რატომ არ ისურვა რეალმა მუნიოსის €8 მილიონად დამატება, როცა ლივერპულმა მასში €40 მლნ. გადაიხადა?
ხუთშაბათს ლივერპულმა ოფიციალურად დაადასტურა ოსასუნასა და ესპანეთის ნაკრების ვინგერის, ვიქტორ მუნიოსის ტრანსფერი, რისთვისაც კლუბმა მისი კონტრაქტით გათვალისწინებული 40-მილიონიანი გამოსასყიდი პუნქტი გაააქტიურა და ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ნიუკასლს აჯობა. არადა, მიმდინარე ზაფხულს, მადრიდის რეალს 22 წლის მოთამაშის შეძენა 8 მილიონ ევროდ შეეძლო, თუმცა კლუბმა ამაზე უარი თქვა. თანაც, ამ 40 მილიონიდან, ნახევარი რეალის ბიუჯეტს შეავსებს. და ეს როგორ? - ყველაფერს დეტალურად მოგიყვებით.
გასულ ივლისს, რეალმა მუნიოსი ოსასუნაში 5 მილიონ ევროდ გაყიდა. იმ შეთანხმებაში ჩადებული იყო გამოსყიდვის რამდენიმე პირობა, რომლებიც პირველი სამი სეზონის განმავლობაში იქნებოდა ძალაში.
პირველი პირობა სწორედ მიმდინარე ზაფხულს აქტიურდებოდა და 8 მილიონ ევროს შეადგენდა.
როდესაც რეალმა მუნიოსი ოსასუნაში გაასხვისა, მას პირველ გუნდში სულ 4 შეხვედრა (ჯამში 47 წუთი) ჰქონდა ნათამაშები. მათ შორის იყო მისი დებიუტი 2025 წლის მაისში, როდესაც ბარსელონასთან 3:4 წაგებულ მატჩში 88-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. მაშინ მუნიოსს ანგარიშის გათანაბრების ბრწყინვალე შანსი ჰქონდა, თუმცა ბურთი კარს ააცილა.
დიახ, ამ დისტანციიდან ააცილა.
თუმცა, 2025-26 წლების სეზონში ოსასუნაში მისი პროგრესი თავბრუდამხვევი აღმოჩნდა. მუნიოსი ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად იქცა, მარტში ნაკრებში დებიუტიც ჰქონდა და ბარსელონას ყურადღებაც მიიპყრო - სადაც, სხვათა შორის, ბავშვობაში 3 წელი ჰქონდა გატარებული (2014-2017 წლებში).
საბოლოოდ ბარსას ინტერესი განელდა, რაშიც დიდი როლი რეალის პოზიციამ ითამაშა. მადრიდში არ ისურვებდნენ, რომ მუნიოსი მათ პირდაპირ კონკურენტთან აღმოჩენილიყო (მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორი ბარსელონაში დაიბადა, გაიზარდა და რეალში მხოლოდ 2021 წელს, 18 წლის ასაკში მოვიდა).
თეორიულად, ბარსელონას რომ მუნიოსის 40-მილიონიანი პუნქტის გააქტიურება დაეპირებინა, რეალს შეეძლო პროცესში ჩარეულიყო და გამოეყენებინა შესაძლებლობა - ფეხბურთელი 8 მილიონად შეეძინა.
როგორც The Athletic წერს, რეალში მისი დაბრუნების მომხრე ბევრი იყო: მათ მოსწონდათ იდეა, რომ გუნდს აკადემიის აღზრდილი, თანაც ესპანელი ვინგერი შეემატებოდა - ამ პოზიციაზე კლუბის შემადგენლობას სიღრმე აკლია.
მას შემდეგ, რაც გუნდში ჟოზე მოურინიო დაინიშნა და მომავალი სეზონის სატრანსფერო გეგმები განიხილეს, ნათელი გახდა, რომ მუნიოსის დაბრუნება კლუბისთვის პრიორიტეტი აღარ იყო. თანაც, ასპარეზზე პრემიერლიგის კლუბები გამოჩნდნენ და ყველაფერი იქითკენ წავიდა, რომ ვიქტორი ინგლისში აღმოჩნდებოდა.
კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც რეალმა მუნიოსი არ დაიბრუნა, ფინანსებია. შარშანდელი გარიგებით, რეალს მისი მომავალი გაყიდვიდან 50% ეკუთვნოდა. შესაბამისად, რადგან ლივერპულმა მისი გამოსასყიდი პუნქტი (40 მლნ) გააქტიურა, რეალს აქედან 20 მილიონი ევრო ერგება. კლუბის დირექტორთა საბჭომ მიიჩნია, რომ იმ ფეხბურთელში, რომელმაც პირველ გუნდში მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა, ჯამში 26 მილიონი ევროს მიღება (ოსასუნაში ტრანსფერის და ბონუსის ჩათვლით), შესანიშნავი გარიგებაა.
როგორც ჩანს, მოურინიოს მიაჩნია, რომ ვინგერების პოზიცია რეალში საკმარისად შევსებულია. ვინისიუს ჟუნიორი, როდრიგო (რომელიც ამჟამად ტრავმას იშუშებს), ბრაჰიმ დიასი, ფრანკო მასტანტუონო და ენდრიკი ის შემტევები არიან, რომლებსაც ფლანგზე თამაში შეუძლიათ. თავდაპირველად, ენდრიკი ფლანგის მოთამაშედ არ განიხილებოდა, თუმცა ლიონში იჯარით თამაშისას მას მარჯვენა ფლანგი ეკავა. გარდა ამისა, ფლანგზე თამაში ახლადმოსულ ბერნარდუ სილვასაც შეუძლია.
რადგან სხვა სატრანსფერო პრიორიტეტები დაისახა, რეალმა უფასოდ გაიფორმა იბრაჰიმა კონატე და ბერნარდუ სილვა (ორივე თავისუფალი აგენტი), მარკ კუკურელიას ტრანსფერში 60 მილიონი ევრო გადაიხადა და მზადაა, ინტერის მარჯვენა მცველის, დენზელ დუმფრისის სანაცვლოდ 20 მილიონი გადაიხადოს.
რეალის მიდგომა ფინანსურად გამართლებულია, თუმცა ამ ხედვას ყველა მარტივად არ უყურებს: თუკი რეალის აკადემიის წევრი ხარ, რაც უნდა კარგად ითამაშო სხვაგან, რეალის პირველ გუნდში მოხვედრა მაინც ურთულეს ამოცანად რჩება.