მოშორებით მოუწია ცხოვრება, რასაც დიდი სიმამაცე სჭირდებოდა. შემდეგ იყო ხელფასის მკვეთრი ზრდა, რაც შეგუებას მოითხოვდა. ცხოვრებაში პირველად, კვარაცხელია გამდიდრდა. და მერე მამა ავად გახდა, ძალიან მძიმედ. თინეიჯერი ფეხბურთელი მაშინვე სახლში გაფრინდა და გადაუდებელი, სიცოცხლის გადამრჩენი ოპერაცია დააფინანსა. ბადრი, მისი მამა, რომელიც ყოფილი ფეხბურთელია, დღემდე შვილის მთავარი გულშემატკივარი და საყრდენია
შემდეგ იყო რუბინში გადასვლა, სადაც ფეთქებადი ხასიათის გარემარბმა წარმატებას მიაღწია და რუსეთის პრემიერლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდო ზედიზედ ორ სეზონში მოიპოვა. ამის შემდეგ კი კიდევ ერთი დაბრკოლება, ამჯერად გეოპოლიტიკური. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებისთანავე, უცხოელ ფეხბურთელებს კონტრაქტები შეუჩერდათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ მათ სხვა კლუბებში გადასვლა შეეძლოთ.
მიუხედავად უფრო დიდი კლუბების ინტერესისა, კვარაცხელია საქართველოში დაბრუნდა, სანამ 2022 წელს ნაპოლი არ გამოჩნდა. ამბობენ, რომ აპენინის ნახევარკუნძულზე გატარებული სამი წლის განმავლობაში, როდესაც ნეაპოლში ვინმე ქართველი სადილობდა, მათ ევროს გადახდაც კი არ უწევდათ. იტალიაში გატარებული სამი წლის განმავლობაში, ხვიჩა კვარაცხელია უმაღლესი დონის შემტევ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, რომელიც ნაპოლის ტიტულებისკენ მიმავალი გზის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. ის იყო კვარადონა, ის იყო კვარავაჯო. მას თაყვანს ღმერთივით სცემდნენ. შემდეგ კი ტრანსფერი შედგა. დიდი ტრანსფერი. კარიერისთვის საბედისწერო გადაწყვეტილება.
როდესაც პსჟ-მა ის დაიმატა, ზოგმა გაოცებისგან წარბები ასწია, რადგან გუნდს უკვე ისედაც შთამბეჭდავი შემტევი ხაზი ჰყავდა, მაგრამ მან შემოიტანა სიღრმის, ვარსკვლავური ხარისხისა და ასევე სამუშაო ეთიკის ისეთი ნაზავი, რომელიც მთავარი ფაქტორი გახდა იმისა, რომ პარიზელებმა საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგა მოიგეს. ერთგვარად, ის ძველებური ტიპის ფრთის მოთამაშეა, რომელიც კიდესთან ახლოს თამაშობს და შეუძლია მეტოქე ოსტატობითა და სისწრაფის ცვლილებით ჩამოიშოროს. მაგრამ ის ასევე ბევრად ძლიერია და, შესაძლოა, მეტი გამძლეობაც აქვს, ვიდრე კლასიკურ, გამხდარ ფრთის მოთამაშეს. მას შეუძლია საკუთარი პოზიციის შენარჩუნება და, ლუის ენრიკეს პსჟ-სთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - დაცვაში დაუღალავად შრომობს.
აი, ეს განსხვავებაა ამჟამინდელ პსჟ-სა და მესი-მბაპე-ნეიმარის ეპოქის ვერსიას შორის. აქ ბევრად მეტი ბალანსია. ენრიკემ შეძლო და თავის ვარსკვლავ შემტევებს დაცვაში დაბრუნება და დახმარება მოსთხოვა. კვარა ამის გადამწყვეტი ნაწილი იყო. ნებისმიერი გუნდისთვის მთავარი ტიტულის მოსაგებად საჭიროა ცოტა იღბალი და ერთი ისეთი მოთამაშე, რომელიც სხვებზე ერთი საფეხურით მაღალ დონეზე თამაშობს. ამ სეზონში, ყოველ შემთხვევაში ფინალამდე, კვარა პსჟ-სთვის ზუსტად ასეთი ფეხბურთელი იყო. მოთამაშე, რომელსაც ბრწყინვალე გოლით ან ფინტებით მატჩის ბედის შეცვლა შეუძლია. მაგრამ ის ასევე არის ფეხბურთელი, რომელიც გუნდს ბალანსს ანიჭებს და საერთო მიზნისთვის ბოლომდე იხარჯება.
როდესაც ხვიჩა კვარაცხელია პარიზში წავიდა, ის ნეაპოლის პრინცი იყო. ახლა კი ის მზადაა, ტახტი დაიკავოს, როგორც მეფემ. - წერს ballondor.com
ოქროს ბურთის წლევანდელი, რიგით 70-ე საიუბილეო ცერემონია 26 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება.