Belive

რიჩარდ კეისი | უღირსი საქციელის გამო მანჩესტერი უნდა დაისაჯოს

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ოთხეულში მოსახვედრად "ლესტერი", "ჩელსი", "ლივერპული" და "ვესტ ჰემი" იბრძვიან. ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე ასპარეზობის უფლება "მანჩესტერ სიტიმ" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" უკვე გაინაღდეს - მესამე და მეოთხე ადგილისათვის კი მედგარი ბრძოლა გაიმართება. თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის უკანასკნელმა გადაწყვეტილებამ საფეხბურთო მიმომხილველების აღშფოთება გამოიწვია. "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლესტერის" მატჩი უდიდესი ინტერესის მატარებელი აღმოჩნდა. იმ შემთხვევაში, თუ "ლესტერი" "ოლდ ტრაფორდზე" გამარჯვებას შეძლებდა, ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსებს მკვეთრად გაიუმჯობესებდა - "ლივერპული" კი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. ოლე გუნარ სოლსკიაერმა "ლესტერთან" გასამართი მატჩის წინ, 10 ძირითად შემადგენლობაში 10 ცვლილება განახორციელა და "მელიების" წინააღმდეგ ექსპერიმენტული შემადგენლობა გამოიყვანა. მოლოდინისამებრ, "მანჩესტერ იუნაიტედის" გადახალისებული შემადგენლობა "ლესტერთან" 1:2 დამარცხდა. სტუმრებმა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვეს, რითიც "ლივერპულის" შანსები მინიმუმამდე დავიდა. "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლესტერის" მატჩის დასრულების შემდეგ, beIN SPORTS-ის ეთერში, რიჩარდ კეისმა და ენდი გრეიმ ოლე გუნარ სოლსკიაერის ქმედება დაგმეს. საფეხბურთო მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" უღირსი საქციელი ჩაიდინა, რომელმაც შესაძლოა "ლივერპულის" არა მხოლოდ უახლოეს, არამედ მომდევნო რამდენიმე წლის გეგმებზე იქონიოს გავლენა. კეისი მიიჩნევს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ სადისციპლინო საქმისწარმოება უნდა დაიწყოს. რიჩარდ კეისი ასევე აღნიშნავს, რომ სამართლიანობა მოითხოვს, რომ სოლსკიაერმა "ლივერპულის" წინააღმდეგაც ანალოგიურად, ექსპერიმენტული შემადგენლობა დააყენოს.

შეგახსენებთ, პრემიერ ლიგის 34-ე ტურის გადადებული შეხვედრა "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლივერპულს" შორის 13 მაისს, თბილისის დროით 23:15 საათზე გაიმართება. იმ შემთხვევაში, თუ მერსისაიდული გრანდი "ოლდ ტრაფორდზე" ვერ გაიმარჯვებს, ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსს პრაქტიკულად დაკარგავს.

სხვა სტატიები