Belive

რამაზ სვანაძე: "კარგი მატჩის მიუხედავად, ბელგიასთან სიფრთხილე და კონცენტრაცია გვმართებს"

10 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

21-წლამდელთა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში ბელგიის ნაკრებთან დაპირისპირების წინ, საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

"ტურნირის ყველა შეხვედრა რთული იქნება და ბელგიასთანაც რთულ მატჩს ველოდები. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიასთან კარგი თამაში ვაჩვენეთ, ბევრი რამ გამოსასწორებელი გვაქვს - პირველ რიგში შეტევის ხაზში.

გარკვეული სირთულე ის არის, რომ 72-საათში ერთხელ მატჩის ჩატარება გვიწევს, ჩვენ კი ბევრი ფეხბურთელი არ გვყავს, რომელიც ასეთ რეჟიმში თამაშსაა მიჩვეული. მთავარია, ერთსულოვნება და გუნდური სულისკვეთება შევინარჩუნოთ.

ბელგიის ნაკრები დაბალანსებული, ტაქტიკურად გამართული და ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი გუნდია. ჩვენ ჯგუფში ისეთი მეტოქეები გვყავს, რომლებიც შეცდომებს არ გპატიობენ, შესაბამისად მაქსიმალური სიფრთხილე და კონცენტრაცია გვმართებს.

რაც შეეხება მეკარის პოზიციას, პორტუგალიასთან ლუკა კუტალაძემ ძალიან კარგი თამაში ჩაატარა, მაგრამ ჩვენი პირველი ნომერი გიორგი მამარდაშვილია და ბელგიასთან სწორედ ის ითამაშებს.

ჩვენ ერთი მთლიანი გუნდი ვართ, შესაბამისად არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ შემადგენლობაში შეცვლების განხორციელებამ გუნდის არევა გამოიწვიოს. ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც ბოლოს შემოგვემატა, ჩვენთან ერთად აქამდეც თამაშობდა და კარგად იცის, თუ რა მოთხოვნები გვაქვს", - თქვა რამაზ სვანაძემ.

საქართველოსა და ბელგიის ნაკრებების შეხვედრა A ჯგუფის ეგიდით 24 ივნისს, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები