Belive

რობერტო კარლოსი: "ფეხბურთი მეც თქვენსავით მენატრება"

3 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
სახლში ერთი დაუვიწყარი დღის ამსახველი ფოტო მაქვს. ფოტო 1996 წელსაა გადაღებული - როდესაც "რეალმა" შემიძინა. აქამდე, მადრიდში ნამყოფი არ ვიყავი. ქალაქში ჩაფრენისას, ჩემს საცხოვრებელში არ წავედი. არც ევროპის ყველაზე ჯადოსნური სტადიონი, სანტიაგო ბერნაბეუ დამითვალიერებია. ერთ-ერთი ესპანური გაზეთის ჟურნალისტებთან ერთად, სიბელესის სანახავად წავედი. სიბელესი მხოლოდ ფოტოებზე მქონდა ნანახი, თუმცა ვიცოდი, რომ ეს განსაკუთრებული ადგილი იყო. მოედნის ცენტრში, პატარა ფანტანი და ქალღმერთ სიბელეს ქანდაკებაა. ირგვლივ საოცარი შენობებია, როგორებიცაა ესპანეთის ბანკი და სიბელესის სასახლე. აქედან ქალაქის ნებისმიერ მნიშვნელოვან წერტილში მოხვდებით. მადრიდში მცხოვრები თითოეული ადამიანისთვის, სიბელესი ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია. თუმცა ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, სიბელესს სულ სხვა მნიშვნელობა აქვს. ეს არის ადგილი, სადაც მადრიდის რეალი და ესპანეთის ეროვნული ნაკრები მოგებულ ტიტულებს ზეიმობენ.
f7a1ffca-ap_03062303877

წარმოიდგინეთ, რომ რიო-დე-ჟანეიროში ჩახვედით და მაშინვე ქრისტეს ქანდაკება ნახეთ - ჩემთვის, სიბელესზე მისვლა ზუსტად იგივე მნიშვნელობას ატარებდა. ფოტო, რომელიც იქ გადამიღეს, დღესაც სახლში მაქვს. როდესაც ამ ფოტოს ვუყურებ, ვიხსენებ, თუ როგორი დაუჯერებელი ისტორია გადამხდა მადრიდის "რეალში." დღეს ამ გუნდის ინსტიტუციონალური ურთიერთობების დირექტორი ვარ, თუმცა სხვა ადამიანების მსგავსად, სამსახურში ვერ დავდივარ. ბოლო 1 თვის განმავლობაში, სახლიდან სულ 2-ჯერ გავედი და ორივეჯერ სუპერმარკეტში ვიყავი. მთელი დღის განმავლობაში, სახლში ყოფნით მე კედლებზე გასვლა მინდება. თუმცა ახლა მხოლოდ ამისი გაკეთებაა საჭირო. ორივეჯერ, როდესაც გარეთ გავედი, ქალაქი ვერც ვიცანი. ჩვეულებისამებრ, მადრიდში ხანშიშესული ადამიანები სეირნობენ, ბავშვები დარბიან, ოჯახები და მეგობრები ბარებსა და რესტორნებში სხედან. მადრიდში ყველაფერია, რასაც ინატრებთ: მზე, სპორტი, კულტურა, ღამის ცხოვრება, საჭმელი... კი, განსაკუთრებით საჭმელი! ეს სულ სხვა სამყაროა. თქვენ ხომ იცით, კარგად ცხოვრება რას ნიშნავს? თუმცა ახლა ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ქუჩები სრულიად ცარიელია. ასეთი მადრიდი ჯერ არასოდეს მინახავს. ვირუსი ჩემს ოჯახს არ შეხებია, თუმცა ვდარდობ იმ ადამიანებზე, რომლებიც მსხვერპლებად იქცნენ. ზოგიერთ მათგანს ვიცნობდი კიდეც. ალბათ გაიგებდით, ვირუსმა "რეალის" ყოფილი პრეზიდენტი, ლორენცო სანსი იმსხვერპლა. სწორედ მან მიმიყვანა გუნდში, ის 76 წლის იყო. მისი გამოჯანმრთელებისთვის ვლოცულობდი, თუმცა მას ჯანმრთელობის მხრივ, არაერთი პრობლემა ჰქონდა. ლორენცო პრეზიდენტი იყო, თუმცა უპირველეს ყოვლისა, ის გუნდის უდიდესი გულშემატკივარი იყო.მას "რეალი" უზომოდ უყვარდა. ის გვპატიობდა მარცხს და პირველი იყო, ვინც ჩვენს გამარჯვებას ზეიმობდა. ჩვენს ის მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე გვიყვარდა, ის ჩვენთვის მამასავით იყო.

