Belive

რას წერდა პრესა? დინამო თბილისი 2:1 ბაიერნი

3 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
"დინამო თბილისი" საბჭოთა კავშირის პერიოდში ევროპის ტოპ გუნდებს შორის მოიაზრებოდა. ამიტომაც საინტერესოა თუ რას წერდნენ დინამოელებზე ადგილობრივი და საერთაშორისო პრესა, რას ამბობდნენ ცნობილი ადამიანები. საარქივო მასალებზე დაყრდნობით Live.ge გთავაზობთ რუბრიკას "რას წერდა პრესა?". აქ თქვენ ნახავთ დინამოელთა ცნობილი თუ უცნობი, წარმატებული თუ წარუმატებელი მატჩების შეფასებას  

მადრიდის ოთხთა ტურნირი

დინამო 2:1 ბაიერნი

მადრიდი, "სანტიაგო ბერნაბეუ" 1981 წლის 3 სექტემბერი

გოლები: შენგელია (2) - ბრაიტნერი

ეს გახლდათ სკანდალური მატჩი მესამე ადგილისთვის, "ბაიერნის" შემადგენლობაში მსოფლიო ფეხბურთის ისეთი ვარსკვლავები თამაშობდნენ როგორებიც რუმენიგე, ჰიონესი და ბრაიტნერი იყვნენ. ნახევარფინალურ მატჩში მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა ანხელმა დავით ყიფიანს საბედისწერო ტრავმა მიაყენა, ეს კარგად იცოდა "ბაიერნთან" მატჩის მთავარმა მსაჯმა პერესმა, ამიტომ მატჩის დაწყებამდე მან ორივე გუნდის კაპიტანი მოიხმო და სიფრთხილისკენ მოუწოდა. 43-ე წუთზე დინამოელები შენგელიას დუბლით იგებდნენ, როდესაც ბრაიტნერმა, რომელმაც გატანილი გოლის მიუხედავად თბილისელებთან ვერაფერი გააწყო წითელი ბარათი მიიღო. ასევე წითელი ბარათი დაიმსახურა მასთან გამოსაქომაგებლად მისულმა რუმენიგემ. ამით გაბრაზებულმა გერმანელებმა მოედანი თვითნებურად დატოვეს. დინამოელებმა მეტოქეს ცოტა ხანი დაუცადეს, შემდეგ კი ტაშის გრიალის ფონზე თავადაც გასახდელს მიაშურეს. ამის შემდეგ "ბაიერნმა" ბოდიში მოიხადა, თუმცა არბიტრმა მატჩის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და მოგება "დინამოს" დარჩა.

გაზეთი "მარკა"

თამაშისა და სპორტულობის გაკვეთილი გვიჩვენეს თბილისელებმა, სწორედ ამიტომ "ბერნაბეუს" ტრიბუნებმა მქუხარე ოვაციებით გააცილეს დინამოელები.  

გაზეთი "ლელო"

პირველი ათი წუთის მანძილზე გერმანელები სასწაულებრივად გადაურჩნენ შენგელიას ხუთ დარტყმას. რამაზი ორჯერ გავიდა მეკარესთან პირისპირ. პირველად ბურთი მოხვდა ძელს, მეორედ წაქცეულ მცველს. პირველი ტაიმის 10-15 წუთის მანძილზე "ბაიერნის" ფეხბურთელებმა ვერა და ვერ მოიგდეს ბურთი. ამან წონასწორობიდან გამოიყვანა გერმანელი ფეხბურთელები. მართალია, ქართველი მეტოქეების მიმართ მათ უხეშობა არ გამოუჩენიათ, მაგრამ არბიტრს კი გაუწყალეს გული.

გაზეთი "ია"

მიუნხენის "ბაიერნის" მოთამაშეებმა, ჩვენთვის ყოვლად გაუგებარი მიზეზის გამო, ეტყობა ხელი ჩაიქნიეს და თავად გადაიწურეს იმედი თბილისელთა ბრწყინვალე ანსამბლთან თამაშში. ამიტომაც იყო რომ მათ ნერვებმა უმტყუნა.

გივი ჩოხელი (ვეტერანი ფეხბურთელი)

მართლაც გასაოცარია ბრაიტნერისა და რუმენიგეს საქციელი იმ მატჩში. ყოველი ფეხბურთელისთვის უპირველესი მცნებაა ბოლომდე ითამაშოს მატჩი მიუხედავად იმისა თუ რა მოხდება მინდორზე. ღირსეულად ეჭიროს თავი, როგორც ეს შეშვენის სპორტსმენს - ძლიერ, მოხერხებულ, გულად ადამიანს, ვაჟკაც კაცს. ასეთები იყვნენ და ასე დარჩნენ ხსოვნაში ჩემი ძველი დინამოელები და ასეთები არიან ახალი თაობა, თასების თასის მფლობელები, ისინი შევლენ საბჭოთა სპორტის ისტორიაში.

ანატოლი კარპოვი (მოჭადრაკე, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი)

მინდა "დინამოს" მოგვიანებით მივულოცო თასების მფლობელთა თასის მოგება, ეს წელი ჩემთვისაც და მათთვისაც წარმატებული აღმოჩნდა. მინდა ვურჩიო დინამოელებს: ასე გააგრძელეთ, ჩემპიონთა წინააღმდეგ ყველა განსაკუთრებით მონდომებულია, ასე რომ მათ რთული გზა ელით საერთაშორისო ასპარეზზე, თუმცა ამიერიდან ყოველი გამარჯვება წინაზე უფრო წონიანი იქნება.  

სხვა სტატიები