Belive

ქვილითაია: "რთული პერიოდი გამოვიარე, იმედია სიძნელეები დასრულდა" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გიორგი ქვილითაია ფორმაში შედის. ქართველმა თავდამსხმელმა, რომელიც ტრავმირებული რომან იარემჩუკის არყოფნაში "გენტის" ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა, ზედიზედ სამ შეხვედრაში საგოლე გადაცემით გამოირჩა და 1 გოლის გატანა თავადაც შეძლო. "სენტ უიდენთან" 4:1 მოგებულ შეხვედრაში მოპოვებული პენალტისა და ზუსტი თავურით, სეზონში პირველი გოლის გატანის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფორვარდმა "ბუფალოების" პრესსამსხურთან კომენტარი გააკეთა. "რთული პერიოდი გამოვიარე. როცა თავდამსხმელი ხარ და გოლის გატანას ვერ ახერხებ, ეს მარტივი ნამდვილად არ არის, შენი თავდაჯერება იკლებს. იმედია, ამით ჩემი ძნელი პერიოდი დასრულდება და წარმატებულად თამაშს გავაგრძელებ. გოლის ეპიზოდში კუმსისგან შესანიშნავი გადაცემა მივიღე, ისღა დამრჩენოდა ავმხტარიყავი და თავი ზუსტად დამეხვედრებინა", - თქვა 26 წლის ქართველმა თავდამსხმელმა. "ქვილითაიას" გარდა, გამორჩეული იყო გიორგი ჩაკვეტაძეც, რომელსაც სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჰქონდა და საგოლე გადაცემის გაკეთებაც მოახერხა. ქართველების გუნდს ბელგიის ჩემპიონატში 55 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ ლიეჟის "სტანდარტს" 7 პუნქტით აღემატება. შემდეგ შეხვედრას "გენტი" 1 მარტს, "სერკლ ბრიუგესთან" სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები