რა და რატომ ჩააცვეს მესის?
მსოფლიო ჩემპიონატი ლიონელ მესისა და არგენტინის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში GOAT-ად წოდებულმა (აკრონიმი: ყველა დროის საუკეთესო) ლიონელ მესიმ დუბლი შეასრულა და თერთმეტმეტრიან სერიაშიც შეძლო ლორისის კარის აღება. თასის აწევის მომენტში, თითქმის ყველა გულშემატკივარმა ერთი და იმავე კითხვა დასვა: რა აცვია ლეოს?
მსოფლიო ჩემპიონატის თასი, არგენტინის კაპიტანს, ფიფა-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ და კატარის ამირამ, თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანიმ გადასცეს. თუმცა მანამდე, კატარის ამირამ მესის მხრებზე სამოსი, სახელწოდებით ბიშტი მოაცვა.
რა არის ბიშტი?
ბიშტი არაბულ სამყაროში გავრცელებული ცნობილი სამოსია, რომლის ისტორიაც ათასობით წელს ითვლის. ის არის ტრადიციული, მამაკაცის მოსასხამი, რომელსაც ძირითადად, ქორწილებსა და რელიგიურ ფესტივალებზე ატარებენ.
ბიშტს დამატებითი მნიშვნელობაც გააჩნია: ძირითადად, მას ქვეყნის მეთაურები ან მუსლიმური სამყაროს რელიგიური მოღვაწეები ატარებენ. იგი სამეფო კართან, სიმდიდრესთან და სხვა საცერემონიო მომენტებთან არის დაკავშირებული.
ბიშტის ტარების შესაძლებლობა ყველას არ აქვს - შესაბამისად, მესისთვის მისი გადაცემა დიდი პატივის მიგებას ნიშნავდა. მეორე მხრივ, კატარის ამირას ჟესტი მისი ქვეყნისა და არაბული სამყაროს კულტურის წარმოჩენის იდეალური საშუალება გახლდათ, რასაც საზოგადოების ნაწილი კრიტიკითაც შეხვდა.
"საოცარი სცენები იყო, დრონით გადაღებული კადრები და მსოფლიო ჩემპიონატის მესამედ მომგები არგენტინელების მოზეიმე ფოტოები... თუმცა მეორე მხრივ, მათ მესის არგენტინის მაისური დაუფარეს და ეს სირცხვილია", - თქვა გარი ლინიკერმა BBC-სთან საუბრისას.