Belive

რეინჯერსთან 18-ქულიანი ჩამორჩენის გამო, სელტიკის მწვრთნელმა გუნდი დატოვა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"სელტიკს" მთავარი მწვრთნელი აღარ ჰყავს - ნილ ლენონმა გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება სატურნირო ცხრილის ქვედა პოზიციაზე მყოფ "როს ქანთრისთან" მარცხის შემდეგ მიიღო. მარცხის შედეგად, "სელტიკი" მთავარ კონკურენტს და ისტორიულ მეტოქეს, "რეინჯერსს" 18 ქულით ჩამორჩება. უნდა ითქვას, რომ ლენონის წასვლა "სელტიკში" მიმდინარე სისტემური ცვლილებების ნაწილია: გუნდს ტოვებს პიტერ ლოუელი - ადამიანი, რომელიც გუნდის სათავეში 17 წლის განმავლობაში იყო. როგორც ცნობილია, ლოუელს შოტლანდიის რაგბის კავშირის ოპერაციების დირექტორი, დომინიკ მაქქეი ჩაანაცვლებს. გუნდის რესტრუქტურიზაციის პროცესში, სპორტული დირექტორის ჩანაცვლებაც იგეგმება.

ნილ ლენონის წასვლის მიზეზები

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს სეზონი "სელტიკისთვის" კატასტროფული გამოდგა: გუნდი ჩემპიონთა ლიგას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოემშვიდობა, რაც 2005/2006 წლების სეზონის შემდეგ, პირველად მოხდა. გლაზგოურმა კლუბმა წარმატებას ვერც ევროპა ლიგაზე მიაღწია: "სელტიკმა" ჯგუფში ბოლო პოზიცია დაიკავა და თითოეულ მატჩში, საშუალოდ, 3-ზე მეტ გოლს უშვებდა.
"მდგომარეობის გამოსასწორებლად, უდიდეს ძალისხმევას ვდებდი, თუმცა ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, ურთულესი სეზონი გამოდგა. სელტიკი ჩემი ცხოვრების ნაწილია და ყოველთვის ამ გუნდის გულშემატკივრად დავრჩები", - აღნიშნა ლენონმა.

მიაღწია თუ არა რაიმე წარმატებას ლენონმა სელტიკში?

მიმდინარე სეზონის შედეგები, ლენონის მიერ გატარებულ პერიოდს "სელტიკში" ზუსტად არ ასახავს. ლენონი გუნდს 2018/19 წლების სეზონში მას შემდეგ შეუერთდა, რაც ბრენდან როჯერსმა, სეზონის შუაგულში, "ლესტერში" წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული სეზონი ლენონმა ტრებლის მოგებით დაასრულა და მომდევნო წელსაც ანალოგიური შედეგი დააფიქსირა.

ვინ ჩაიბარებს სელტიკს?

"სელტიკმა" დაადასტურა, რომ გუნდს დროებით ლენონის ასისტენტი, ჯონ კენედი ჩაიბარებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ ჩაანაცვლებს ლენონს.

სხვა სტატიები