Belive

რეალმა დაადასტურა, რომ ბენზემა გუნდს დატოვებს

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, კარიმ ბენზემა ,,რეალს'' დატოვებს. ინფორმაციას მადრიდული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

,,ბენზემა ,,რეალში'' 2009 წელს, 21 წლის ასაკაში გადმოვიდა. ის ჩვენი ისტორიის ამ ოქროს ხანაში გუნდის მთავარი ფეხბურთელი იყო. 14 სეზონის განმავლობაში მან 25 ტიტული მოიგო, რაც რეკორდული მაჩვენებელია: 5 ჩემპიონთა ლიგა, 5 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 4 ევროპის სუპერთასი, 4 ლა ლიგა, 3 ესპანეთის თასი და 4 სუპერთასი.

კარიმი ,,რეალის'' ისტორიაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით (647) მეხუთე, გატანილი გოლების რაოდენობით (353) კი მეორე ფეხბურთელია. მისი კარიერა ჩვენს გუნდში პროფესიონალიზმის მაგალითია. მადრიდისტები მთელი მსოფლიოდან მისი ჯადოსნური და უნიკალური თამაშის ყურებით ტკბებოდნენ.

,,რეალი'' ყოველთვის იყო და იქნება მისი სახლი. მას და მის ოჯახს ცხოვრების ახალ ეტაპზე ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ,'' წერია განცხადებაში.

,,რეალი'' სეზონის ბოლო შეხვედრას დღეს, ,,ბილბაოს'' წინააღმდეგ ჩაატარებს. ბენზემასთან გამოსამშვიდობებელი ცერემონიალი 6 ივნისსაა ჩანიშნული.