"რეალში" თამაში ძალიან დიდ წნეხს ნიშნავს: როდესაც "ბერნაბეუზე," 80,000 გულშემატკივარის წინაშე ვითამაშე, ჩემთვის ვიფიქრე: ჰმმ,აქ რას ვაკეთებ? შეცდომა რომ დავუშვა, რა მოხდება? შემეშინდა! თუმცა ამ წნეხს შევეჩვიე. მახსენდება ჩემპიონთა ლიგის ფინალი ტურინის "იუვენტუსის" წინააღმდეგ. უზომოდ ვნერვიულობდი, მაგრამ ერთი სული მქონდა, მოედანზე როდის გავიდოდი. "იუვეს" ბევრი შანსი ჰქონდა, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვეთ (1:0). ჩვენ თამაშის ხარისხით კი არა, არამედ მოტივაციით გავიმარჯვეთ - გამარჯვება ჩვენ უფრო გვწყუროდა. შემდეგ სიბელესზე წავედით - ქუჩები ათიათასობით გულშემატკივარით იყო სავსე, მათ თეთრი მაისურები ეცვათ, მღეროდნენ და ზეიმობდნენ. ის ღამე არასოდეს დამავიწყდება.
"რეალის" შემადგენლობაში ბოლოს 2007 წლის 17 ივნისს ვითამაშეთ. "ბერნაბეუზე" "მალიორკას" ვეთამაშებოდით. სეზონის ბოლო მატჩი იყო - "ბარსელონა" პარალელურად "ხიმნასტიკს" ეთამაშებოდა. ორივე გუნდს თანაბარი ქულები გვქონდა, თუმცა ურთიერთშეხვედრების უპირატესობით, ჩვენ პირველ ადგილზე ვიყავით. პირველ ტაიმში 1:0 დავმარცხდით, თუმცა საბოლოოდ, ანგარიშით 3:1 გავიმარჯვეთ. ეს დაუჯერებელი გამარჯვება იყო. ყველამ იცოდა, რომ ეს ჩემი ბოლო მატჩი იყო. გუნდს დევიდ ბექჰემიც ემშვიდობებოდა. ხალხისგან უდიდესი სიყვარული ვიგრძენი და მივხვდი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ვიყავი მათთვის. სწორედ ამიტომ მასევდიანებს მიმდინარე მოვლენები. თუმცა ოპტიმიზმი მთავარია - თავი მაღლა უნდა ავწიოთ და წინ ვიყუროთ, საკუთარი ძალების ვირწმუნოთ, მოვითმინოთ და სხვა ადამიანებს ხელი შევაშველოთ. კორონავირუსმა ერთ რამეს მიგვახვედრა: ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც ჩვენი სისუსტეები გვაქვს. ჩვენ ვიაზრებთ, თუ ვინ არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი და ვხვდებით, ასეთ მომენტებში თითოეულ სიტყვას რამხელა მნიშვნელობა აქვს. თქვენსავით, მეც ფეხბურთი მენატრება. ველოდები იმ დღეს, როდესაც "რეალი" სიბელესზე მორიგ ტიტულს ასწევს. თუმცა მანამდე, მინდა მადრიდის ქუჩები ხალხით გაივსოს. ჩვენ სწორედ ეს გამარჯვება გვჭირდება.    

სხვა სტატიები