Belive

რაჰიმ სტერლინგს პატიმრობა ემუქრება

1 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ინგლისის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, რაჰიმ სტერლინგს, მანქანის სახიფათო მართვისა და აზოტის ოქსიდის ფლობის ბრალდებებზე დანაშაულის აღიარების შემდეგ, შესაძლოა, პატიმრობა შეეფარდოს. 31 წლის ფეხბურთელი, აზოტის ოქსიდის ზემოქმედების ქვეშ ლამბორჯინის მართავდა და სახიფათოდ გადაადგილდებოდა. მან მანქანაზე კონტროლი დაკარგა და გზიდან გადავიდა. შემთხვევა ერთ-ერთ ავტომაგისტრალზე მოხდა, სადაც სტერლინგმა გზიდან გადაუხვია და მეტალის ღობეს შეეჯახა. სტერლინგმა სამშაბათს წაყენებულ რამდენიმე სისხლის სამართლის ბრალდებაში, თავი დამნაშავედ ცნო.

"აზოტის ოქსიდი ანელებს ტვინის ფუნქციონირებას, სხეულის რეაქციებს და შესაძლოა, გამოიწვიოს აღქმის დარღვევაც. მათ შორის - ჰალუცინაციები. ეს ყველაფერი კი ზრდის ავტოსაზგზაო შემთხვევების რისკს." - ნათქვამია ბრალდებაში.

სტერლინგის დაცვის მხარე აცხადებს, რომ დანაშაულის ადრეულ ეტაპზე აღიარება ფეხბურთელის სასარგებლოდ უნდა ჩაითვალოს. მას შეიძლება, პირობითი სასჯელი შეეფარდოს რაც იმას ნიშნავს, რომ თუ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, დანაშაულს არ ჩაიდენს, პატიმრობას გადაურჩება. თუმცა, პროკურატურის პოზიციით, სახიფათო მართვასთან დაკავშირებული საქმის დამამძიმებელი გარემოებების ათი შესაძლო კრიტერიუმიდან, სტერლინგის საქმეში შვიდი იკვეთება. მათ შორისაა, სახიფათოდ მართვის ხანგრძლივი პერიოდი, სხვა ადამიანებისთვის შექმნილი საფრთხე და აკრძალული ნივთიერების დიდი ხნის განმავლობაში გამოყენება.

სტერლინგი, რომელიც მანამდე ნასამართლევი არ ყოფილა, ავტომობილის მართვა დროებით აეკრძალა. მას ასევე განუცხადეს, რომ საქმე შესაძლოა, იმდენად სერიოზულად წარიმართოს, რომ უფრო მაღალი სასჯელის კვალიფიკაციის მქონე, ვინჩესტერის სამეფო სასამართლოს გადაეცეს.